მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირების წევრობის ბარათი – გზა ცხოვრების უფრო მაღალი სტანდარტისაკენ

91   ის ფაქტი, რომ ფასები სხვადასხვა პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე, რაც აუცილებელია ცხოვრების მინიმალური სტანდარტის შესაქმნელად, საქართველოში მოსახლეობის შემოსავალთან შედარებით საკმაოდ მაღალია, სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს. არც ის გაუკვირდება ვინმეს, რომ ეს ფასები არ არის სტაბილური და მუდმივად იზრდება. ამას თავისი წარმომშობი სერიოზული მიზეზები აქვს – დღეს უკვე კატასტროფულად მიზერულია ადგილობრივი წარმოება და მოსახლეობა ძირითადად იმპორტულ საკვებსა და საქონელს, მედიკამენტებსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას მოიხმარს, ბაზარზე უფრო და უფრო მეტი ტრანსნაციონალური კერძო კომპანია ჩნდება და ანაცვლებს ადგილობრივ თუ უცხოურ წვრილ მოვაჭრეებს, ზრდის რა სტანდარტს „საერთაშორისო ხარისხის“ შესაბამისად და შემდეგ, ფასებსაც. ამ პროცესის პარალელურად, არ ხდება დასაქმების ზრდა, ხოლო რეალური ხელფასის ზრდის ტემპი სულ უფრო და უფრო მეტად ჩამორჩება შრომის პროდუქტიულობის ზრდის მაჩვენებელს. შესაბამისად, არ არის სახეზე ეკონომიკური ზრდაც, რომელიც ვერ განხორციელდება უმუშევრობის შემცირების და რეალური ხელფასების ადექვატური ზრდის გარეშე. მომსახურების სხვა სფეროებში არსებული ფასები, ასევე შეუსაბამოა ქართველი მოსახლის საშუალო ხელფასთან შედარებით. არსებული ეკონომიკური სისტემა, რეალურ ხელფასსა და სამომხმარებლო ფასების მატებას შორის ქრონიკულად მზარდი სხვაობის დაბალანსების ერთად-ერთ გზად მშრომელებს საბანკო სესხის აღებას სთავაზობს, რაც იწვევს მოსახლეობის სწრაფ გაღარიბებას და კაბალური პირობების მარწუხებში ხანგრძლივად (თუ მუდმივად არა) არსებობას. ოჯახების უმრავლესობა საკუთარ ხელფასებსა და დანაზოგებს უმეტესად კვებასა და კომუნალურ გადასახადებში, ტრანსპორტში ხარჯავს; ძვირია მედიკამენტები და სწავლის საფასური. საზოგადოების დიდი ნაწილისათვის ისეთი მომსახურებებით სარგებლობა, როგორიცაა ცხოვრების ჯანსაღი წესის შენარჩუნებისთვის აუცილებელი პირობები, ჩაცმა, გართობა, მოგზაურობა და ასე შემდეგ,  იშვიათ ფუფუნებას წარმოადგენს და ძირითადად ეს ყველაფერი მხოლოდ მცირერიცხოვანი მაღალი კლასის პრეროგატივად რჩება. ამას ემატება მუდმივი ფინანსური კრიზისების შედეგად მსყიდველუნარიანობის ინტენსიური კლებაც და ვიღებთ სურათს, სადაც საშუალოზე მაღალი ხელფასიც კი უუნაროა უზრუნველყოს მოსახლეობისათვის ღირსეული ცხოვრების პირობები.

ამ ფონზე, სამწუხაროდ არ არის საკმარისი არც სახელმწიფოს მცდელობები, განახორციელოს სხვადასხვა სოციალური პროექტები საყოველთაო ჯანდაცვისა თუ უფასო სასკოლო წიგნების დანერგვის სახით. ინიციატივა იმის შესახებ, რომ მშრომელთა დიდმა ნაწილმა, რომელიც გაერთიანებულია პროფესიულ კავშირებში, სხვადასხვა მომსახურებით შეღავათიან ფასებში ისარგებლოს, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების პრეზიდენტს, ირაკლი პეტრიაშვილს ეკუთვნის. ამ იდეის განხორციელება “Barati.ge”-სთან თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი. შედარებით ახალი პროექტი “Barati.ge” დაახლოებით ერთი წელია რაც არსებობს და 33 სხვადასხვა კომპანიასთან აქვს შეთანხმება ფასდაკლებების თაობაზე, მოიცავს მომსახურების ყველა სფეროს : ბენზინგასამართ სადგურებს, დაზღვევასა და ფინანსებს, აფთიაქებსა და კლინიკებს,  საყოფაცხოვრებო და ტექნიკის მაღაზიებს, რესტორნებსა და კაფე-ბარებს, ავტოსალონებსა და ავტონაწილების მაღაზიებს,  ასევე სპორტულ და ტანსაცმლის;  სამკაულებისა და აქსესუარების მაღაზიებს, სასტუმროებს, ტურისტულ სააგენტოებს,  სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებს. logo_barati1

1 ნოემბრიდან, პროფკავშირების ყველა წევრს შეუძლია ისარგებლოს პროფკავშირების წევრობის ახალი ბარათით, რომელიც ამავდროულად ფასდაკლების ბარათს წარმოადგენს მომსახურების სხვადასხვა სფეროში.  ამ მიდგომით საქართველოს პროფკავშირები კიდევ ერთ ნაბიჯს დგამენ მოსახლეობისათვის, ცხოვრების უფრო მაღალი სტანდარტების მიღწევისათვის ბრძოლაში.

თითოეულ მაღაზიაში პროფკავშირების წევრებისათვის ფასდაკლების გარკვეული პროცენტია გათვალისწინებული, რაც ყველა პროდუქტსა თუ მომსახურების ტიპზე ვრცელდება. საკმაოდ მოსახერხებელია ბარათით სარგებლობაც. მისი გატარება ხდება საქართველოს ბანკის პოსტტერმინალზე, რის შემდეგაც პოსტტერმინალმა წინასწარ იცის, რამდენი პროცენტით ეკუთვნის ფასდაკლება პროფკავშირის წევრს ამა თუ იმ ობიექტში.

პროფკავშირების საწევრო ბარათს სხვა ფასდაკლებით ბარათებთან შედარებით ის მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს, რომ ის არ არის დაგროვებით სისტემაზე დაფუძნებული და მხოლოდ პროფკავშირის წევრობა კმარა იმისათვის, რომ ფასდაკლებით ისარგებლო. აქ არ არის საჭირო ქულების დაგროვება და შემდეგ განსაზღვრა, რისი ყიდვა შეიძლება ქულების გარკვეული რაოდენობით. პროფკავშირების საწევრო ბარათი მოქმედებს ყველა პროდუქტზე თუ მომსახურებაზე, რასაც გვთავაზობს ფასდაკლების სისტემაში მონაწილე ესა თუ ის ობიექტი, დადგენილია მხოლოდ პროცენტული ტარიფი, რისი მეშვეობითაც მომენტალურად შეიძლება სარგებლის მიღება.

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ბარათი არ არის განკუთვნილი საზოგადოების ვიწრო სეგმენტზე. სწორედ მშრომელები წარმოადგენს საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, რომელთა დაახლოებით მეოთხედია გაწევრიანებული პროფესიულ გაერთიანებებში – საუბარია 150 000 მდე ადამიანზე. გარდა ამისა, აღშნიშნული ბარათი დამატებითი სტიმული გახდება სხვა მშრომელებისათვის, რომლებსაც ჯერ არ შეუქმნიათ პროფკავშირი ან არ გაწევრიანებულან მასში, რომ გადადგან პირველი ნაბიჯები თავიანთი უფლებებისთვის კოლექტიურად ბრძოლისაკენ. მშრომელთა კოლექტიური ბრძოლისა და მათ შორის ძლიერი სოლიდარობის გარეშე კი აღნიშნულ ინიციატივას ან სხვა დამატებით სტიმულებს  რეალური შედეგი და ეფექტი ვერ ექნება, რადგან უკეთესი საცხოვრებელი პირობებისაკენ სწრაფვის უპირველეს წინაპირობად კვლავ ღირსეული შრომის ანაზღაურებისა და სამუშაო პირობებისათვის ორგანიზებული ბრძოლა რჩება. პროფკავშირული ბრძოლის გარეშე, მსგავსი აქტივობები მხოლოდ ფრაგმენტული შეღავათის ხასიათს თუ მიიღებს მშრომელთათვის, მიუხედავად იმისა, რომ ფასდაკლებების ხარისხი არ არის სიმბოლური და საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხის დაზოგვა ხდება შესაძლებელი. პროფკავშირების გაერთიანებაში მიიიჩნევენ, რომ მშრომელებისთვის მხოლოდ საკუთარი შრომითი უფლებებისთვის და სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლის შედეგად  თუ გახდება შესაძლებელი ქვეყანაში ცხოვრების უკეთესი სტანდარტებისაკენ რეალური  ნაბიჯების გადადგმა და სწორედ ამ აზრზე დაფუძნებით შეიქმნა საწევრო ბარათის პროექტიც: უმთავრესი პროცესი – სამართლიანი სოციალური პირობების შექმნისათვის ბრძოლაა, რაც გაცილებით მაღალორგანიზებულ და დემოკრატიულ საზოგადოებას აყალიბებს, ასეთი ტიპის „დახმარებითი“ ბარათები კი, ევროპის სხვა ქვეყნებში ნაცადი პრაქტიკის მსგავსად, მხოლოდ დამატებითი სტიმული უნდა გახდეს საზოგადოებისათვის მათი ინტერესების კოლექტიურად გატარებისაკენ მიმავალ გზაზე.

„პროფკავშირული იდეოლოგია ამ შემთხვევაში უფრო მეტად სოციალურად სამართლიანი და ინკლუზიური სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაა, ვიდრე უბრალოდ შეღავათზე ორიენტირება. ამ პროექტის უპირველესი მიზანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ გემო გაუგოს კოლექტიურ, სოლიდარულ თანაცხოვრებას, კოლექტიური სერვისებით სარგებლობას. ინდივიდუალურად, ამის ახსნა ყოველთვის ჭირს, თუმცა პრაქტიკაში გაცილებით ადვილი დასანახია, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს საერთო ინტერესები, საჭიროებები და მისწრაფებები აქვს. ეს შესამჩნევი უნდა გახდეს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოებას ეკუთვნის უფრო კომფორტული ცხოვრება და ჩვენ  ერთად უნდა ვიპოვოთ გზები ამის მისაღწევად. ეს არის ერთ-ერთი წვეთი იმ უამრავ ინგრედიენტს შორის, რამაც პროგრესი უნდა წარმოშვას“ – აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე. მისი აზრით, საწევრო ბარათის მნიშვნელობა, გარდა მისი ფუნქციური დანიშნულებისა, პროფკავშირების გაერთიანების თანამშრომლებთან პროფკავშირების წევრების კომუნიკაციის გაზრდაშიც უნდა დავინახოთ. ბარათზე მითითებულია ცხელი ხაზი, რომლითაც პროფკავშირის ნებისმიერ წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს ისარგებლოს მისი უფლებების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად თუ საჭიროების შემთხვევაში, უფასო იურიდიული დახმარების გაწევისა და საფრთხისშემცველი სამუშაო გარემოს შესამოწმებლად.

„წევრებს, რომლებსაც არ აქვთ პირდაპირი წვდომა გაერთიანებასთან, საშუალება მიეცემათ ნებისმიერ დროს მოიტანონ თავიანთი გზავნილი ჩვენთან. ცხელი ხაზი გააღრმავებს კომუნიკაციას და ადამიანები უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებენ პროფკავშირის საქმიანობაზე, თუ რა ხდება გაერთიანებაში, რა მნიშვნელოვანი პროცესები ხორციელდება და ასე შემდეგ“ – ამბობს პეტრიაშვილი. „სწორედ წევრების დამსახურებაა, რომ საქართველოს პროფკავშირებს სერიოზული წარმატებები აქვს ევროპის პროფკავშირებთან თუ სხვადასხვა შრომით ორგანიზაციებთან ერთად, საერთაშორისო დონეზე – სწორედ ისინი ქმნიან მებრძოლ და გაუტეხელ პროფკავშირს საქართველოში. ურთიერთობის ამგვარი პროცესით გაიზრდება კომუნიკაცია დარგობრივ პროფკავშირებს შორისაც, რაც ნამდვილად იმოქმედებს სოლიდარობის პრინციპის ამაღლებაზეც“ – აღნიშნავს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ერთი შეხედვით უმნიშვნელო 5, 10 ან 20 % -იანი შეღავათი სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობისათვის, საერთო ჯამში, არც ისე მცირე  სარგებელს ქმნის პროფკავშირების წევრებისათვის, რადგან ეს არ არის ერთჯერადი და მხოლოდ ერთ სფეროში განკუთვნილი მომსახურება. ის 1%, რასაც ეგრეთწოდებული საწევროს შენატანის  სახით იხდის პროფკავშირის წევრი საკუთარი შემოსავლიდან, შეიძლება ითქვას ამ ბარათით მას უკან უბრუნდება, თანაც საგრძნობლად გაზრდილი თანხის ოდენობით მის საწევრო თანხასთან შედარებით. დროთა განმავლობაში,  სავარაუდოდ გაიზრდება იმ ობიექტების რაოდენობაც, სადაც ფასდაკლებები მოქმედებს – Barati.Ge-ს წარმომადგენლები ინტენსიურ მოლაპარაკებებს ახორციელებენ სხვადასხვა კომპანიებთან. „ჩვენი მიზანია, რომ კომპანიებმა ერთმანეთს კონკურენცია გაუწიონ არა მშრომელთა ექსპლუატაციაში და უფრო და უფრო კაბალური სამუშაო პირობების შექმნაში, არამედ სოციალურ პასუხისმგებლობაში – იმაში, თუ რა შეღავათებს და სოციალურ სარგებელს შესთავაზებენ ისინი მშრომელებს.“ – აცხადებს პეტრიაშვილი.

შეიძლება ითქვას, მრავალმხრივი ფუნქციით აღჭურვილი პროფკავშირის წევრობის ბარათის კონცეფცია ერთგვარი მცდელობაა იმისა, რომ ნელ-ნელა თავად საზოგადოებამ გაზარდოს თავისივე მსყიდველუნარიანობა ალტერნატიული გზებით და გააცნობიეროს ერთიანობის ეფექტურობა, მათ შორის ამ ასპექტშიც.

იმ მაღაზიებისა და ობიექტების ჩამონათვალი, სადაც პროფკავშირების წევრებს შეუძლიათ ბარათით ისარგებლონ, შეგიძლიათ იხილოთ საიტზე www.Barati.ge. აქვე მითითებულია თითოეულ ობიექტზე მოქმედი კონკრეტული საპროცენტო განაკვეთებიც.