1980 წელთან შედარებით, მსოფლიოს მასშტაბით საერთო შიდა პროდუქციის (GDP) მაჩვენებელი გასამმაგდა, თუმცა უთანასწორობის დონე თავის ისტორიულად მაღალ მაჩვენებლებზე რჩება. მსოფლიოს უმდიდრესი კომპანიების მხრიდან იგნორირებული და ხშირად დამალული სამუშაო ძალა მოკლებულია გარანტირებულ სამუშაო ადგილებს, მუშაობენ მინიმალურ ხელფასზე ყოველგვარი ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების გარეშე და ძალიან ხშირად საფრთხის შემცველ გარემოში და პროდუქციასთან.
მსოფლიო დუღილის წერტილს მიუახლოვდა. გლობალური ვაჭრობის 60 % მოდის იმ ბიზნესებზე, რომლებიც ყოველგვარი სინანულის გარეშე იყენებენ ექსპლუატაციის პრაქტიკას და არღვევენ ადამიანის უფლებებს. აშშ-ს, ჩინეთის, კორეის და სხვა ეკონომიკურად წამყვანი ქვეყნების უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებისთვის არაფერს ნიშნავს საკუთარი თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები.
უმსხვილესი კორპორაციების ხელმძღვანელებმა კარგად იციან, რომ მათი მოგება შედეგია იმ მცირე ხელფასების, რომლებსაც ისინი მშრომელებს უხდიან და რომელზეც შეუძლებელია თავის გატანა, უსაფრთხო სამუშაო ადგილების არ არსებობაზე, რომლის შედეგადაც იღუპებიან და სახიჩრდებიან ადამიანები; მათი მოგება შედეგია საზოგადოებრივი მიწების და წყლის დაბინძურების. ამონაგებ ფულს ისინი ხარჯავენ მთავრობის წევრებთან ლობისტური საქმიანობისთვის და მიმართავენ კანონის უზენაესობის პრინციპების საწინააღმდეგოდ და ყოველივე ეს მათ საშუალებას აძლევთ გაექცნენ პასუხისმგებლობას ჩადენილი უკანონობისთვის. ასეთი ბიზნეს-მოდელი თავისი არსით კორუფციულია.
მშრომელებმა და მათმა ოჯახის წევრებმა საკმარისზე მეტად იწვნიეს საკუთარ თავზე ყოველივე ეს. მოსახლეობის 94 % -ს სურს, რომ გლობალურ ბიზნესს საფუძვლად დაედოს შრომითი უფლებების გარანტირებული დაცვა. მოსახლეობის 94% სურს, რომ მიღებულ იქნეს უფრო მკაცრი კანონმდებლობა, რომელიც ანგარიშვალდებულს გახდიდა კორპორაციებს მშრომელები უზრუნველეყოთ უფრო მაღალი ხელფასებით და უკეთესი სამუშაო პირობებით. მოსახლების 88%-ს სურს, რომ მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდოს მინიმალური ხელფასის ოდენობა.
2015 წლის 1 მაისს ჩვენ ვასამართლებთ კორპორატიულ სიხარბეს და დღეს არსებული ბიზნესს მოდელი მშრომელებს მორალურად გაკოტრებულად მიაჩნიათ.
ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიო ლიდერებს დაიცვან და აღასრულონ კანონის უზენაესობის პრინციპები. თუ თითოეული სახელმწიფო დიდ კორპორაციებს, რომლებიც ფუნქციონირებენ საკუთარი ან სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე, ანგარიშვალდებულს გახდიან საკუთარ ქმედებებზე, ჩვენ შევძლებთ ბოლო მოვუღოთ კორპორატიულ სიხარბეს და უზრუნველვყოთ, რომ გლობალური ეკონომიკა იმუშავებს მშრომელების და არა მხოლოდ უმდიდრესი 1% მეწარმეების ინტერესებისათვის.
თუ მთავრობები დაიცავენ და გააძლიერებენ შრომითი ურთიერთობების ისეთ ინსტიტუტებს, რომლებიც თავიანთი მხრივ უზრუნველყოფენ სიმდიდრის სამართლიან გადანაწილებას მინიმალური ხელფასების და კოლექტიური მოლაპარაკებების გზით და რომლებიც დაექვემდებარება გაერთიანების თავისუფლების ფუნდამენტალურ უფლებებს, ჩვენ შევძლებთ შევამციროთ უთანასწორობა და ბოლო მოუღოთ კორპორატიულ სიხარბეს.
თუ მთავრობები მშრომელების უფლებების და ღირსების დაცვას პრიორიტეტებად გაიხდიან, უზრუნველყოფენ მათ ბაზისური შემოსავლებით და სოციალური სერვისებით მდგრადი განვითარების და მშვიდობიანი საზოგადოების ინტერესებისათვის, ჩვენ შევძლებთ აღვკვეთოთ უსასრულო რეგრესი და მივაღწიოთ ეკონომიკურ სამართლიანობას.
მშრომელი ადამიანები არ გახლავთ მოხმარების ნივთი. სწორედ ეს პრინციპი გახლავთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების და საერთაშორისო სამართლის ქვაკუთხედი. მიუხედევად ამისა, უმსხვილესი კორპორაციები 2.9 მილიარდ მშრომელს სწორედ როგორც ნივთებს აღიქვამენ, რომლებიც უზრუნველყოფენ პრივილეგირებული უმცირესობის გამდიდრებას.
მშრომელი მამაკაცების და ქალების ის მიღწევები, რომლებსაც 125 წლის წინ 1 მაისს დაედო საფუძველი, დღეს სერიოზული საფრთხის ქვეშაა.
სწორედ ამ დღეს აღიმაღლეს ხმა მშრომელებმა საფრთხის მატარებელი სამუშაო ადგილების წინააღმდეგ. ჩვენ მოვითხოვთ, რომ კომპანიებმა შეწყვიტონ საგადასახადო თაღლითობის პრაქტიკა, შეუერთდნენ გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას და ბოლო მოუღონ სხვადასხვა მაქინაციების და კონტრაქტების საშუალებით სამუშაო ძალის დამალვის მავნე პრაქტიკას. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ბოლო მოეღოს ეწ. სიღარიბის ხელფასებს, არაფორმალურ და იძულებით შრომას, მოვითხოვთ რომ ყველა მშრომელის ღირსება, გაერთიანების თავისუფლების და კოლექტიური მოლაპარაკების უფლება დაცულ იქნეს.
მოვუწოდებთ მთავრობებს წინ აღუდგნენ შანტაჟს კორპორაციების მხრიდან, აღასრულონ კანონის უზენაესობა, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს მშრომელების დაცვას ექსპლუატაციისაგან და საშუალებას მისცემს მათ ააშენონ საკუთარი და მომავალი თაობების მომავალი.
ჩვენ გაერთიანებული ვართ საერთო მისწრაფებით ბოლო მოვუღოთ კორპორატიულ სიხარბეს.