ვაგრძელებთ ჩვენი მკითხველებისათვის საქართველოს პროფკავშირების პარტნიორი უცხოური ორგანიზაციების გაცნობას. უკვე წამოგიდგინესთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO). ამჯერად გაგაცნობთ პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციას (ITUC), რომლის წევრიც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაც გახლავთ.
პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია არის მსოფლიოს უმსხვილესი პროფკავშირული გაერთიანება, რომელიც შეიქმნა 2006 წლის 1 ნოემბერს თავისუფალი პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციისა და მსოფლიო შრომის კონფედერაციის გაერთიანების შედეგად. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება 2000 წლიდან არის თავისუფალი პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის წევრი და, შესაბამისად, 2006 წლიდან პროფკავშირების საერთაშორისო კონფედეციის წევრია.
ორგანიზაციის დამფუძნებელი კონგრესი გაიმართა ვენაში. კონგრესს საქართველოსპროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელობაც ესწრებოდა. 2014 წელს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამართულ კონგესზე, ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ხელახლა აირჩიეს ქალბატონი შარონ ბაროუ, რომელიც საქართველოს პროფკავშირებისადმი განსაკუთრებულად თბილი და სოლიდარული დამოკიდებულებით გამოირჩევა. ქალბატონმა ბაროუმ არაერთხელ დაუჭირა მხარი გაფიცულ ქართველ პროფკავშირელებს და მისმა და საერთოდ მსოფლიო პროფკავშირების თანამეგობრობის მხარდაჭერამ ხშირ შემთხვევაში დადებითი გავლენა მოახდინა საქართველოში გამართული გაფიცვებისა თუ აქციების დასაქმებულთათვის მისაღები შედეგით დასრულებისათვის. კონგრესმა ორგანიზაციის ახალ პრეზიდენტად მთელს მსოფლიოში გამოჩენილი ბრაზილიელი პროფკავშირული ლიდერი ჟოაო ანტონიო ფელიციო აირჩია.
ITUC აერთიანებს 311 წევრ ორგანიზაციას 155 ქვეყნიდან და ჰყავს 168 მილიონი წევრი, აქედან 40% – ქალია. კონფედერაცია საქმიანობას წარმართავს წესდების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც ITUC მიისწრაფვის ისეთი მსოფლიო წესრიგის დამყარებისკენ, რომელიც გამორიცხვას სოციალურ უსამართლობასა და ადამიანის ექსპლოატაციის ყოველგვარ ფორმებს. კონფედერაცია თანმიმდევრულად იღვწის სხვადასხვა მიმართულების პროფკავშირების გაერთიანების, მშრომელთა საარსებო ინტერესების დაცვის, ხალხთა თავისუფლების, მშვიდობისა და სოციალური პროგრესისთვის.
პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის უმაღლესი ორგანოა პროფესიულ კავშირთა მსოფლიო კონგრესი, რომელიც ირჩევს გენერალურ საბჭოს. მასში წარმოდგენილია ყველა წევრი ორგანიზაცია. გენერალური საბჭო ირჩვეს თავმჯდომარეებს, ვიცე-თავმჯდომარეებს, გენერალურ მდივანს, გენერალური მდივნის მოადგილეს, მდივნებს და პროფკავშირების მსოფლიო ფედერაციის ბიუროს. კონფედერაციას აქვს კონსულტაციური სტატუსი გაეროსა და მის სპეციალიზირებულ დაწესებულებებთან. იგი გამოსცემს ჟურნალს და ბიულეტენს.
ITUC არის ეროვნული პროფკავშირის ცენტრების კონფედერაცია, რომელიც აერთიანებს ყველა პროფკავშირს მსოფლიო მასშტაბით. მისი წევრობა არის ღია. ორგანიზაცია ფინანსდება წევრი ორგანიზაციების მიერ ჩარიცხული საწევროებით.
პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის ძირითადი საქმიანობაა:
• პროფკავშირის წევრებისა და მშრომელთა უფლებების დაცვა და უზრუნველყოფა;
• ბავშვათა შრომისა და იძულებითი შრომის აღმოფხვრა;
• შრომითი მიგრაცია;
• გენდერული თანასწორობა სამუშაო ადგილებზე;
• პროფკავშირის წევრებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება;
• ახალგაზრდების გამხნევება და წახალისება;
• სხვადასხვა ქვეყნებში დელეგაციების გაგაზავნა, რათა შეისწავლონ და გაეცნონ პროფკავშირების საქმიანობას.