მიმდინარე წლის 13 ნოემბერს წარმატებით დასრულდა სასამართლო შრომითი დავა საჩხერის რაიონულ სასამართლოში. შპს “ჯორჯიან მანგანეზის” ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის 29 ივლისს სასმსახურიდან შუქრუთის მაღაროს რკინიგზელი გიორგი ნეფარიძე გაათავისუფლა.
გიორგი ნეფარიძემ ინდივიდუალურად წამოწყებული შიმშილობით გააპროტესტა კომპანიის ადმინისტრაციის მიერ შუქრუთის მაღაროს ელმავლის ოთხი მემანქანის დასჯის მიზნით მათი ითხვისის მაღაროზე გადაყვანა, რომლებიც იბრძოდნენ უქმე-სადღესასწაულო დღეებში შრომის გაზრდილი ტარიფის მიღწევისათვის. კომპანიის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ გიორგი ნეფარიძის შიმშილობამ თითქოსდა ხელი შეუშალა სამუშაო პროცესს, რაც გახდა მისი სამუშაოდან განთავისუფლების საფუძველი.
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა გიორგი ნეფარიძის სარჩელი და გააუქმა კომპანიის გენერალური დირექტორის ბრძანება მისი სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ, მოსარჩელეს კომპანიამ უნდა გადაუხადოს განაცდური ხელფასი და ასევე საჯარიმო კომპენსაცია ხელფასის დაგვიანების ყოველ ვადაგადაცილებულ დრეზე 0,07%-ის ოდენობით.
გიორგი ნეფარიძის სამართლებრივი დაცვის ორგანიზება საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა, მისმა წევრმა ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის პირველადმა პროფკავშირულმა ორგანიზაციამ და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ განახორციელა.
სასამართლოში გიორგი ნეფარიძის უფლებებს და ინტერესებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელი, ადვოკატი თამარ სურმავა წარმოადგენდა.