2012 წლის დამდეგს საქართველოს სამთამადნო მრეწველობაში შპს „RMG Gold”-მა და სს „RMG Copper“-მა იწყეს აქტიურად ოპერირება. 2014 წელს მათი ყურადღება მიეპყრო ქვემო ქართლში არსებული მრავალათასწლიანი ისტორიის მქონე საყდრის-ყაჩაღიანის მაღაროს მიმართ. მართალია ეს ტერიტორია წლების განმავლობაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელი იყო, მაგრამ ამ შპს-სა და სს-ს ხილულ და უხილავ გულშემატკივრებს არ გასჭირვებიათ „ოცნებას“ მინდობილი სახელმწიფოსაგან საყდრის-ყაჩაღიანისთვის ამ სტატუსის მოხსნა და 2014 წლიდან მისი ამ შპს-სა და სს-ს სალიცენზიო ზონაში შეყვანა.
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა (პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე) პრობლემის წარმოშობისთანავე პრინციპული, პატრიოტული და სოციალურად პასუხისმგებლური პოზიცია დაიკავა და არა ერთხელ მიმართა ხელისუფლებას, რათა მას საზოგადოებასთან თანამშრომლობით ჩაეტარებინა დამოუკიდებელი, კომპეტენტური და ობიექტური ექსპერტიზა ამ მიმართულებით, რათა ერთ მნიშვნელოვნად დადგენილი ყოფილიყო, თუ რას წარმოადგენდა საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტი და კულტურული მნიშვნელობის დადგენის შემთხვევაში კომპანიას აკრძალვოდა სამთო სამუშაოების განხორციელება აღნიშნულ მონაკვეთზე, ხოლო თუ მსგავსი მნიშვნელობა არ იქნებოდა დადგენილი, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრებულიყო ყოველგვარი სპეკულაციები ამ თემაზე სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან და კომპანიას მისცემოდა საშუალება, რომ სამთო-მოპოვებითი სამუშაოები ეწარმოებინა შეუფერხებლად. ხელისუფლებამ საზოგადოების დარწმუნება ვერ შეძლო საკუთარ სიმართლეში და მხოლოდ საკუთარვოლუნტარიზმსა და სუბიექტივიზმზე დაყრდნობით, საყდრის-ყაჩაღიანი აფეთქებების სერიამ მოიცვა.
კულტურის აფეთქების შედეგად განადგურდა არა მხოლოდ ისტორიული მემკვიდრეობა, არამედ ამ არეალში წერტილი დაესვა სოციალურ-შრომით ურთიერთობებში ცივილიზებულ მიდგომებს.
ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში მდებარე ოქროსა და სპილენძის მომპოვებელ საწარმოების ამოქმედებისთანავე, მასში ფუნქციონირებდა საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პირველადი პროფორგანიზაცია, რომელშიც 1100 წევრზე მეტი იყო გაერთიანებული.
2014 წლის თებერვალ-მარტში ამ საწარმოებში შექმნილმა ვითარებამ მშრომელთა გაფიცვა გამოიწვია. გაფიცვის მსვლელობისას საქართველოს პრემიერ- მინისტრის აპარატის წარმომადგენლის ბექა ნაცვლიშვილის უშუალო ჩართულობით დაიწყო სოციალური დიალოგი ადმინისტრაციასა და გაფიცულებს შორის. ამ მოლაპარაკების სამედიაციო, სამართლებრივ და საკონსულტაციო მიმართულებებს უზრუნველყოფდნენ გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალური ექსპერტი როჯერ ლეკური და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათანადო ბრძანებით დანიშნული მედიატორი, იურისტი ირაკლი ყანდაშვილი. ადმინისტრაციასა და გაფიცულებს შორის ამ მოლაპარაკებების შედეგად 2014 წლის 14, 21 და 23 მარტს დაიდო სამი შეთანხმება, რომელთა საფუძველზეც 25 მარტიდან მშრომელებმა აღადგინეს საწარმოო პროცესი ყველა ობიექტზე.
მიუხედავად შეთანხმებების შედეგად ნაკისრი ვალდებულებისა კომპანიამ არ შექმნა შრომითი დავების მომწესრიგებელი პარიტეტული კომისია, არ განიხილა კოლექტიური ხელშეკრულების პროექტი, არ გამოასწორა სახელფასო ბადეებში არსებული უსამართლობები, არ განიხილა ხელფასის ზრდის საკითხი, არ მოამარაგა მშრომელები სპეციალური დამცავი და დამხმარე საშუალებებით, სპეციალური ფეხსაცმლითა და სპეციალური ტანსაცმლით. ამის ერთ-ერთ მიზეზად ადმინისტრაცია საყდრის-ყაჩაღიანზე საწარმოო საქმიანობის შეუძლებლობას ასახელებდა.
აფეთქებების შემდეგ, საყდრის-ყაჩაღიანის მონაკვეთზე საწარმოო სიმძლავრეები სრულად ამოქმედდა, მაგრამ ამის შემდეგაც კი კომპანიამ არაფერი გააკეთა ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რაც ადასტურებს რომ საყდრის-ყაჩაღიანი აქ არაფერ შუაში არ იყო.
საყდრის-ყაჩაღიანის საკითხისა და თავად აქ მომხდარი აფეთქებების მიმართ პროფკავშირის პრინციპული პოზიციის გამოხატვა – ეს იყო პროფკავშირის პირდაპირი საზოგადოებრივი ვალი, მისი პატრიოტული და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი. ეს პოზიცია უცნობი არ დარჩა ამ აფეთქებებში დაინტერესებული შპს-სა და სს-ს ,,ძლიერთა ამა სოფლისათთვის’’.
2015 წლის 3 თებერვალს პროფკავშირმა წერილობით მიმართა კომპანიის გენერალურ დირექტორს სერგეი ეგანოვს, რათა შესრულებული ყოფილიყო 2014 წლის 14, 21 და 23 მარტის შეთანხმებები.
კომპანიის პასუხი გახდა პროფკავშირის დევნა. კომპანიის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი გიორგი ნასყიდაშვილი, სატრანსპორტო უბნის თანამშრომელი გიორგი გიორბელიძე, გადამამუშავებელი ფაბრიკის მთავარი მექანიკოსი ჟიული ბერიძე, გადამამუშავებელი ფაბრიკის დირექტორის მოადგილე დავით სარაჯიშვილი, ქარხნის ზედამხედველი გია მუშკუდიანი და გეოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ უგრეხელიძე გამზადებული ბლანკებით ხელში მიმართავდნენ, ფაქტიურად კი ემუქრებოდნენ მშრობელებს, რათა მათ შეევსოთ ეს ბლანკები პროფკავშირის რიგების დატოვების მიზნით.
2015 წლის 13 თებერვალს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მოადგილე გოჩა ალექსანდრია და საქართველოს მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე თბილისში შეხვდნენ კომპანიის გენერალურ დირექტორს სერგეი ეგანოვს, მის მოადგილეს დავით ბალანჩივაძეს და კომპანიის იურისტ ვახტანგ ფარესიშვილს. კომპანიის ხელმძღვანელობამ პირობა მისცა პროფკავშირის ლიდერებს, რომ ანტიპროფკავშირული ქმედებები საწარმოში არ განხორციელდებოდა. რეალურად კი 16 თებერვალს კომპანიის სამეურნეო მუშაკების ოფისის თანამშრომელი გიორგი ზურმუხტაშვილი მივიდა ოფისის მზარეულებთან და ავტომობილების სამრეცხაოს მუშაკებთან და ოფისის ხელმძღვანელის დავით ბატიაშვილის სახელით მოსთხოვა პროფკავშირის რიგების დატოვება.
მიუხედავად პროფკავშირის პრეზიდენტის თამაზ დოლაბერიძის გაფრთხილებისა რომ ანტიპროფკავშირული ქმედებები ანტიკონსტიტუციური და კანონ საწინააღმდეგოა კომოპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სოსო ბიბილაშვილმა, წარმოების დირექტორმა ზურაბ ალიბეგაშვილმა და შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მიშა კვარაცხელიამ კვალ გააგრძელეს მშრომელთა მიმართ მუქარა და მოთხოვნა დაეტოვებინა მათ პროფკაშირის რიგები.
ის რომ ანტიპროფკავშირული ქმედებები ორგანიზებულ და კოორდინირებულ ხასიათს ატარებდა და ატარებს ადასტურებს თუნდაც ის რომ კომპანიის კანცელარიაში ათეულობით და ასეულობით განცხადების ბლანკი- პროფკავშირის რიგების დატოვების შესახებ, შედის ერთდროულად და ეს ბლანკები შეაქვთ არა განმცხადებლებს, არამედ სრულიად სხვა პირებს. ამ ბლანკზე ხელის მომწერ მშრომელთაგან ნაწილმა კი გარკვეული დროის შემდეგ, კვლავ დაწერა განცხადება პროფკავშირის რიგებში კვლავ გაწევრიანების თაობაზე.
17 თებერვალს პროფკავშირის პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე იმყოფებოდა საწარმოოს ერთ-ერთ ობიექტზე ,,აბულბუქი’’, სადაც პროფკავშირელ ლიდერს მიეცა საშუალება შესულიყო მხოლოდ პირველადი პროფორგანიზაციის ოფისში, მაგრამ მას არ მისცეს უშუალოდ მშრომელებთან შეხვედრის საშუალება. ეს ფაქტი ნათლად ადასტურებს, რომ პროფკავშირის საქმიანობა არა მხოლოდ ბლანკებით, არამედ ფიზიკურადაც არი ბლოკირებული.
19 თებერვალს გადამამუშავებელი ფაბრიკის მუშაკებს ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თორნიკე მუშკუდიანის სახელით მოსთხოვეს დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ პროფკავშირების რიგები, 20 თებერვალს სს ,,RMG Copper’’-ის გადამამუშავებელი ფაბრიკის ენერგეტიკოსმა სოსო თეთრაძემ ასევე გამზადებული ბლანკები მიუტანა დასაქმებულებს ფაბრიკაში და მოსთხოვა მასზე ხელის მოწერით პროფკავშირების რიგების დატოვება. 21 თებერვალს იგივე გააკეთა შპს ,,RMG Gold’’-ის გამოტუტვის მოედნის ზედამხედველმა ჯემალ გიორგაძემ. ასევე აიძულებენ საწარმოოს სატრანსპორტო სასახურში დასაქმებული მძღოლების რომ მათაც დატოვონ პროფკავშირის რიგები.
ეს ყოველივე ადასტურებს, რომ სს RMG Copper’’-ისა და შპს RMG Gold’’-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ქმედებებში აშკარად იკვეთება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის, ევროპის სოციალური ქარტიის, გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 87-ე და 98-ე კონვენციების, საქართველოს შრომის კოდექსის მუხლი 40-ის მეორე პრიმა პუნქტის დარღვევები. სრულიად უტიფრად დასაქმებულების მიმართ ხორციელდება დისკრიმინაცია, მათი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის სახით.
საქართველოს მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტმა თამაზ დოლაბერიძემ უკვე მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს პროფკავშირის წევრების მიმართ მომხდარი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლნისის რაიონის კაზრეთის განყოფილების პოლიციის გამომძიებელს სათანადო ჩვენებაც მისცა.
საქართველოს მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი ამ ანტიპროფკავშირული პოლიტიკის წინაშე მარტო არ არის, მას მხარი დაუჭირეს მისმა კოლეგებმა ევროპისა და აზიის ქვეყნების მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირებიდან. საქართველოს მთავრობამ მიიღო ქართველი პროფკავშირელების მხარდამჭერი და მათი დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული ოფიციალური მიმართვები პროფესული კავშირების საერთაშორისო კონფედერაციიდან – ITUC , საერთაშორისო გაერთიანებიდან Industrial Global Union , მეტალისტთა საერთაშორისო ევრაზიული ფედერაციიდან IEMF, სამთო-მეტალურგიული მრეწველობის საერთაშორისო ფედერაციიდან “СоюзМетал“.
ანტიპროფკავშირული, დისკრიმინაციული პოლიტიკის გამო ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში მდებარე ოქროსა და სპილენძის მომპოვებელ საწარმოში საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პირველად პროფორგანიზაციაში 50 წევრამდე მუშაკი დარჩა.
მაგრამ პროფკავშირის მოძულეებმა უნდა გაიგონ, რომ ეს ანტიკონსტიტუციური და უსამართლო ქმედება ვერ შეძლებს ხანგრძლივად ბატონობას, რადგან მართალი საქმე საბოლოოდ ყოველთვის გამოდის გამარჯვებული უსამართლობასთან ჭიდილში. პროფკავშირი იმოქმედებს სამართლებრივი და სოციალური ინსტრუმენტების მთელი სპექტრის გამოყენებით, რათა ოქროსა და სპილენძის მომპოვებელმა ყველა მშრომელა ისარგებლოს მისი კონსტიტუციური უფლებით, მისი უფლებით კოლექტიურად დაიცვას სოციალური, შრომითი, მატერიალური და პროფესიული ინტერესები და უფლებები.
ხელისუფლებას უნდა ეზრუნა ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობაზე და მან აქ სუბიექტივიზმი და ვოლუნტარიზმი გამოიჩინა. პროფკავშირი არ იქნება პასიური მომლოდინე, ის აქტიურად დაიცავს საკუთარ პრინციპებს, მის გარშემო დარაზმულ მშრომელებთან ერთად, საერთაშორისო პროფკავშირული სოლიდარობისა და სამართლის უზენაესობის პრინციპის მხარდაჭერით.
სტატია მომზადებულია სპეციალურად WWW.GTUC.GE–სათვის