მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირების განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების განცხადება ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება უერთდება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას. ადამიანის უფლებები და თავისუფლებები არის კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარი, რომელთა დაცვის აუცილებლობა და ვალდებულება  სახელმწიფოთა მიერ დეკლარირებულია მრავალ საერთაშორისო დოკუმენტსა თუ სახელმწიფოთა შიდაეროვნულ კანონმდებლობებში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ (1992 წ.), საქართველო მიუერთდა 1948 წლის 10 დეკემბრის გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, თუმცა ათეული წლების შემდგომ, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა ჯერ კიდევ შორსაა მისი საერათშორისოდ აღიარებული სტანდარტებიდან. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სოციალური უფლებების სფერო. დღეისათვის, საქართველოში კვლავაც მწვავედ დგას ისეთი მოუგვარებელი პრობლემები, როგორიცაა ღირსეული შრომის პირობები, შრომის უსაფრთხოება, შრომის სამართლიანი ანაზღაურება,სოციალური დაცვის მინიმალური სტანდარტები, სამართლიანი ოდენობის და ცხოვრების ღირსეული პირობების უზრუნველმყოფი პენსია  და სხვა.  მშრომელი ადამიანი კვლავაც განიცდის ძალადობას, ჩაგვრას, დისკრიმინაციასა და უფლებების შემლახავ მოპყრობას დასაქმების ადგილებზე. ქართულმა საზოგადოებამ ამგვარი რეალობის არაერთი სამწუხარო მაგალითი იხილა ქ. ჭიათურაში, ქ. ტყიბულში, ს. ზვარეში,  საქართველოს ფოსტაში, საქართველოს რკინიგზაში, კაზრეთის სამთომომპოვებელ საწარმოებში და ა.შ.  შრომითი უფლებების აქტივიზმისთვის ადამიანებს დევნიან, ღირსებისშემლახავ პირობებს უქმნიან და სამსახურიდან ათავისუფლებენ. შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობის გამო, დღითიდღე იზრდება მსხვერპლის რიცხვი სამუშაო ადგილებზე. ამ მხრივ, განსაკუთრებით სავალალოა მდგომარეობა სამშენებლო სექტორში.არ არსებობს ეფექტური შრომის ინსპექცია. 2015 წელს შექმნილი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი კვლავაც ილუზორულ და უფუნქციო სტრუქტურას წარმოადგენს. საწარმოო უბედური შემთხვევების მიმდინარე სტატისტიკა კი კატასტროფულ ტენდენციაზე მეტყველებს – 2016 წლის მხოლოდ პირველ ექვს თვეში (იანვარ-ივნისი)საწარმოებში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად 40 ადამიანი გარდაიცვალა, მაშინ, როცა, მთლიანად 2015 წელში ეს რიცხვი 42-ს შეადგენდა.

არანაკლებ მძიმეა მდგომარეობა შრომითი ექსპლოატაციის კუთხით. კერძო სექტორში, ჯერ კიდევ 1999 წელს ოფიციალურად დაწესებული 20 ლარის ოდენობის მინიმალური ხელფასი მოქმედებს. ასეთი ვითარება ხელს უწყობს 25 000 მშრომელის ხელფასის 100 ლარს ქვემოთ, ხოლო ჯამში, 140 000-მდე დაქირავებით დასაქმებულის შრომის ანაზღაურების საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმს ქვემოთ შენარჩუნებას.

ამ გამოწვევათა საპასუხოდ, დღეს ქართული საზოგადოება იღებს სრული კარდახურულობის პრინციპით მიღებულ სამთავრობო გეგმას და საჯარო უწყებებში დასაქმებულთა ანაზღაურების ფონდის 10%-იანი შეზღუდვის პერსპექტივას. იგნორირებული რჩება საზოგადოების ჩართულობის ისეთი ძირითადი მექანიზმი, როგორიცაა „სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია“. აღსანიშნავია, რომ დაანონსებული ეკონომიკური ცვლილებები, სხვა სამოქალაქო ინსტიტუტებთან ერთად, მიღებულ იქნა საქართველოს პროფესიული გაერთიანებების რაიმე ფორმით ჩართულობის და მონაწილეობის გარეშე და ეს ხდება სწორედ მაშინ, როდესაც ხელისუფლება დგას ყველაზე დიდი გამოცდის წინაშე, რომ ანალოგიური პოლიტიკური ნაბიჯებით, იგი არ გადაიქცეს ერთპიროვნულ მმართველობად და ქართულმა საზოგადოებამ არ მიიღოს კვლავ ის რეალობა, რის ცვლილებასაც მან მხარი დაუჭირა ოთხი წლის წინ.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გადადგას ქმედითი ნაბიჯები შრომითი უფლებების დაცვის კუთხით, წარმართოს მაქსიმალური ძალისხმევა შრომის არსებული სტანდარტების და რეგულაციების შესრულების კონტროლის თვალსაზრისით, განახორციელოს საერთაშორისო შრომის კონვენციების რატიფიცირება და უზრუნველყოს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება, რაც მნიშვნელოვან სტიმულს მისცემდა ადგილობრივ შრომით ბაზარს, დასაქმებას და საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის რეალურ გაჯანსაღებას.

იქნება სოლიდარობა, ყველაფერი გამოვა!%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d