11 დეკემბერს, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების სხდომათა დარბაზში სპეციალური სემინარი გაიმართა, რომელსაც პროფკავშირების დარგობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ, ასევე, სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელ პროფკავშირის წარმომადგენლები, რომლებსაც გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რაისა ლიპარტელიანმა საქართველოს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, დამატებები და მისი პრაქტიკულად განხორციელების შესაძლებლობები გააცნო. საუბარი შეეხო კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების პროცედურებსა და აუცილებლობას, ასევე პროფკავშირის წევრობის ბარათებს, რომელთა გაცემაც სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო. აღსანიშნავია, რომ პროფკავშირის წევრობის ბარათებს კვებისა და მომსახურების სხვადასხვა ობიექტებში ფასდაკლებით სარგებლობის ფუნქციაც აქვთ.