მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირების აქცია ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან

დღს დილიდან, ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან გაიმართა საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის, ტრანსპორტის, სპორტის, განათლების მუშაკთა მუშაკთა პროფესიულ კავშირში შემავალი საწარმოებისა და ორგანიზაციების დასაქმებულთა საპროტესტო აქცია, შრომის კოდექსში  ბოლო დღეებში შეტანილი მოულოდნელი რადიკალური ცვლილებების შედეგად განვითარებულ საგანგაშო მოვლენებზე. დასაქმებულები დეტალურად გააცნობენ მედიას ცვლილებებთან დაკავშირებულ პოზიციას.

გვინდა საზოგადოებას განვუცხადოთ, რომ კანონპროექტის „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“–ში ცვლილების შემუშავების საწყის ეტაპზე,   ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თვეების განმავლობაში მიმდინარე კონსულტაციების პროცესი აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად კმაყოფილების საფუძველს იძლეოდა, შესაბამისად, მთავრობის მიერ  ინიცირებული და პარლამენტში პრინციპების დონეზე პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებები მნიშვნელოვანწილად ასახავდა საქართველოს მიერ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებით, ევროპის სოციალური ქარტიითა და სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს. რაც მთავარია აღნიშნული პრინციპები ეხმიანებოდა ყოფილი ხელისუფლების პირობებში შრომის უფლებების სფეროში დაგროვილი პრობლემების უმრავლესობას და იძლეოდა იმ გაუსაძლისი მდგომარეობის გამოსწორების იმედს რომელიც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მოქმედი შრომის კოდექსის პირობებში შეიქმნა.

დასაქმებულთა სახელით, გამოვთქვამთ უკიდურეს შეშფოთებას  და უკმაყოფილებას, შრომის კოდექსის პროექტში შესატანად დაგეგმილი მოულოდნელი ცვლილებების გამო. გვინდა ავღნიშნოთ, რომ დასაქმებულების მიმართ ზოგიერთი დისკრიმინაციული ცვლილება არის მიღებული სხვადასხვა  გავლენიანი ბიზნეს ჯგუფის კულუარული ლობისტური საქმიანობით, შედეგად  კანონპროექტით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის ცნობილი ცვლილებები ეჭვქვეშ დადგა, რაც დააზარალებს საქართველოს მშრომელ მოსახლეობას, შეიქმნება სერიოზული საფრთხე იმისა, რომ შრომის კოდექსი იქნება დაუბალანსებელი და ერთ კონკრეტულ ინტერესთა ჯგუფზე მორგებული კანონი, ამან შეიძლება კვლავ საფრთხეს შეუქმნას ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციას, (ასოციარების შეთანხმება) ვაჭრობის საკითხებში პრეფერენციული სისტემის GSP+-ის შენარჩუნებას და DCFTA-ის ირგვლივ მიმდინარე განხილვებს. საფრთხე  უპირველეს ყოვლისა, შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, მათ უფლებებსა და ზოგადად სტაბილურობას როგორც საწარმოებში, ასევე  სოციალური მშვიდობასა და სამართლიანობას მთელს ქვეყანაში, რაც შესაბამისად გააუარესებს საინვესტიციო კლიმატსაც.

თუ პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს ბიზნეს ჯგუფების მიერ ლობირებულ ვარიანტს, ზედმეტი იქნება საუბარი შრომის კოდექსის  ჰარმონიზაციაზე ევროპულ და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.

მოვუწოდებთ პარლამენტსა და მთავორობას დაუბრუნდნენ პირველი მოსმენით მიღებული კოდექსის პროექტის განხილვას. ნუ გვაიძულებთ მივმართოთ პროტესტის უკიდურეს ზომას!

„ქართული ოცნებას“ კი მოვუწოდებთ შეუდგეს საზოგადოებისთვის მიცემულ წინასარჩევნო დაპირების შესრულებას.

საკონტაქტო პირები: გრიგოლ ბრეგვაძე (ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა)