მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირების აქცია და შეხვედრა ამერიკის ელჩთან

დღეს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, რიჩარდ ნორლანდს შეხვდა. შეხვედრაზე იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს პროფკავშირებს აქვთ.

პროფკავშირების თავმჯდომარემ ყურადღება შრომის უსაფრთხოებაზე გაამახვილა და ელჩს სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევებისა და ტრავმატიზმების სტატისტიკური მონაცემი წარუდგინა. საუბარი შეეხო შრომის ისნპექციის აღდგენის და სოციალური დიალოგის აუცილებლობას.

დღის პირველ ნახევარში კი პროფკავშირებმა ეკონომიკის სამინისტროსთან სპეციალური აქცია გამართა. გაერთიანების წევრებმა პროტესტით შრომის ინსპექციის სრულფასოვანი აღდგენა მოითხოვეს

არსებული სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ გასულ 2014 წელს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 41 ადამიანი დაიღუპა და 66 დაშავდა. 2007 წლიდან დღემდე საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად 314 ადამიანია გარდაცვლილი.

როგორც ვხედავთ სტატისტიკა შემზარავია და სწორედ ამიტომ, პროფკავშირები ხელისუფლებას სასწრაფო პრევენციული ზომების მიღებას და ქმედითი ნაბიჯების გადაგმას თხოვენ.

საპროტესტო აქციის შემდეგ, პროფკავშირების წევრებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს, სადაც სამსახურეობრივი მოვალეობისას დაღუპულთა პანაშვიდს დაესწრნენ.

პარალელურად რამდენიმე აქცია გაიმართა აჭარაშიც. აჭარის პროფკავშირების გაერთიანების წევრები ხულოში, დიდაჭარის მშენებარე ჰიდროელექტროსადგურთან მივიდნენ, სადაც გასულ კვირას მომხდარ უბედურ შემთხვევისას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კოლეგებმა დაღუპულებს პატივს მიაგეს და მათი ხსოვნის პატივსაცემად სიმბოლურად ნერგები დარგეს.aqcia