პროფკავშირები ისტორიული პროცესის შედეგად ჩამოყალიბდა როგორც მშრომელთა სოციალური, შრომითი, მატერიალური და პროფესიული უფლებების დაცვისა და ინტერესების წარმომადგენლობის საიმედო საზოგადოებრივი ინსტრუმენტი. ეს ინსტიტუტი მოწოდებულია იმოქმედოს მიზნით, რომ შრომის პროცესის მშრომელს ერთ დიდ დამთრგუნველ პროცესად არ ექცეს.
ისტორია გვაჩვენებს რომ საწარმოო-შრომითი პროცესი სწორხაზოვნად არ მიემართება პროგრესისა და ჰუმანიზმისკენ. მას ზიგზაგისებური ფორმა აქვს და ხშირად უკუსვლასაც განიცდის. ხშირად გავლილი ეტაპი თავს კვლავ ავლენს და ახალ გარსაცმში შეფუთული კვლავ ცდილობს თავის დამკვიდრებას საწარმოო-შრომით ურთიერთობებში.
სოცილური პარტნიორობის მიმართ ალერგიულები პროფკავშირების წინააღმდეგ სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ. ერთ–ერთი ასეთი მეთოდიაარა ფლექსიბილიზაცია. მას მაშინ მიმართავენ როცა სურთ პროფკავშირი საწარმოო-შრომით ურთიერთობებში “თამაშგარე“ მდგომარეობაში ჩააყენონ. ფლექსიბილიზაცია გველივით მოქნილი და მაცდურია. იგი მზრუნველის ნიღბით ევლინება საწარმოო–შრომით ერთიერთობებს და დასაქმებულს უბიძგებს უარი თქვას პროფკავშირზე და მარტოდ აწარმოოს მოლაპარაკება. ფლექსიბილიზაცია პროფკავშირი „მესამე და სრულიად ზედმეტ ელემენტად“ მოიხსენიებს და დასაქმებულს მისგან დამოუკიდებლად მოქმედებისკენ მოუწოდებს. „დაყავი და იბატონე“ – ეს ყველაზე ზუსტად გამოხატავს ფლექსიბილიზაციის არსს.
ფლექსიბილიზაცია ანაკუწდებს მშრომელთა საერთო სტრატეგიული ინტერესებს და მათ ფარავს ცალკეულის გარდამავალი და მოკლე ვადის, უაღრესად სპეციფიკური ინტერესით. ფლექსიბილიზაცია ეხება სამუშაო დროს, შრომის ორგანიზაციასა და ხელფასს. მოქნილობის საბაბით ისინი გამოჰყავს პროფკავშირად ორგანიზებული დასაქმებულთა შრომითი ინტერესების კოლექტიური მოქმედების ფორმებითა და სამართლებრივი ნორმებით დამცავი სისტემიდან, დამსაქმებლის პროფკავშირთან კოლექტიური შრომითი მოლაპარაკებებით მიღწეული სატარიფო შეთანხმებებიდან. ფლექსიბილიზაცია შრომის ბაზრის რეგრესს ახდენს, როცა იგი დასაქმებულს დამსაქმებელთან მარტოკაცად ურთიერთობაში ითრევს. მარტოკაცი სამუშაოს მაძიებელი სრულიად უმწეოა, როცა მას ზურგს არ უმაგრებს კოლექტიური მოქმედების ორგანიზაცია – პროფკავშირი, კანონში დაფიქსირებული თავისი სამართლებრივი სტატუსითა და სოციალური გარანტიებით. ფლექსიბილიზაციის ამოცანაა მშრომელთა სოლიდარობის სიმტკიცის დარღვევა. დასაქმებულები თუ ურთიერთთან დაპირისპირებულნი ხდებიან უკვე მათთვის შეუძლებელი ხდება საერთო სტრატეგიულ ინტერესების დაცვა და ისინი უაღრესად დამყოლი ხდებიან მენეჯმენტის ნებისმიერი კაპრიზისადმი. მენეჯმენტს ამით გზა ეხსნება ვოლუნტარიზმისა და სუბიექტივიზმისკენ და ის ავლენს კიდეც მათ მშრომელთა ხელფასების, შრომის პირობებისა და სამუშაო დროის მიმართ. ფლექსიბილიზაცია ანადგურებს პროფკავშირების მიერ ორი საუკუნის განმავლობაში დიდი ძალისხმევით მიღწეული ისეთი მონაპოვარებს როგორიცაა: შრომის მინიმალური სტანდარტი, გარანტირებული მინიმალური ხელფასი, უსაფრთხოების მინიმალური პირობები, განსაზღვრული სამუშაო დრო. ინდივიდუალური თავისუფლებით მოხიბლული დასაქმებული კი შეიძლება მარტოდ მარტო სრულიად მოულოდნელად ქუჩაშიც აღმოჩნდეს ფლექსიბილიზაციის გამო.
ფლექსიბილიზაციით დასაქმებული აგებს, რადგან მისი შრომა კი არ გადანაწილდება, არამედ იგი კარგავს ნორმალური სამუშაო დროით განსაზღვრულ ანაზღაურებას. ფლექსიბილიზაცია მთლიანობაში სამუშაო ძალას აიაფებს, ახდენს შრომითი კოლექტივის სეგმენტიზაციას და დესოლიდარიზაციას, ხდის მას მენეჯმენტის კაპრიზის მორჩილად დამყოლად. ფლექსიბილიზაციის გამო სამუშაო დრო იზრდება და შრომა პატაგონურ ხასიათს იძენს.
ფლექსიბილიზაციის მცდელობის პირველივე ნიშანს პროფკავშირებმა აქტიური პასუხი უნდა გასცენ და არ უნდა დაუშვან რომ გაუცხოება მოხდეს სამუშაო დროის სისტემასა და სატარიფო-ხელშეკრულებით სტანდარტებს შორის. შრომითი კანონმდებლობის დამცავი ნორმების შესანარჩუნებლად პროფკავშირმა სოციალური პროტესტის ყველა აპრობირებული მეთოდი უნდა იქნეს აამოქმედოს. მისი ძალისხმევით სციალურ პროტესტში უნდა ჩაერთონ როგორც კადრის, ასევე დროებით დასაქმებული მუშაკებიც. პროფკავშირების ამოცანაა რომ ყველა სამუშაო ადგილზე იყოს სრული და არასრული სამუშაო დროის მინიმალური და მაქსიმალური კვოტები, ნაწილობრივ დასაქმებული სამუშაო კვირა 20 საათზე, ხოლო სამუშაო დღე 4 საათზე ნაკლები არ უნდა იყოს, სოციალური დაზღვევა და სატარიფო ხელშეკრულებების პირობები სრულად და თანასწორად უნდა ვრცელდებოდეს ყველა კატეგორიის დასაქმებულზე, საზოგადოებრივი აზრი კრიტიკული უნდა იყოს ფლექსიბილიზაციის მეთოდის მიმართ. პროფკავშირმა უნდა იმოქმედოს იმ მიმართულებით, რომ სამუშაო დრო ეტაპობრივად კი არ იზრდებოდეს, არამედ მცირდებოდეს, რათა მშრომელს შეეძლოს დახარჯული ენერგიის აღდგენა, ზრუნვა საკუთარი პიროვნების გონებრივ-ფიზიკურ და კულტურულ განვითარებაზე. არსებული შრომის ორგანიზაციის ფორმები, ტექნიკა და ტექნოლოგიები ადამიანის დეგრდაციას და არა მის ჰუმანიზაციას ემსახურება. ამ ვითარების შეცვლა შესაძლებელია შრომის ორგანიზაციაში, ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვაში პროფკავშირების თანამონაწილეობის უზრუნველყოფით. პროფკავშირების მხრიდან ამ პროცესზე მონიტორინგი კონტროლის ელემენტებით უწყვეტი უნდა გახდეს, რაც ხელს შეუწყობს პროფკავშირებში გაერთიანებული მეცნიერების მხრიდან სოციალური და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ეფექტურ განხორციელებას.
ახალი ტექნიკა და ტექნოლოგიები, შრომის ახალი ორგანიზაცია ზრდის შრომის ნაყოფიერებას, მაგრამ თუ არ მოხდა ამ პროცესებში პროფკავშირების ჩართვა დასაქმებულის ხელფასი არ გაიზარდება, სამაგიეროდ გაიზრდება მისი შრომის ინტენსიფიკაცია და შეიძლება მისი სამუშაო დროც. სიახლე მუშაკთა გადამზადების ან მათთვის ახალი კვალიფიკაციის მიცემას უნდა იწვევდეს და არა სამუშაო ადგილების მექანიკურ შემცირებას. გადაიარაღების პროცესი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს, პროფკავშირები სათანადოდ უნდა იყვნენ ინფორმირებულები, რათა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისინიც ჩაერთონ. პროფკავშირები პარიტეტულად უნდა თანამონაწილეობდნენ შრომის, ტექნიკის, ტექნოლოგიების და ეკოლოგიის სანფორმაციო-საკონსულტაციო კომისიებში. მმართველობაში თანამონაწილეობა დასაქმებულთა სოციალური, შრომითი, მატერიალური და პროფესიული ინტერესების დაცვას და ამით შრომის ნაყოფიერების ზრდასაც შეუწყობს ხელს.
სოციალური აქტივობა სამოქალაქო ინიციატივებით თავის თავში სოციალური კონფლიქტის ელემენტსაც შეიცავს, მაგრამ ნათელია რომ მხოლოდ ეს მეთოდი ეხმარება საზოგადოებას შექმნას ამ საზოგადოების წევრთათვის სოციალურად სამართლიანი, შესაბამისად კი ეფექტურად ფუნქციონირებადი ეკონომიკა.
პროფკავშირთან საბრძოლველი იარაღი ფლექსიბილიზაცია, მშრომელთაგან მაქსიმალური „ოფლის“ გამოწურვის საშუალებაა და მისგან თავის დაცვა პროფკავშირად დარაზმულ მშრომელებს ძალუძთ მხოლოდ.
დავით არაბიძე