დასაქმებულთა უფლებების დარღვევის კუთხით ყველაზე რთული სიტუაცია ინდოელების და აზერბაიჯანელების მიერ დაფუძნებულ კომპანიებშია. ამის შესახებ განცხადება რადიო “კომერსანტის“ გადაცემა “მსმენელის დროში“ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, მაგალითად, კომპანია “სოკარში“ ფეხქვეშ ითელება დასაქმებულთა უფლებები.
როგორც პეტრიაშვილი აცხადებს, ამ მხრივ ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაა მეტალურგიულ და სამშენებლო სექტორებში, სადაც შრომის უსაფრთხოებაც მძიმე მდგომარეობაშია და დასაქმებულთა უფლებებიც.
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის განცხადებით, როდესაც სახელმწიფოს არ ექნება განცდა და სურვილი, რომ კანონმდებლობა სრულდებოდეს და ამისთვის შესაბამისი დაწესებულებები ჰქონდეს, ბუნებრივია უცხოელი დამსაქმებელი მითუმეტეს არ შეასრულებს შრომის კოდექსს და თუ საშუალება ექნება, სიამოვნებით აარიდებს თავს ამ კანონის შესრულებას.
მისივე განცხადებით, შრომის კოდექსში შესული ცვლილებები ამ კანონს ხდის უფრო ცივილიზებულს და არ არღვევს დასაქმებულის უფლებებს. რეალობაში კი გვრჩება ის სიტუაცია, რაც გვქონდა ძველი შრომის კოდექსის მოქმედების პირობებში.
“ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა ამბიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თავის მიერვე მიღებული ცვლილებები დასულიყო მოქალაქეებამდე. კვლავ პრობლემად რჩება ზეგანაკვეთური შრომა, კონტრაქტების საკითხები და ასე შემდეგ,“ – აცხადებს პეტრიაშვილი.
შეგახსენებთ, შრომის კოდექსში ცვლილებები დაახლოებით ერთი წელია შევიდა.
“სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ დირექტორი დავით ზუბიტაშვილი “გაერთიანებული პროფკავშირების“ თავმჯდომარის ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ კომპანია “სოკარში“ 8 კომპანიაა გაერთიანებული, ამიტომ გაურკვეველია რომელ კომპანიას გულისხმობდა პეტრიაშვილი.
რაც შეეხება მის დაქვემდებარებაში არსებულ „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“, ზუბიტაშვილის განცხადებით, მის კომპანიაში შრომითი უფლებები არ ირღვევა და ამ მხრივ ყველაფერი იდეალურადაა.