მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფესიული კავშირები ლუქსემბურგში

 

სტატია მომაზადა: დავით არაბიძემ

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო ტერიტორიით მცირე ზომის სახელმწიფოა და იგი სულ რაღაც 2,6 ათას კვდრატულ კილომეტრსწ მოიცავს, მაგრამ მისი ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ეკონომიკაა, როგორც ევროპაში, ასევე მსოფლიოში. დიდი საჰერცოგო მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო ცენტრია. ქვეყანა 1839 წლიდან არსებობს, როგორც ევროპელ მონარქთა მიერ მიღებული კომპრომისული გადაწყვეტილება. დღეს ევროპის კავშირში ლუქსემბურგს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, მისი ინდუსტრია აღმავალ ტალღაზეა, განსაკუთრებით მსხვილი მეტალურგია, რომელშიც წამყვანი პოზიციები ფრანგულ-ბელგიურ კაპიტალს უკავია.

ლუქსემბურგში პროფკავშირული მოძრაობის გაშლა პირველ რიგში მაღაროებსა და მეტალურგიულ ქარხნებს უკავშირდება, სადაც თავდაპირველად ჩამოყალიბდნენ პირველი პროფკავშირები. ლუქსემბურგის მშრომელთა ეროვნული ფედერაცია 1918 წელს დაფუძნდა, ხოლო 1921 წელს საფუძველი ჩაეყარა ლუქსემბურგის ქრისტიანული პროფკავშირების კონფედერაციას. ამ ორი პროფგაერთიანების განმასხვავებელი ნიშნები იყო, როგორც იდეოლოგია, ასევე შემადგენლობაც. პირველ პროფგაერთიანებაში უდიდესი ადგილი ეკავა ინდუსტრიულ და სამთამადნო სფეროს მუშებს, როცა მეორე გაერთიანებაში ძირითადად წარმოდგენილი იყვნენ მცირე საწარმოთა მუშაკები და ხელოსნები. ამ ორი დიდი პროფგაერთიანებისგან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ მბეჭდავთა, მოსამსახურეთა და რკინიგზელთა პროფკავშირები. მეორე მსოფლიო ომმა, გერმანულმა ოკუპაციამ და შემდეგ განთავისუფლებამ ბევრი რამ  შეცვალა ლუქსემბურგში. 1945 წელს დაფუძნდა ლუქსემბურგის თავისუფალი პროფკავშირების ფედერაცია, რომელიც პროფკავშირების მსოფლიო ფედერაციის წევრი გახდა. 1965 წელს ეს პროფგაერთიანება შეერწყა ლუქსემბურგის მშრომელთა ეროვნულ ფედერაციას, ეს პროცესი წარმატებით დაგვირგვინდა 1979 წელს ლუქსემბურგის პროფკავშირების დამოუკიდებელი გაერთიანების ჩამოყალიბებით. ეს პროფგაერთიანება ლუქსემბურგში ყველაზე დიდი სოციალური გაერთიანებაა. მისი უმაღლესი ორგანოა 5 წელიწადში ერთხელ მოწვეული ეროვნული ყრილობა. პროფგაერთიანებას ყრილობებს შორის ეროვნული კომიტეტი ხელმძრვანელობს, რომელსაც ოპერატიული მართვისთვის საკუთარი რიგებიდან არჩეული ჰყავს აღმასრულებელი სამდივნო. პროფგაერთიანება სექციებად არის დაყოფილი, რომელთა კომპეტენციაშია საკუთარ სფეროში კოლექტიური ხელსეკრულებების დადება და სხვა პროფკავშირული მუშაობის გაწევა. სექტორების მუშაობას ხელმძღვანელობენ საკუთარი სამდივნოები, მათ ასევე ჰყავთ წარმომადგენელები ეროვნულ კომიტეტში. პროფგაერთიანებას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე.

ლუქსემბურგის პროფკავშირების დამოუკიდებელი გაერთიანების პროგრამა მიზნად ისახავს „დემოკრატიის საფუძველზე საწარმოო ურთიერთობების ჰუმანიზაციას“,  ყველა შრომისუნარიანის უზრუნველყოფას სამუშაო ადგილით, შემოსავლების სამართლიან განაწილებას, დასაქმებულთა პარიტეტულ მონაწილეობას წარმოების მართვაში და შერჩევით ნაციონალიზაციას.

ლუქსემბურგის ქრისტიანული პროფკავშირების კონფედერაცია ასევე აქტიური სოციალური ძალაა ქვეყანაში. მასში მოქმედებს დარგობრივი ფედერაციები. ქრისტიანული პროფგაერთიანება, მართალია თავს იკავებს თუნდაც შერჩევითი ნაციონალიზაციის მოთხოვნისაგან, მაგრამ თავის წევრების სოციალურ-ეკონომიკური და შრომითი ინტერესების დასაცავად აქტიურად მიმართავს საპროტესტო აქციებსა და სხვა ღონისძიებებს.

ლუქსემბერგის ორივე დიდი პროფგაერთიანება არის წევრი, როგორც პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციისა, ასევე პროფკავშირების ევროპული კონფედერაციისა.

ლუქსემბურგში პროფკავშირები ორგანიზებული და ქმედითი სოციალური ძალა და მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ქვეყანაში არსებულ სოციალურ-შრომით ურთიერთობებზე.

3091768