გორის სასამართლოს მოსამართლემ დავით პაპუაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის სოფლების – ვარიანისა და შინდისის ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტები ირმა პაპუნაშვილი და იზოლდა კოკაური სამსახურში აღადგინა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ 2013 წლის 19 ივნისს მიიღო.
სამსახურიდან გაშვებულ საჯარო მოხელეებს საქართველოს პროფესიუილი კავშირების გაერთანების გორის ოფისმა გაუწია იურიდიული დახმარება და უზრუნველყო მათი ინტერესების სასამართლოში დაცვა
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით რაზმაძეს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ დანიშნული მთავარი სპეციალისტების გათავისუფლების უფლება არ ჰქონდა.
ირმა პაპუნაშვილის განცხადებით, მისი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, ანალოგიურს – ვარიანის ტერიტორიული ორგანოს აწ უკვე აღდგენილი მთავარი სპეციალისტი იზოლდა კოკაური აცხადებს.
სამსახურიდან გათავისუფლებული სპეციალისტების ინტერესების დამცველი, პროფკავშირების გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა კალმახელიძე აცხადებს, რომ მათი სარჩელი მოსამართლე მთალიანად დააკმაყოფილა. “სამსახურში აღდგენასთან ერთად განაცდურის ანაზღაურებაც დაეკისრა” – განაცხადა კახა კალმახელიძემ. რაც შეეხება სასარჩელი მოთხოვნის არგუმენტებს, კახა კალმახელიძე ამბობს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება არასწორად გამოიტანა:
“მთავარი სპეციალისტები დანიშნულები იყვნენ მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ, შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება არ ჰქონდა გათავისუფლების ბრძანებებს ხელი მოეწერა. ყველა ეს გადაწყვეტილება მოსამართლის მიერ გაბათილებულ იქნა” – ამბობს კახა კალმახელიძე.
ტექსტი მომზადებულია www.qartli.ge–ს ინფორმაციაზე დაყრდნობით