მიმდინარეობს საიტის განახლება

პრობლემები საქართველოს რკინიგზაში – გადაწყვეტის გზები

ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების გზაზე განსაკუთრებულ მნიშვნელობა აქვს მასში სოციალური პასუხისმგებლობისა და სოციალური პარტნიორობის განვითარება. მაგრამ თუ ადამიანში ეს სოციალური პასუხისმგებლობა და პარტნიორობისათვის მზაობა არ არის, მაშინ ის საზოგადოების ცივილიზებული წევრი ვეღარ ხდება და ამით იგი პრობლემებს უქმნის არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ საზოგადოებასაც.

საქართველოს რკინიგზა უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტია რაც საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. აქ განვითარებული მოვლენები ზუსტად აჩვენებს საზოგადოებრივი „დუღილის“ მაჩვენებელს, ქვეყანაში სოციალური პასუხისმგებლობისა და სოციალური პარტნიორობის მდგომარეობას.

მოძრავი „უძრაობის“ დაისს – 2012 წლის აგვისტოსა და ოქტომბერში საქართველოს რკინიგზაში გაფიცვები განხორციელდა. რკინიგზელები ამ გაფიცვებით ლიბეტარიანული დოგმებზე დაფუძნებული სისტემისაგან იცავდნენ მუშაკთა კანონიერ სოციალურ, შრომით, მატერიალურ და პროფესიულ უფლებებსა და ინტერესებს. საქართველოს რკინიგზის ძველი ადმინისტრაცია წასვლის რეჟიმში იმყოფებოდა, რკინიგზელებში იყო საოცნებო იმედი რომ ახალი ადმინისტრაცია ახალ სოციალურ მიდგომებს მიანიჭებდა უპირატესობას. რკინიგზელთა ეს ოცნება ფუჭი აღმოჩნდა. ძველთა კაბინეტებში შესულ ახლებს სოციალური პასუხისმგებლობისა და სოციალური პარტნიორობისადმი ძველთა ალერგია შეეყარა. ძველთათვის „ოქროდ“ მბრწყინავი ჰამლეტ ლომიძის „პროფლიდერული“ ხიბლი ახლებისათვისაც თვალის მომჭრელი აღმოჩნდა. ასე მოხიბლულმა ახლებმა არ დაზოგეს არც საკუთარი და არც სხვისი თავი და ფიცითა და მტკიცით კვლავ „ოქროდ“ მბრწყინავი პროფკავშირული სიმულაცია არჩიეს, სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელ პროფკავშირებთან სოციალურ პარტნიორობას.

საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციის მიერ სახით არა რკინიგზელების, არამედ „ოქროდ“ დაფერილი პროფსიმულაციისკენ მიტრიალებას, დასაქმებულებმა თავისუფალი ნება დაუპირისპირეს. 2013 წლის 25 ივნისს დაფუძნდა საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი, რომლი თავმჯდომარედ აირჩიეს ვიტალი გიორგაძე – ის ვინც სათავეში ედგა 2012 წელს რკინიგზელთა გაფიცვებს. რადგან ახალი პროფკავშირი თავისუფალი იყო ადმინისტრაციის კაპრიზებისაგან, რკინიგზელებმა მას ნდობა გამოუცხადეს და მის რიგებში სწრაფად გაერთიანდნენ. საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმატებული სტარტი. არ იცოდნენ რა არაფერი თავისუფალი პროფკავშირის მიერ მუშაკთა კოლექტიური მოქმედების დამრაზმავი შესაძლებლობების შესახებ, რკინიგზის ადმინისტრაციამ არაადეკვატური დამოკიდებულება გამოავლინა რკინიგზელთა სოციალური, შრომითი, მატერიალური და პროფესიული უფლებებისა და ინტერესების მიმართ. სხვა ფაქტორებთან ერთად ადმინისტრაციის სრულიად არა ადეკვატურმა დამოკიდებულებამ განაპირობა 2014 წელს რკინიგზაზე გაფიცვა. ადმინისტრაციის სოციალური უპასუხისმგებლობით პროვოცირებული 9 დღიანი გაფიცვა კვლავ ახალი პროფკავშირის სოციალური პასუხისმგებლობის საფუძველზე, კომპრომისით დასრულდა. 2014 წლის 3 დეკემბერს ღამის 22 საათზე რკინიგზის ადმინისტრაციამ თანახმა განაცხადა კომპრომისულ შეტანხმებაზე, მაგრამ დილის 5 საათზე ეს კომპრომისული შეთანხმება გაფორმდა არა ახალ პროფკავშირთან, არამედ ჰამლეტ ლომიძის ჯგუფთან, რომელიც გაფიცვის მიმართ შტრეიკბრეხერობით იყო დაკავებული. რკინიგზის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურმა (ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია) საერთოდ ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კულბიტი განახორციელა, ეს მოსალოდნელი იყო კიდეც რადგან ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მოლაპარაკებების ოქმებზე ხელი არ ჰქონდათ მოწერილი.

გაფიცვის შემდეგ რკინიგზის ადმინისტრაციამ „ოქროდ“ მბრწყინავ ფსევდოპროფკავშირთან კიდევ უფრო გაუმჯობესებულ პირობებზე მოაწერა ხელი და იმ მუშაკებს ვინც გაფიცვაში მონაწილეობა არ მიიღო 4 თვის განმავლობაში მათი ხელფასის 100%-ის მოცულობის პრემია გადასცა, მაშინ როცა გაფიცულ რკინიგზელებს მხოლოდ ერთჯერადად მიეცათ მათი ხელფასის 50%-ის პრემია, გაფიცულებს საერთოდ არ აუნაზღაურდათ ლეგიტიმურ გაფიცვაში მონაწილეობის 9 დღე. მუშაკებს შორის უნდობლობისა და შიდა განხეთქილების გასაღვივებლად თბილისის სალოკომოტივო-მახარისხებელი დეპოს გაფიცულ მუშაკთაგან 16-ს გადაუხადეს მათი ხელფასის 100%-ის მოცულობის პრემია. გაფიცვის ლეგიტიმური ხასიათის მიუხედავად ადმინისტრაციამ ინკვიზიციური მეთოდების გამოყენებით სამუშაო ადგილები დაატოვებინა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების გამგეობის წევრებს კახა კახაძეს, დავით აბრამიშვილს, დავით ვაშაკიძეს, ხოლო როცა ახალი პროფკავშირის გამგეობის წევრ მერაბ თარგამაძეს ვერანაირი საბაბი ვერ მოუნახეს, რკინიგზიდან გაუშვეს მისი მამა თეიმურაზ თარგამაძე. რეპრესიები ამით არ ამოიწურა, შიდა ბერკეტებით ადმინისტრაციამ მუშაკებს, განსაკუთრებით სალოკომოტივო-მახარისხებელ დეპოსი დასაქმებულებს მოსთხოვა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირიდან გამოსვლა და „ოქრო“ ფსევდოპროფკავშირში გაწევრიანება, 13 ათასზე მეტ დასაქმებულსა და მათი ოჯახის წევრებს შეუწყვიტა კორპორაციული დაზღვევა, დაიწყო მასობრივი შემცირებები რკინიგზის ინფრასტრუქტურის ფილიალებში. ადმინისტრაცია მუშაკებისა და მათი ოჯახების მიმართ  ფსიქოლოგიურ რეპრესიასაც არ მოერიდა და შანტაჟის იარაღად მუშაკთა მიერ საბანკო კრედიტები და მათი სახელფასო-საპრემიო სისტემა გამოიყენა.

ეს ყოველივე ნათლად აჩვენებს რომ ახალი ადმინისტრაცია ძველთა მსგავსად  სოციალური დარვინიზმის დებულებებით ხელმძღვანელობს და ადამიანის სოციალური და ეკონომიკური უფლებებისა და შრომის თავისუფლების შესახებ სასწრაფოდ განათლებას საჭიროებს.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ხელმძღვანელობს რა სოციალური პარტნიორობის პრინციპით მზად არის ადმინისტრაციასთან 2014 წლის 3 დეკემბერს მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული სოციალურ-შრომითი საკითხების კომისიასთან ითანამშრომლოს, რათა რკინიგზის მუშაკთა არსებული პრობლემური საკითხები მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყდეს. ადმინისტრაციას აქვს არჩევანი, მას შეუძლია აირჩიოს ექსტრემისტული გზა და უარი თქვას სოციალურ პასუხისმგებლობასა და პარტნიორობაზე რკინიგზელთა ახალ პროფკავშირთან, დაიწყოს ანტიდემოკრატიული რეპრესიების ახალი ტალღა და სცადოს რკინიგზის მუშაკებზე ტოტალური კონტროლის დაწესება, რაც უცილობლად გამოიწვევს ლეგიტიმურ წინააღმდეგობას მუშაკებში გაფიცვებისა და პიკეტების სახით, რომელსაც მოჰყვება მთელი სარკინიგზო ქსელის ფუნქციონირების შეჩერება, რაც აუცილებლად აისახება ქვეყნის საერთო ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამ ვითარების თავიდან აცილებას ადმინისტრაციას თავისუფლად შეუძლია და ამისთვის საკმარისია რომ მათ იხელმძღვანელონ კანონით და დაიწყონ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. რკინიგზელთა ახალ პროფკავშირთან სოციალური დიალოგით ადმინისტრაციას აქვს სრული შესაძლებლობა ცივილიზებული მეთოდებით იწყოს რკინიგზაში ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი სოციალური, შრომითი, მატერიალური და პროფესიული სახის პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა. სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპი და კანონი ადმინისტრაციას ავალდებულებს იმოქმედოს ცივილიზებული მეთოდებით, რაც სრულად შეესაბამება საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების ინტერესებს. საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის სახით სოციალურ დიალოგს ხომ კონსტრუქციული პარტნიორი ჰყავს.

დავით  არაბიძე