პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კაზრეთში გაფიცული მუშების სამუშაო პირობები მისი დავალებით გამოსწორდება. აღნიშნულის შესახებ პრემიერმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
სტუდენტის შეკითხვაზე თუ როდის გაირკვევა მათი საკითხი, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ შექმნლია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ საკითხს სწავლობს.
“ჩვენ დავნიშნეთ უკვე წარმომადგენელი. სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, მიმდინარებს ინტენსიური მუშაობა. თუ გარკვეული პრობლემები აქვთ, ეს პრობლემები მოგვარდება. კომპანიამ გამოთქვა სურვილი, რომ პირობებს გააუმჯობესებს. რაც შეეხება ხელფასებს, მე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ რაც მითხრეს იყო ის, რომ სამასი ლარი ნამდვილად არ აქვთ. საშუალო ხელფასი არის 500 ლარი და 700 ლარი. მაგრამ პირობებზე ვთანხმდებით. თუ პირობები არის მძიმე, პირობები უნდა გამოასწორონ. ამაზე ორი აზრი არ არსებობს და აბსოლუტურად ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას და ჩემი დავალებით ძალიან მალე იქნება ეს პირობები გამოსწორებული”,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კომპანია RMG-ის მუშები კაზრეთში 14 თებერვლიდან გაფიცვას აწყობენ. ისინი სამუშაო და სადაზღვევო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების ზრდასა და გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენას მოითხოვენ. კონფლიქტის მოსაგვარებლად ჯანდაცვის სამინისტრომ დანიშნა მედიატორი. საკითხს შეისწავლის სოციალური თანამშრომლობის სამმხრივი საბჭო, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს.