16 მარტს დაბა ქსანში გაიმართა საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის, სს ,,მინა“-ს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კომიტეტის სხდომა.
კომიტეტმა განიხილა საწარმოში არსებული დასაქმებულთა შრომით-სამართლებრივი მდგომარეობა. განისაზღვრა ყველაზე აქტუალურ პრობლემათა ნუსხა:
1. წელიწადზე მეტია კომპანიის ადმინისტრაცია არ ასრულებს დარგობრივი პროფკავშირის ხელმძღვანელთან ნათქვამ პირობას იმის შესახებ, რომ მე-2 ღუმელის დამონტაჟებისა და ამუშავების შემდეგ მოაწერდა ხელს კოლექტიურ ხელშეკრულებას, რომლის პროექტზე მუშაობა მხარეებმა ორი წლის უკან დაასრულეს.
2. კომპანიის ადმინისტრაციის წარმომედგენლებისგან გაჟღერებული ინფორმაციების შესაბამისად შრომით კოლექტივში არსებობდა მოლოდინი, რომ მე-2 ღუმელის დამონტაჟებისა და ამუშავების შემდეგ, 2015 წლის იანვრიდან შრომის ანაზღაურება გაიზრდებოდა მინიმუმ 15-20%-ით, რეალურად კი ადმინისტრაციამ განახორციელა მხოლოდ ინდექსაცია ინფლაციისა და სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების ზრდის მიხედვით, რის შედეგადაც ხელფასმა მხოლოდ 5%-ით მოიმატა.
3. საწარმოში იმატა შემთხვევებმა, როდესაც ადამიანებს ამუშავებენ ზეგანაკვეთური შრომით და მას ცალსახად სთავაზობენ დასვენების საათებს ისიც მაშინ, როდესაც ადმინისტრაცია მიუთითებს. კანონით კი ზეგანაკვეთური შრომის დროს დასაქმებულმა თავად უნდა აირჩიოს ანაზღაურების გადახდის ფორმა და პერიოდი, წინააღმდეგ შემთხვევაში უფლება აქვს უარი ტქვას ზეგანაკვეთური შრომის შესრულებაზე.
პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წევრებმა ასევე გამოთქვეს ინიციატივა, რომ კომიტეტში ცვლილებების განხორციელებაც არ იქნებოდა ურიგო, რაც მათი აზრით გადაახალისებს პროფკავშირულ ძალებს, ენერგიას და მოახდენს ლეგიტიმაციის გარკვეულ ოპტიმიზაციას.
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წლის 4 აპრილს 15:00 საათზე გაიმართოს სს ,,მინა“-ს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის რიგგარეშე საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია.