პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექორის აპარატმა ინსპექტირების გადაწყვეტილება გუშინ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღო, რომლის თანახმად ”ფრესკოს” გასახდელებში ვიდეოთვალთვალი ხორციელდება.
ინსპექტირება ნებისმიერ შემთხვევაში ჩატარდება იმ ფილიალებში, რომლებიც გუშინ ყოფილი თანამშრომლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დასახელდა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა სხვა ფილიალებიც შემოწმდეს.
როგორც მედიას ინსპექტორის აპარატში განუმარტეს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ვიდეოთვალთვალი გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ოთახებში დაუშვებელია. ეს პირდაპირ წერია კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტში.
გარდა ამისა, კანონი განსაზღვრავს სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის მიზნებსა და საფუძვლებსაც და ამბობს, რომ: „სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენებისას შესაბამის კერძო ან საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული ყველა პირი წერილობითი ფორმით უნდა იყოს ინფორმირებული ვიდეოთვალთვალის განხორციელებისა და მისი უფლებების შესახებ“.
”შემოწმება ე.წ. ინსპექტირება გულისხმობს როგორც ადგილზე ვითარების გაცნობას, ისე დოკუმენტების, ჩანაწერების და ინფორმაციის გამოთხოვას/გაცნობას, ზეპირი განხილვის ჩატარებას, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან, ისე მონაცემთა სუბიექტისგან ახსნა-განმარტებების მიღებას და სხვა. კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, განისაზღვრება საჭირო ღონისძიებები და ინსპექტორის აპარატი გამოიყენებს კანონით გათვლისწინებულ ყველა საჭირო უფლებამოსილებას იმისთვის, რომ შემოწმება სრულყოფილად ჩატარდეს და ყველა გარემოება იქნას გამოკვლეული”, – აცხადებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში.
მათივე განმარტებით, თუ გარემოებების შესწავლის შედეგად კანონით გათვალისწინებული წესის დარღვევა დადგინდება, ეს გამოიწვევს დამრღვევი დაწესებულების გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 500 ლარით. განმეორებით შემთხვევაში – 2000 ლარით.
გარდა ამისა, კანონმდებლობა ითვალისწინებს ინსპექტორის უფლებამოსილებას მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა და მოპოვებული მასალის განადგურება.
შეგახსენებთ, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოში“ ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შემთხვევებზე საუბრობენ. პრესკონფერენციას „ფრესკოს“ ყოფილი თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ირაკლი პეტრიაშვილმა ყურადღება გაამახვილა, „ფრესკოს“ ფილიალების გასახდელებში დამონტაჟებულ კამერებზე.
”იკვეთება, რომ სუპერმარკეტების ქსელის გასახდელების უმეტეს ნაწილში კამერა არის მხოლოდ ქალების განყოფილებაში, რაც იმთავითვე აჩენს პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის ეჭვს, რომელიც შესაძლოა, ატარებდეს სექსუალური შევიწროების ხასიათს. წვდომა ვიდეო მასალაზე აქვს ადმინისტრაციის ყველა წარმომადგენელს, (მამაკაცებს და ქალებს) ასევე აღსანიშნავია, რომ დაცვისთვის განკუთვნილ ოთახში, სადაც ხდება კამერების მუდმივი მონიტორინგი, ხშირად შედიან მამაკაცები. თანამშრომელ ქალებს არაერთხელ გაუგიათ საგანგებოდ დაკეტილი დაცვის ოთახიდან სიცილის ხმები, მაშინ როდესაც გასახდელებით გოგონები სარგებლობდნენ. გასახდელების თვალთვალის და ვიდეო კადრების ხელმისაწვდომობას ადასტურებენ „ფრესკოს“ დაცვის ყოფილი თანამშრომლებიც. ერთ- ერთი მათგანი სექსუალური ხასიათის შევიწროების ფაქტზეც ამახვილებს ყურადღებას. თანამშრომელი გოგონები ყვებიან, რომ ყველაზე ხშირად ამ ოთახში ორი მამაკაცი დაცვის უფროსი დავით ბულია და მისი მოადგილე ალექსანდრე ქაჩიბაია შედიოდნენ, რომლებიც პირად საუბრებში უდასტურებდნენ თანამშრომლებს, რომ მაღაზიების ფილიალების ყველა დარბაზის და ასევე გასახდელების მონიტორინგი დაცვის ხელმძღვანელების ადგილზე არყოფნის დროს – საცხოვრებელი ბინებიდანაც ხდებოდა”,- განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
წყაროები:
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება
სააგენტო ინტერპრესნიუსი