მოგესალმებით ყველას, მსოფლიო საზოგადოებისთვის ამ რთულ პერიოდში!
დღეს ჩვენ არაორდინალურ გარემოში გვიწევს შეხვედრა, და ეს მსოფლიოში არსებული არაორდინალური სიტუაციით არის განპირობებული. მადლობას ვუხდი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს გაი რაიდერს, ჰაინზ კოლერს – შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალურ აზიის ოფისის რეგიონულ დირექტორს, და ყველა მათ, ვინც ორგანიზება გაუკეთა ასეთ მნიშვნელოვანი შეხვედრას.
მილიონობით დაკარგული სამუშაო ადგილი, დახურული ბიზნესები, შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები, ეს არის ის მწარე რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ. შემოსავლის გარეშე დარჩენა განსაკუთრებით მწვავე პრობლემას განვითარებადი ქვეყნებისთვის წარმოადგენს, რომელთა ბიუჯეტშიც არც მანამდე იყო სოციალური ხარჯები საკმარისად გათვალისწინებული, ამის გამო ამ ქვეყნების ბევრი მოქალაქე სამუშაო ადგილის დაკარგვის შემდეგ, მინიმალური უზრუნველყოფის გარეშე რჩება.
ეკონომიკური სამართლიანობის, დემოკრატიული ჩართულობისა და თანასწორობის საფუძველზე წესრიგის უზრუნველყოფა – ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ “საზოგადოებრივ ხელშეკრულებას“ , რომელიც უმთავრესი ამოცანაა მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპისა და შუა აზიის რეგიონში.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) ნორმების სისტემა, ფუნდამენტური უფლებები შრომის სფეროში, სოციალური დიალოგი – უნიკალური არქიტექტურაა, რომელმაც დაამტკიცა მისი ეფექტურობა კრიზისულ წლებში. ის ქვეყნები, სადაც პატივს სცემენ შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას, სადაც შრომითი ურთიერთობის მონაწილეები ერთობლივად მუშაობენ გამოწვევებისა და საფრთხეების საწინააღმდეგოდ, ზარალისა და რისკების შემცირების ღონისძიებებზე, პოულობენ ურთიერთსასარგებლო გზებს სოციალური დიალოგისა და კოლექტიური მოლაპარაკებების გზით, ახდენენ ტრანსფორმაციებს ბევრად უფრო სწრაფად და უმტკივნეულოდ.
ახალ გარემოში სამუშაოდ ეს ქვეყნები გაცილებით მეტ მზადყოფნაშია, მაგრამ ამ საპასუხისმგებლო პოზიციას ემუქრება იმ ქვეყნების არაკეთილსინდისიერი განწყობა, სადაც ფუნდამენტური პრინციპები ირღვევა და სოციალური პარტნიორების როლი უგულებელყოფილია.
სოციალურ დიალოგზე საუბრისას არ შეიძლება არ შევეხო რეგიონში არსებულ რთულ მდგომარეობას. პროფკავშირების წარმომადგენლები ჯერ კიდევ ხდებიან დევნის ობიექტი. ხდება პროფკავშირების როგორც ინსტიტუციის შევიწროება, უარესდება შრომის კანონმდებლობა. პროფკავშირული დევნა კვლავ აქტიურად ხორციელდება ბელორუსში, ყირგიზეთში, თურქეთში. ყაზახეთში თითქოს მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა, მაგრამ სიტუაცია ჯერაც რთულია. ცალკე აღნიშვნის ღირსია უკრაინა სადაც ხელისუფლებამ სწორედ პანდემიის დროს გადაწყვიტა შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანა. თანაც ისეთი ცვლილებების, რომელიც მნიშვნელოვნად აუარესებს დასაქმებულთა მდგომარეობას. პოლონეთში კანონმდებლობაში შევიდა ისეთი ცვლილებები, რომელიც სოციალური დიალოგის საბჭოს ქმედუნარიანობას ეჭვქვეშ აყენებს.
მაგრამ ნორმებისა და კანონის სისტემა შესაბამისი უნდა იყოს სიტუაციასთან. ვირუსამდეც კი აშკარა იყო ჩვენთვის ის არაკეთილსინდისიერი დამსაქმებლები და ზოგიერთი ხელისუფლება, რომლებიც დასაქმებულთა და მთლიანად საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას იცილებდნენ თავიდან. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის როლი, როგორც ნორმატიული წყარო, დღეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ომისშემდგომ წლებში, როდესაც 1919 და 1940-იან წლებში ჩამოყალიბდა წესების სისტემა, რაც ცივილიზებული მსოფლიო წესრიგის პირობა იყო. ჩვენზეა დამოკიდებული: ან ჩამოყალიბდეს სტაბილური წესრიგი, ან ჩავარდეთ ქაოსურ მდგომარეობაში და ახალ პირველყოფილ პერიოდში.
მსოფლიოს უნდა ეყოს გონიერება რათა პანდემიის პირობებში გაანალიზოს შრომის და სოციალური დაცვის სფეროში პანდემიამდე არსებული ქრონიკული პრობლემები და სოციალური დიალოგის რეჟიმში შეიმუშაოს შრომის სფეროს ახალი არქიტექტურა, რომელიც ბევრად უკეთესი, სამართლიანი და მდგრადი იქნება (new normal). ჩვენი ამბიცია არ უნდა იყოს პანდემიამდე მდგომარეობაში დაბრუნება რადგან ის არ იყო სასურველი მდგომარეობა. „ახალი ნორმალურობის“ შექმნა უნდა დავიწყოთ ახალი სოციალური კონტრაქტის თემის განხილვის განახლებით, რომელსაც პანდემიამ კიდევ უფრო მეტი აქტუალურობა შესძინა და ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანესია შსო მიუბრუნდეს შრომის საყოველთაო გარანტიის (Universal Labour Guarantee) საკითხს, რომელიც შრომის სფეროს მომავლის შესახებ შექმნილმა გლობალურმა კომისიამ წამოწია შსო-ს 100 წლის საიუბილეო კონფერენციაზე 2019 წელს.
მაგრამ არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომლებიც უნდა მივიჩნიოთ როგორც ცხოვრების აქსიომა, ყოველგვარი განხილვისა და კამათის გარეშე.
პირველი: ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია. ფუნდამენტური უფლებაა შრომის დაცვა და უსაფრთხოება. შესრულებული უნდა იქნეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტანდარტები. ყოველივე ეს მოცემულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დეკლარაციაში, რომელიც პრაქტიკაში უნდა განხორციელდეს.
მეორე: ნებისმიერი დასაქმებული, დასაქმების ფორმების (ხელშეკრულება, მოლაპარაკება) მიუხედავად, უნივერსალური გარანტიებით არის ზედმიწევნით აღჭურვილი:
- ფუნდამენტური უფლებების დაცვა;
- შრომის დაცვა და უსაფრთხოება;
- სასიცოცხლოდ ადეკვატური ხელფასი და შემოსავალი;
- სამუშაო საათების კონტროლი;
- სოციალური დაცვა.
დასაქმების ფორმები შეიძლება შეიცვალოს, უფლებების გარანტია ურყევია.
მესამე: ვირუსი და სხვა ბიოლოგიური საფრთხეები შრომითი ურთიერთობის ფარგლებს მიღმაა, რაზეც დამსაქმებელი ან დასაქმებული არ არიან პასუხისმგებელნი. მაგრამ შრომა, ინფექციების გავრცელების მთავარი რისკ-ფაქტორია ახლო სოციალური კონტაქტების გამო. ამიტომაც, რისკების კონტროლი არა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საკითხია, არამედ შრომით ურთიერთობებში ყველა მონაწილის პასუხისმგებლობააშრომის ორგანიზაციისა და წარმოების პროცესზე. COVID-19 უნდა იქნას აღიარებული, როგორც პროფესიული დაავადება. დამსაქმებლებმა უნდა მიიღონ შესაბამისი პრევენციული ზომები, შეაჩერონ რისკები, დაინფიცირების შემთხვევაში უზრუნველყონ კომპენსაციის გაცემა სამუშაო ადგილებზე. უფრო მეტიც, აუცილებელია სამუშაო ადგილზე ბიოლოგიური რისკების მიმართ ინტეგრირებული მიდგომის შემუშავება. საჭიროა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი ნორმა, მსგავსი სპეციალიზირებული სტანდარტებით, რაც ჩვენ შევიმუშავეთ დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკების შესახებ, მათ შორის, მავნე ნივთიერებების ზემოქმედების ან გამოსხივების შესახებ.
მეოთხე: ტექნოლოგიის შეცვლა შრომითი ორგანიზაციის პრინციპებს ცვლის. სოციალური დისტანცია დამატებით სტიმულს უქმნის მომსახურების, მედიაციის ტექნოლოგიების განვითარებას. შრომით სფეროში აუცილებელია კარგად გასაგები შეთანხმებები და სტანდარტები. ეს მოიცავს ბიზნესის პლატფორმის რეგულირებას, დისტანციური მუშაობის რეგულირებას, კონფიდენციალობის გარანტიას და თავისუფლებას ციფრული კონტროლისგან.
მეხუთე: მომწოდებლების ჯაჭვები. ეს ბიზნეს მოდელი წარმოადგენს ექსპლუატაციის წყაროს და კონტროლის განხორციელების აუცილებლობას, მათ შორის, კრიზისამდეც აშკარა იყო დასაქმებულთა უფლებების დაცვა ყველა დონეზე. დღეს მიმდინარეობს ამ ჯაჭვების რეფორმირება, შემცირება. ზუსტად, ახლა არსებობს უნიკალური შესაძლებლობა საზოგადოებრივი კონტროლის უზრუნველსაყოფად და ექსპლუატაციის აღმოსაფხვრელად. ეს უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების ბიზნესის პასუხისმგებლობის, ევროკავშირის დირექტივების, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების გაუმჯობესების, მათ შორის მიწოდების ჯაჭვებისა და ეროვნული კანონმდებლობის ცალკეული კონვენციის მიღებასთან ერთად.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და მისი წევრები დგანან მნიშვნელოვანი ამოცანის წინაშე.
ახალი სტანდარტების შემუშავება.
კონვენციების რატიფიცირება, მათ შორის ახლახან მიღებულის.
ნორმების განხორციელება პრაქტიკაში, საზედამხედველო მექანიზმების გაძლიერება.
სოციალური დიალოგის მიღწევები და გადაწყვეტილებები, რომლებიც შემუშავებულია კოლექტიური მოლაპარაკებების მსვლელობისას და პრაქტიკაში უკვე გამოყენებულია, უნდა იყოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეფექტურობის საზომი მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონში. ეს მოითხოვს სოციალური პარტნიორების შესაძლებლობების და როლის გაძლიერებას ეროვნულ, დარგობრივ და ადგილობრივ დონეზე.
შსო ყოველთვის იყო წესრიგის საფუძველი მსოფლიოსათვის კრიტიკულ დღეებში. ჩვენი წინამორბედები ამას აცნობიერებდნენ, ისინი წყდებოდნენ თავიანთ პირად ინტერესებს და ასე ჩაუყარეს საფუძველი იმ შენობას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. ისინი ბრძენი ადამიანები იყვნენ და გაცნობიერებული ჰქონდათ თავიანთი პასუხისმგებლობა. ახლა ეს ჩვენი დროა და ჩვენი პასუხისმგებლობაა. ჩვენც უნდა ვიყოთ ისეთივე ბრძენი და შორსმჭვრეტელნი.