მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ორგანიზაცია, რომელიც გადარჩა!

გადავრჩითსაქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ისტორია და ამ ორგანიზაციის მიერ უკან მოტოვებული მძიმე წლები, ნათელი დასტურია იმისა, რომ მიუხედავად დიდი წნეხისა, ზეწოლისა და ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეპრესიებისა, იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანები მიზნისაკენ აუცილებლად გააგრძელებენ სვლას, რადგან უკეთესი მომავლის იდეა, პროფკავშირების არსებობის პირველსაწყისს წარმოადგენს.

დღეს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მეთორმეტე საარჩევნო–საანგარიშო ყრილობას მართავს და ორგანიზაციის მიერ გასულ ოთხ წელიწადში გაწეული სამუშაო ციფრობრივად არის აღწერილი. მაგრამ, ალბათ ვერც ერთი სტატისტიკური მონაცემები ვერ გადმოსცემს იმ რთულ და პრობლემებით აღსავსე წლებს, რომელშიც საქართველოს პროფკავშირს უწევდა საქმიანობა. პროფკავშირის წინააღმდეგ ბრძოლა წინა ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი იყო. სხვადასხვა მედიასაშუალებებით გამუდმებულად ხდებოდა პროფკავშირის დისკრედიტაცია და მოქალაქეებში ინერგებოდა ფსევდოლიბერალური შეხედულება, თითქოს პროფკავშირი უბრალოდ არავის სჭირდება და დასაქმებულ ადამიანთა ერთობა საბჭოთა წყობილების გადმონაშთს წარმოადგენს. პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ დაგეგმილ პრესკონფერენციებზე და ბრიფინგებზე ხელისუფლების მიერ მართული მედიის წარმომადგენლები პრაქტიკულად არ დადიოდნენ და ხელისუფლებება გამუდმებით ცდილობდა, რომ დასაქმებულთა პრობლემები საზოგადოების ინტერესის საგანი არ გამხდარიყო. ე.წ. შავი პაირის შედეგი იყო ისიც, რომ ტელეგადაცემებში, ტელესიუჟეტებში თუ საგაზეთო სტატიებში თუკი პროფკავშირის პოზიცია შუქდებოდა და ორგანიზაციის ლიდერების კომენტარები ფიქსირდებოდა, – ამ ყველაფერს ისეთი კონტექსტი ერთვოდა თან, მსგავსი დისკრედიტაციული კუთხით გაშუქება, რიგ შემთხვევეში ჩრდილის მიყენების მცდელობა იყო.

პროფკავშირის წევრობის გამო იდევნებოდნენ და სამსახურიდან თავისუფლდებოდნენ დასაქმებულები და ეს ხდებოდა ღიად და დაუფარავად. მუქარის, შანტაჟის, სამსახურიდან გაშვების, ციხეში დაჭერის, ფიზიკური ანგარიშსწორების მეთოდებისათვის გამკლავება, პროფესიული კავშირის წევრებისათვის ლამის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა.

ერთ–ერთ უმთავრეს პრობლემას და ყოველგვარი უკანონობის სათავეს წარმოადგენდა შრომითი კანონმდებლობაც. ძველი შრომის კოდექსი, რომელიც საქართველოს წინა პარლამენტმა პროფკავშირთან კონსულტაციების გარეშე მიიღო, რბილად რომ ვთქვათ, დანაშაულებრივი იყო და მასში დასაქმებული ადამიანების უფლებები საერთოდ არ იყო გათვალისწინებული. შრომის ძველი კოდექსი პროფკავშირის მიმართ თავიდანვე დისკრიმინაციულ თავებს შეიცავდა და მთელს რიგ შემთხვევებში, როდესაც პროფესიული კავშირის გაერთიანება ცდილობდა დასაქმებულთა პრობლემური საკითხები სასამართლოს გზით გადაეწვიტა, ხელისუფლება და დამსაქმებლები ფარად მათივე კარნახით მიღებულ შრომის კოდექსს იფარებდნენ.

ხელისუფლების მხრიდან პროფკავშირული ორგანიზაციების მიზანმიმართული ნგრევის პოლიტიკამ თავისი მრავალი უარყოფითი შედეგი დატოვა. პროფკავშირი იძულებითა და მუქარით დაატოვებინეს ასობით ადამიანს. ათასობით ადამიანს ერთი საწერი კალმით აწერინებდნენ განცხადებას პროფკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებოთ და ეს ყველაფერი დოკუმენტალურად არის დადასტურებული. პროფ–წევრების პროფკავშირიდან გადინებამ და შესაბამისად, საწევრო ანარიცხების კატასტროფულმა კლებამ, საქართველოს პროფკავშირი ფინანსური პრობლემების წინაშეც დააყენა. რომ არა უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების მიერ გამოწვდილი ძმური დახმარების ხელი, უმძიმეს 2004–2012 წლებში ორგანიზაციის ყოფნა–არყოფნის საკითხი კიდევ უფრო სათუო გახდებოდა.

უცხოელი მეგობრები საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას მხარში მაშინაც უდგნენ, როდესაც ხელისუფლების მიერ გადადგმული რეპრესიული ნაბიჯების პასუხად, საქართველოს ხელისუფლებას გამუდმებით მოუწოდებდნენ, რომ პროფკავშირის ნგრევა არა მხოლოდ უშუალოდ პროფკავშირს, არამედ ზოგადად საქართველოს დააზარალებდა.

პროფკავშირის წევრების, დარგების ლიდერებისა და უშუალოდ გაერთიანების ხელმძღვანელის მიერ, უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ხელისუფლების მისამართით რამდენიმე ასეული (და შეიძლება მეტიც) საპროტესტო, თხოვნისა თუ მოწოდების წერილი გაიგზავნა. ხელისუფლებასა და დამსაქმებლებს სათანადო წერილებს საქართველოს პროფკავშირის უცხოელი პარტნიორები და მეგობრებიც სწერდნენ და არსებული დამოკიდებულის მიუხედავად, მთელს რიგ შემთხვევაში ბრძოლის ასეთმა ხერხებმა სათანადო შედეგი მაინც გამოიღო. წინა ხელისუფლების პირობებში, პროფკავშირული ნიშნით გათავისუფლებული ადამიანის სამსახურში აღდგენა იმდენად დიდ მიღწევას წარმოადგენდა, რომ დღევანდელი გადასახედიდან ეს ყველაფერი ნამდვილ გმირობად შეიძლება შეფასდეს.

გაერთიანება გვერდით ედგა დასაქმებულ ადამიანებს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში და თითქმის ყველა ქალაქში. მძიმე შრომითი პირობებისა და დაბალი ხელფასის გამო გამწარებული ადამიანები უპირველეს ყოვლისა პროფესიული კავშირების გაერთიანებას აკითხავდნენ და მათთვის სათანადო დახმარების გაწევაზე უარი პროფკავშირის ლიდერებს არასოდეს უთქვამთ.

პროფკავშირის ერთ–ერთი მთავარი მისია და ბრძოლის იარაღი დასაქმებულ ადამიანებში ურთიერთსოლიდარობის გრძნობის გაღვიძებაც იყო. პროფკავშირის ლიდერები ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ტყიბულელი მეშახტეები, ჭიათურელი მაღაროელები, ქუთაისელი მეტალურგები, ფოთელი მეზღვაურები თუ ბათუმელი პორტის თანამშრომლები საერთო მიზნების გარშემო გაეერთიანებინათ და მათში სოლიდარობის გრძნობა კიდევ უფრო აემაღლებინათ. აქედან გამომდინარე, უკანასკნელი წლების მანძილზე იყო რამდენიმე განსაკუთრებულად შთამბეჭდავი შემთხვევები. მაგალითად, როდესაც რკინიგზის მემანქანეს, დამსაქმებლის მოთხოვნის შესრულებაზე უარი, ნავთობის ტერმინალის გაფიცული თამაშრომლებისათვის სოლიდარობის ნიშნად უთქვამს, მატარებელი არ წაუყვანია და ამით სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე დამდგარა.

საქართველოში ხელისუფლების ცვლის შემდეგ, პროფკავშირზე სახელმწიფოს მიერ განხორციელებული წნეხი მოიხსნა. ამას საქართველოს პარლამენტის მიერ ახალი შრომის კოდექსის მიღებაც მოჰყვა, სადაც პროფკავშირის არაერთი შენიშვნა იქნა გათვალისწინებული. თუმცა, სასიხარულო ცვლილებებით დასაქმებული ადამიანებისათვის სამოთხე ნამდვილად არ დამდგარა. ახალ შრომის კოდექსშიც არის მთელი რიგი ნაკლოვანებები, რაზეც პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ არაერთხელ მიუთითა და ამ ნაკლოვანებების დასაბუთებას არაერთი ბრიფინგი და პრესკონფერენცია მიეძღვნა. ასევე დიდ პრობლემად რჩება დასაქმებული ადამიანების პროფკავშირში გაწევრიანების საკითხიც. ახალი ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში და სხვადასხვა ქალაქებში თანამდებობებზე ახლადდანიშნული რიგი მოხელეები, სამწუხაროდ ძველი ხელისუფლების ცუდ ტრადიციას აგრძელებენ და პროცესებიდან პროფკავშირის დაშორებას ცდილობენ. ცუდი დამსაქმებლების დიდი ნაწილი კი კვლავ ცუდ დამსაქმებლებად დარჩნენ და ეს ის შემთხვევაა, როდესაც “სავლე“ “პავლედ“ ასე ადვილად ვერ გარდაისახება. დასაქმებულ ადამიანებს ჯერ ისევ აქვთ წინა წლებიდან გამოყოლილი შიშის განცდა და ბევრი მათგანი ჭოჭმანობს – გახდეს თუ არა პროფკავშირის წევრი.

პრობლემები ყოველთვის იყო და იქნება. ხელისუფლებები ერთმანეთს ყოველთვის შეცვლიან, მაგრამ პროფკავშირული იდეა, რომელსაც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ამ წლებში განუხრელად იცავდა – ყოველთვის დარჩება და მას ადამიანების გულებიდან ვერც ცეცხლითა და მახვილით და ვერც მუქარით ვერ გააქრობენ. დღეს, პროფესიული კავშირების გაერთიანების ყრილობაზე შეკრებილი ადამიანები მომსწრენი იქნებიან იმ ორგანიზაციის ღონისძიებისა, რომელიც ფერფლისგან რამდენჯერმე აღსდგა და დღეს სასწაულებრივად კვლავ იბრძვის დასაქმებულთა უფლებებისათვის! როგორც ჩანს, მუდმივი ბრძოლა და ამ ბრძოლიდან ცოცხლად გადარჩენა საქართველოს პროფკავშირის ბედისწერაა!