ნუგზარ ჭინჭარაული: “ჩვენთვის პოლიტიკა მეორეხარისხოვანია“

nukri1

საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის საქმიანობა რთული განსაკუთრებით ალბათ მაინც იმიტომ არის, რომ ამ პროფესიულ კავშირს, დასაქმებულთა დასაცავად წლების მანძილზე საკუთარივ ხელისუფლებასთან უწევდა დაპირისპირება. როგორც საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, ნუგზარ ჭინჭარაული ამბობს, სამსახურიდან დათხოვნილი და შევიწროებული საჯარო მოხელეების დაცვას განსაკუთრებულად სპეციპიური მიდგომა სჭირდება.

ნუგზარ ჭიჭარაული: “ჩვენი პროფკავშირი მოქმედებს წესდების შესაბამისად. პირველ რიგში ჩვენი მოვალეობაა საჯარო მოსამსახურეთა ინტერესების დაცვა სამართლებრივ საკითხებში, სოციალურ საკითხებში და დახმარება მათი პროფესიული საქმიანობის სრულყოფაში. ბოლო წლების მანძილზე საკმაოდ რთულ პერიოდში გვიწევდა მოქმედება იმის გამო, რომ კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, რომელიც ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს იყო მიღებული – ხშირად ირღვეოდა“.

საჯარო სამსახურში რეფორმის განხორციელებისა და დამსაქმებლისათვის მოქნილი საშუალებების შექმნის მოტივით, უკანასკნელი წლების მანძილზე საჯარო სექტორს დიდი პრობლემები შეექმნა. 2005 წლიდან დღემდე დაახლოებით 45 ათასზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან.

“სამწუხაროდ ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება. როდესაც ხელისუფლება იცვლება, რატომღაც ყველა ფიქრობს, რომ საჯარო სექტორი ადმინისტრაციულ რესურსს წარმოადგენს და მისი გამოყენება საჭიროა. ეს ძალიან უარყოფითად მოქმედებს ზოგადად ქვეყანაზე. საჯარო სექტორი დღესაც ზედმეტად პოლიტიზირებულია. ამ დროს რა არის საჯარო სექტორი? პირველი რიგში ეს არის სასამართლო, რომელიც წარმოუდგენელია პოლიტიკური ნიშნით იმართებოდეს და რა შედეგებიც მოჰყვა სასამართლოს პოლიტიზირებულობას – ეს ყველამ ვნახეთ. ასევე მნიშვნელოვანია მუნიციპალური სამსახურები და იქ დასაქმებული ადამიანები. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება იმისათვის, რომ საზოგადოებას რაც შეიძლება ხარისხიანად მოემსახუროს. მისი პოლიტიზირება აბსოლუტურ კატასტროფას გამოიწვევს. დღეს ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს რაიმე დაწესებულება, რომელიც საჯარო მოსამსახურეებს გადაამზადებს.

მსგავსი მიმართულებით კი მუშაობენ უმაღლესი სასწავლებლები, მაგრამ იქ სწავლებას ბევრი ფული სჭირდება და სწავლების გადასახადი ხშირად საჯარო მოსამსახურის ხელფასზე მეტია. ამას გარდა უმაღლეს სასწავლებლში სწავლა და საჯარო სექტორში მუშობა დიდ დროს მოითხოვს. შესაბამისად ეს ადამიანები სამუშაო ადგილებზე საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე დაიხვეწნენ და პრაქტიკაში მოხდა მათი სრულყოფა“ – ამბობს ნუგზარ ჭიჭარაული.

საქართველოს საჯარო სექტორში დასაქმებულთა გადამზადებაში საკმაოდ დიდი როლი ითამაშა “გერმანული ტექნიკური თანამშრომლობის ფონდმა.“ აღნიშნულმა ორგანიზაციამ საქართველოს მასშტაბით პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა მომსახურების ორგანიზება გააკეთა და გადამზადებული თანამშრომლების განათლების დონე თანამედროვე სტანდარტებამდე მიიყვანა. როდესაც რეგიონალური განვითარების სამინისტრომ სტრატეგია შეიმუშავა, ამაში საჯარო მუშაკთა პროფესიული კავშირიც აქტიურად ჩაერთო და პროფკავშირის წარმომადგენლები დასაქმებულებს უხსნიდნენ, თუ რა იყო ეს სტრატეგია, როგორ უნდა წაეკითხათ და როგორ უნდა გამოეყენებინათ ცხოვრებაში.

თუმცა ხშირად ისეც ხდებოდა, რომ გადამზადებული ადამიანები იმის გამო, რომ დაბალი ხელფასები ჰქონდათ – საკუთარი ნებით ტოვებდნენ სამსახურებს და მათ ადგილს არაპროფესიონალები იკავებდნენ. თანამშრომლების ცვლა ხშირად არასწორად ხვდებოდა და ადამიანებს ნეპოტიზმისა და მმართველი პარტიის პოლიტიკურად ლოიალობის მიხედვით არჩევდნენ.

ნუგზარ ჭინჭარაული: “ საჯარო სექტორში პოლიტიზაცია არის აბსოლუტურად მიუღებელი. აქ საჭიროა კადრი რომელმაც იცის ადამიანებთან ურთიერთობა, ესმის პრობლემები და კარგად აქვს გაცნობიერებული ეს პრობლემები როგორ უნდა მოგვარდეს. წინა ხელისუფლება საჯარო მოსამსახურეებს პოლიტიკურად იყენებდა და დღესაც არიან ადამიანები, ვისაც ამის გაკეთება სურს. ეს არის დარგისათვის აბსოლუტურად დამანგრეველი, რადგან ქვეყანაში პროფესიონალი კადრების პრობლემა ისედაც არსებობს და პრაქტიკული განათლების მქონე კადრის ჩანაცვლება ერთგულების ნიშნით, დროში ძალიან გაჭიმავს დარგის განვითარებას.

პროფესიონალები ცოტა გვყავს და ხშირად მათი ჩანაცვლებაც არასწორად ხდება. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან ის არის, რომ პირველ რიგში უნდა მოხდეს კანონმდებლობაში ცვლილება და გაკეთდეს ჩანაწერი, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულმა ადამიანებმა დროის გარკვეულ მონაკვეთებში გაიარონ სპეციალური გადამზადება იმისდა მიხედვით, რა მოთხოვნებსაც დააყენებს მათ წინაშე სახელმწიფო. განვითარების სტრატეგიიდან გამომდინარე, დასაქმებულები უნდა გადამზადდნენ და მათ ატესტაციების და კონკურსების გავლა აღარ დასჭირდებათ. უმთავრესია, რომ საჯარო მოსამსახურე განთავისუფლდეს ყველანაირი პოლიტიკისაგან და არ იყოს იარაღი რომელიმე პოლიტიკური ძალის ხელში. მათ უნდა მიეცეთ თავისუფლად მოქმედების საშუალება. ასე ჩამოყალიბდება რეალური თვითმართველობა.“

სულ მალე ადგილობრივი თვითმართველების არჩევნები გაიმართება. ოთხი წლის შემდეგ კი, საპარლამენტო არჩევნები იქნება. საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირში მიაჩნიათ, რომ ჩვენ ყოველი არჩევნების შემდეგ თუ ვცვალეთ კადრები, გამოვა რომ სექტორში ყოველთვის გამარჯვებული პარტიების მომხრეები იმუშავებენ. ეს განსაკუთრებით არასწორია სამინისტროებსა და დიდ ქალაქებში, სადაც საკმაოდ დიდი ინტელექტია თავმოყრილი.

ნუგზარ ჭინჭარაული: “ჩვენთვის პოლიტიკა მეორეხარისხოვანია. მთავარია საჯარო მოსამსახურე, დაცული იყო ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან. როდესაც ვსაუბრობთ სამართლებრივ დაცვაზე, პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ პროფესიონალიზმი, გამოცდილება და დასაქმებული ადამიანის დამოკიდებულება პროფკავშირული ორგანიზაციის მიმართ. (რამდენად სოლიდარულები არიან) წინა ხელისუფლების პირობებში საჯარო სამსახურში დასაქმებულები ძალიან იშვიათად მოგვმართავდნენ, რადგან არსებობდა მახინჯი ტენდენცია. როდესაც ადამიანი სამსახურიდან დათხოვნას გააპროტესტებდა, იგი ხვდებოდა ე.წ. “შავ სიაში“ და იმ ხელისუფლების პირობებში წარმოუდგენელი იყო რომ მას შემდგომში დაეწყო საჯარო სამსახურში მუშაობა. იგი ცხადდებოდა ინტრიგან ადამიანად და ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა, რომ ერჩივნა საკუთარი ნებით დაეწერა განცხადება. დღეს ასეთი ფაქტები შემცირდა, მაგრამ საჯარო სექტორში კვლავ ბევრი პრობლემაა და იმედია პრობლემები დროთა განმავლობაში აღმოიფხვრება. სხვა შემთხვევაში საქართველოს განვითარება წარმოუდგენელია!“.