ქუთაისში საქალაქო ავტობუსების მოძრაობა პარალიზებულია. მძღოლები გაფიცვის შეწყვეტას იმ დრომდე არ აპირებენ, ვიდრე დამსაქმებელი კომპანია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, საუბარია საწვავის შეღავათიან ფასად მიწოდებასა და მგზავრობის ღირებულების 30 თეთრიდან 40 თეთრამდე გაზრდაზე. პრობლემები რჩება რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზეც, თუმცა განსხვავებით ქუთაისისგან, აქ ტრანსპორტის პროფკავშირების აქტიურობით თბილისი-რუსთავის ხაზზე მოძრავი მიკროავტობუსების ნახევარი აღარ შეიცვლება.
“რაც შეეხება რუსთავში მოძრავ შიდა ტრანსპორტს, ჩვენ მერიასთან გვაქვს მემორანდუმი გაფორმებული, მას აქვს იურიდიული ძალა, მაგრამ თუ იქ გაწერილი პირობები დაირღვა, მაშინ ჩვენ მძღოლების უფლებებს სამართლებრივად აუცილებლად დავიცავთ”, – განუცხადა “რეზონანსს” ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარემ ლავრენტი ალანიამ.
უკვე მესამე დღეა, ქუთაისის ავტობუსის მძღოლები გაფიცული არიან. როგორც მძღოლები აცხადებენ, მათ მუშაობა იძულებით, საკუთარი ნების წინააღმდეგ შეწყვიტეს. ისინი მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ. “მუშაობა მხოლოდ ერთი მიზეზით შევწყვიტეთ, რომ კიდევ უფრო მეტი ვალი არ დაგვიგროვდეს. რასაც ვშოულობთ, ტრანსპორტის შესანახად არ გვყოფნის და ოჯახს რა ვუყოთ? – აცხადებენ ავტობუსების მძღოლები”.
როგორც გაფიცულები ამბობენ, სამსახურს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდებიან, თუკი დამსაქმებელი კომპანია მათ საწვავს შეღავათიან ფასებში მიაწვდის და მგზავრობის ღირებულება 30 თეთრიდან 40 თეთრამდე გაიზრდება.
ქუთაისის ვიცე-მერის, ნოდარ მიქიაშვილის განცხადებით, ქალაქის ხელისუფლება ყველაფერს გაკეთებს იმისათვის, რომ ქალაქში საქალაქო ავტობუსების მოძრაობა აღდგეს. როგორც ჟურნალისტებთან საუბარისას მიქიაშვილი აცხადებს, მძღოლებისა და “თეგეტა მოტორსის” ურთიერთობაში ადგილობრივი ხელისუფლება არ ერევა, თუმცა ვიცე-მერი ამბობს, რომ კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულება მოუწევს.
ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანია კი ამბობს, რომ ქუთაისში ტრანსპორტის, კერძოდ კი ავტობუსების, პრობლემა უკვე წლებია არსებობს. მისი თქმით, ქალაქის წინა ხელისუფლებამ მუნიციპალური ტრანსპორტი ისე გაყიდა, რომ არ უფიქრია, რა შედეგებს მოიტანდა ეს საბოლოოდ.
“თბილისს, ბათუმს, რუსთავის ჰყავს მუნიციპალური ტრანსპორტი, მაგრამ ქუთაისს, რომელიც ასევე თვითმმართველი ქალაქია, პრაქტიკულად, არ ჰყავს მუნიციპალური ტრანსპორტი, ავტობუსები კერძო კომპანიის ხელშია. წონა ხელისუფლებამ გაყიდა, შემდეგ კი იგივე ხელისუფლებამ გაყიდვის პროცესი რომ “გაეპრავებინა” მარშრუტებზე გამოაცხადა კონკურსი. გაყიდვისას იყო ასეთი პირობა, რომ მყიდველი კომპანია, ანუ “თეგეტა” ახალ ავტობუსებს შემოიყვანდა და ქალაქში მოძრაობას დაარეგულირებდა. არადა, მოხდა პირიქით, ავტობუსები მძღოლებს შეასყიდინეს და პრობლემაც დღემდე მოუგვარებელია”, – აცხადებს ალანია. მისივე თქმით, იმისათვის, რომ ქუთაისში ეს პრობლემა მოგვარდეს, აუცილებელია, რომ ავტობუსების გაყიდვის საკითხი გადაიხედოს.
“იმედია, ახალი მთავრობა ამას გააკეთებს და საბოლოოდ, მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ქუთაისსა ჰყავდეს საკუთარი მუნიციპალური ტრანსპორტი. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა მოხდეს მარშრუტების რეორგანიზაცია, ანუ გამიჯვნა იმისა, თუ რომელია საავტობუსო და სამიკროავტობუსო მარშრუტი. უკვე შემდგომ კი ამის მიხედვით მოხდეს თვითღირებულებისა და მგზავრობის ტარიფის განსაზღვრა. ტარიფი უნდა გაიზარდოს, რადგან მძღოლმა უნდა შეინახოს ავტობუსი, თუ ფასი არ გაიზრდება, მაშინ ხელისუფლება ვალდებულია, რომ განსხვავება გადაიხადოს.
აღნიშნული საკითხების შესასწავლად და მოსაგვარებლად, აუცილებელია, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და გაირკვეს ისიც, თუ ვინ დგას თითოეული ხაზის, მარშრუტის უკან. დამერწმუნეთ, სხვანაირად ქუთაისში სატრანსპორტო პრობლემა ვერ მოგვარდება”, – დასძინა ლავრენტი ალანიამ.
გარდა ქუთაისისა, პრობლემები დღემდე რჩება თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ხაზზე. აქ მძღოლების რამდენიმედღიანმა გაფიცვამ და პროფკავშირების აქტიურობამ თავისი შედეგი გამოიღო. რაც შეეხება შიდა ტრანსპორტს, როგორც ლავრენტი ალანია აცხადებს, პროფკავშირებსა და მერიას შორის სპეციალური მემორანდუმიც გაფორმდა, რომელიც მძღოლთა უფლებებს იცავს.
“იცით, რომ თბილისის-რუსთავის სამარშრუტო ხაზზე გამარჯვებულ კომპანიას უნდა შემოეყვანა 280 ახალი “მარშრუტკა”. მაგრამ მძღოლების და ჩვენი აქტიურობით მივიღეთ დაპირება, რომ ის მუხლი, რომელიც 280 “მარშრუტკის” შემოყვანას ითვალისწინებდა, აუცილებლად შეიცვლებოდა. ჩვენ ამ მუხლის შეცვლა მას შემდეგ მოვითხოვეთ, რაც ჩავატარეთ შემოწმება და აღმოჩნდა, რომ ამ ხაზზე მოძრავი სამარშრუტო ტაქსების ნახევარი, ანუ 146 ერთეული, სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს და არის ევრო-4-ის სტანდარტის.
ველოდებით, რომ რუსთავის საკრებულო ამ გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს და ეს სიტყვიერი დაპირება სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა”, – დასძინა ალანიამ.
რაც შეეხება შიდა ტრანსპორტს, ამ შემთხვევაში, როგორც ალანია ამბობს, სიტუაცია უფრო დარეგულირებულია. მერიასთან გაფორმებულია მემორანდუმი, რომლის თანახმადაც მძღოლებს 2-3 წლის განმავლობაში ევალებთ მოძველებული ავტოტრანსპორტის ახლით შეცვლა. ამასთან, ალანიას თქმით, ამავე მემორანდუმში გაწერილია, რომ ისეთი ტიპის კონკურსი, როგორც ეს თბილისის-რუსთავის ხაზზე ჩატარდა, არ გაიმართება და მძღოლების უფლებები არ დაირღვევა.