მიმდინარეობს საიტის განახლება

მძღოლებისათვის რა შედეგებს მოიტანს ახალი კანონპროექტი?

ვიდრე კომპანია “ინტერტრანსი” სამარშრუტო ტაქსების შემოყვანისა და ინფრასტრუქტურულ საკითხებს მოაგვარებს, ეკონომიკის სამინისტრო ნებართვების სისტემის აღდგენაზე მუშაობს. ნებართვის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში კი “ინტერტრანსი” და მისი შვილობილი კომპანიები უპირობო ლიდერები იქნებიან, ისევე როგორც რუსთავში.

ასე რომ, ახალი წლიდან მძღოლების აქციები უკვე მთელ საქართველოს მოიცავს. საქალაქთაშორისო რეისები რაიონებში მცხოვრები უამრავი მძღოლის ერთადერთი შემოსავალია. რამდენიმე თვეში კი, არ არის გამორიცხული, მათ ეს შემოსავალი ხელიდან გამოეცალოს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2005 წლიდან საქალაქთაშორისო გადაზიდვებზე ნებართვები გაუქმდა და ეს ბაზარი თავისუფალია. ტრანსპორტის პროფკავშირების ხელმძღვანელმა ლავრენტი ალანიამ “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას დაადასტურა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ნებართვების აღდგენას ითვალისწინებს. ალანიამ ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობდნენ პროფკავშირები და გადამზიდავები.

კანონპროექტის მიზანი ბაზარზე ქაოსური პროცესების მოწესრიგება და გადაზიდვების საკანონმდებლო რეგულაციებში მოქცევაა. “კანონპროექტი სხვადასხვა უწყებაში განიხილება და მალე მთავრობაში შევა”, – ამბობს ალანია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, “ინტერტრანსი” 2012 წლის 21 დეკემბერს დარეგისტრირდა და მისი ამჟამინდელი 100%-იანი წილის მფლობელი ზაზა ლომიძეა. კერძოდ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის დეკემბერში კომპანიის მფლობელები გიორგი ანჩაბაძე და ფირუზ ხურცილავა იყვნენ. 2014 წლის 6 თებერვალს კი ზაზა ლომიძემ “ინტერტრანსის” 100%-იანი წილი გაიფორმა.

“კომპანიამ გლდანში ევროსტანდარტები დონის ავტოსადგური გააკეთა, საიდანაც სამეგრელოს მიმართულებით რეისები უკვე დაინიშნა”, – აღნიშნა ლავრენტი ალანიამ.

შეგახსენებთ, რომ მწვავე პროტესტის მიუხედავად, “ინტერტრანსმა” 2014 წლის 26 მარტს რუსთავი-თბილისის სამარშუტო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანაზე 15-წლიანი ნებართვა მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველი მძღოლები ფართომასშტაბიან აქციებს მართავდნენ, ამ პროცესმა კომპანიის ხელი ვერ შეუშალა. მაშინ, აქციებზე ვიცე-პრემიერის კახა კალაძის სახელიც გაისმა. კერძოდ, მძღოლები “ინტერტრანსს” კახი კალაძესთან აკავშირებდნენ.

“გაუგებარია ის განცხადებები, რომლებიც მოვისმინეთ”, – განაცხადა კალაძემ. ენერგეტიკის მინისტრმა, რომელიც ამბოხებულ მძღოლებს რამდენჯერმე შეხვდა, ამ პროცესში ჩარევა ადამიანური ფაქტორით ახსნა.

ქალაქების ათვისება კი გრძელდება. ზაზა ლომიძემ განაცხადა, რომ კომპანია ავტოსადგურების მფლობელია სხვადასხვა რაიონში.

“გვაქვს ავტოსადგური გლდანში, ასევე რაიონებში, გვყავს ტრანსპორტი და ავტოსადგურებს შორის იმოძრავებს ჩვენი ტრანსპორტი. ჩვენი მომსახურების უპირატესობა ის არის, რომ ძალიან კომფორტულია ავტოსადგურები, გარემონტებული, ახალი აშენებულია და ახალი მანქანებით ვემსახურებით მგზავრებს. სერვისით კონკურენციას გავუწევთ სხვა სამარშრუტო ტაქსებს. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენთან მგზავრობა უფრო იაფი იქნება”, – ამბობს ზაზა ლომიძე.

მისი თქმით, უკვე მუშაობს თბილისი-ქუთაისის სადგური, საიდანაც რეისები შესრულდება ყველა მიმართულებით – ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, საჩხერე, ჭიათურა, ახალციხე, მცხეთა, დუშეთი, ყაზბეგი და ა.შ. იგი საქალაქთაშორისო რეისებზე დამკვიდრებას არსებული ქაოსის მოწესრიგების სურვილით ხსნის და განმარტავს, რომ წინა მთავრობამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ამ ბაზარზე ნებართვების სისტემა გააუქმა და ოპერირების შესაძლებლობა ყველას მისცა.march

წყარო: http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=2&id_artc=22076