საქართველოს მნიშვნელოვან პრობლემად, უკვე მეოთხედი საუკუნეა, რაც იქცა სიღარიბე მშრომელთა შორის. მშრომელთა შორის სიღარიბის აღსაწერად აუცილებელია ისეთი საკითხების გათვალისწინება, როგორიცაა: მათი შემოსავლის ძირითადი წყარო, საოჯახო და მინიმალური სამომხმარებლო კალათის მოცულობა, ხარჯვის სტრუქტურა, სოციალური განწყობები და კაპიტალი, სიღარიბის გავრცელების გეოგრაფია – განსხვავებები ქალაქსა და სოფელს, მთისა და ბარის რეგიონთა შორის, სოციალური სტრატიფიკაცია, სივრცული განაწილება, ღარიბთა კატეგორიები. მშრომელი, რომლსაც შემოსავალი არ აძლევს მისი ოჯახს ქვეყანაში არსებული სოციალურ–ეკონომიკური ნორმატივების შესაბამისი მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტის შექმნის საშუალებას ღარიბია. მისი სიღარიბე პირველ რიგში განპირობებულია დაბალი ფულადი შემოსავლით. ღარიბ მშრომელს, არ აქვს გასაყიდად ღირებული ქონება და ფინანსური დანაზოგი, ხოლო მისი სიღარიბე გამოიხატება არასაკმარის კვებასა და სამრეწველო ნაწარმის მოხმარებაში, არასათანადო საბინაო პირობებში, მოკრძალებულ ჩაცმულობაში, სოციალური მომსახურების ხელმიუწვდომლობაში, ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობაში, განათლების მიღების ნაკლებ შესაძლებლობაში, თვითრეალიზაციის შეზღუდვაში, დაბალ სოციალურ სტატუსში და სოციალურ ჩაურთველობაში, გაურკვეველ სამომავლო პერსპექტივაში, სიღარიბის მორალურ–ფსიქოლოგიურ განცდაში. მშრომელთა სიღარიბის მიზეზები დროებითი სამუშაო, დაბალი შემოსავალი და ამ შემოსავლის გამანაწილებელი სტრუქტურებისა და პროცესების არაეფექტურობა არის. ეკონომიკური მაჩვენებლების და შრომის ნაყოფიერების ზრდა ქვეყანაში ავტომატურად არ იწვევს სიღარიბის შემცირებას, ამისთვის აუცილებელია რომ ფინანსურ-მატერიალური რესურსების საზოგადოების ჰუმანური და სოციალური განვითარებისკენ წარიმართოს. საქართველოს ღარიბ დროებით დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა შორის ძალიან მაღალია პროფესიული მობილობა. ღარიბ მშრომელებს მინიმალური შემოსავლის მისაღებად უხდებათ ისეთი სამუშაოების შესრულება, რომელიც არ არის კავშირში მათ პროფესიასთან, არ შეესაბამება მათ კვალიფიკაციას. მორალურ–ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს განსაკუთრებით მძიმეა მათთვის, ვისაც გააჩნია უმაღლესი განათლება. ამ კატეგორიის ღარიბ მშრომელებშის არაპრესტიჟული სამუშაოების შესრულება არღვევს მათ ღირებულებით წარმოდგენებს. სიღარიბე ასევე ანადგურებს მშრომელთა მოთხოვნილებების ტრადიციულ სპექტრს, რადგან ისინი განიცდიან ტრადიციული მატერიალური სიკეთეების ხელმიუწვდომელობას. სიღარიბის გამო ხდება მათი ტრადიციული სოციალური გარემოდან მოწყვეტა, რადგან მათ აღარ შეუძლიათ ნათესავებისა და მეზობელ–მეგობრების სოციალურ ცხოვრებაში თანამონაწილეობა – ქორწილში, ნათლობაში, ქელეხებში დასწრებაც კი. ეს მშრომელებში იწვევს მათი სულიერ–ფსიქოლოგიური მდგომარეობის ძირფესვიან შერყევასა და სხვადასხვა დაავადებების განვითარებას. წარსულში მშრომელთათვის უმაღლესი განათლება ასოცირდებოდა მაღალ სოციალურ სტატუსთან, რომელიც მართალია არ იყო პროპორციულად შესაბამისი შემოსავლებთან, მაგრამ ახლდა საზოგადოებრივი ხასიათის ზოგიერთი პრივილეგია, რომელიც უკვე მეოთხედი საუკუნეა რაც მათთვის სრულიად მოულოდნელად გაქრა. ღარიბი მშრომელების დაღმავალი მობილობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ შვილებზეც, მათი ბავშვების დამოკიდებულებაზე განათლებისადმი. ღ
არიბი მშრომელები, რომლებმაც საკუთარი განათლების დონის შეუსაბამო სამუშაო ადგილებზე მოახერხეს დასაქმება, აღარ განიცდიან დადებით განწყობას განათლების ფენომენისადმი, მათ აღარ აქვთ ის შემოსავალი, რომ საკუთარ შვილებს მისცენ უმაღლესი განათლება, მათი შვილები ვერც ინტენსიურ საშუალო განათლებას იღებენ და თავისი მშობლების შემყურენი განათლებისადმი იძენენ ნიჰილისტურ დამოკიდებულებას. ბავშვების თვალში ამ მიდგომას ამყარებს ის, რომ იმ სოციალურ წრეში სადაც ტრიალებენ, უმაღლესი განათლების მქონე დასაქმებულთა საშუალო შემოსავალი არ აღემატება მათზე დაბალი განათლების მქონე დასაქმებულთა შემოსავალს. ეს ფაქტი ამ ბავშვების თვალში უაღრესად არაპრესტიჟულს ხდის უმაღლეს განათლებას. ღარიბ ოჯახებში დაღმავალმა სოციალურმა მობილობამ, შედეგად სოციალური ინტეგრაციის გაძლიერება გამოიწვია. მრავალთაობიანი ოჯახები სიღარიბემ კიდევ უფრო მეტად ურთიერთ დამოკიდებული გახადა, გაიზარდა ამ ოჯახისთვის სანათესაოს, სამეზობლო–სამეგობროს მნიშვნელობა. მართალია ქრონიკული და ახალი ღარიბი მშრომელების შემოსავლები თითქმის თანასწორია, მაგრამ მათში არის მნიშვნელოვანი განსხვავებაც. პირველ შემთხვევაში ღარიბი მშრომელები, რომლებიც უკვე გაიზარდნენ სიღარიბეში, როგორც სოციალურად (მოთხოვნილებები, საჭიროებები, განათლების დონე, გარემო, ცხოვრების სტილი), ისე ფსიქოლოგიურ–ემოციურად უფრო მდგრადნი არიან, რადგან ღარიბული ცხოვრების სტილი მათთვის ჩვეულია, მაგრამ მათში ასევე მაღალია სოციალური სტაბილურობა, მაშინ როცა ახალი ღარიბი მშრომელები აცნობიერებენ რა რომ მათი განათლება, ღირებულებები, სოციალური წარმოშობა და ნორმები, სოციალურ–კულტურული სტანდარტები მოცემულ დროში არ შეესაბამება მათ სტატუსს, ისინი ქრონიკულ ღარიბ მშრომელებთან შედარებით უფრო აქტიურად ცდილობენ აღმავალ სოციალურ მობილობას, მით უფრო რომ, როგორც წესი, მათი პოტენციალი ხშირად აღემატება ქრონიკულ ღარიბ მშრომელთა პოტენციალს. ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული ინსტიტუტების კვლევის ცენტრის პრეზიდენტი ჰ. ეშმორი თავის ფუნდამენტალურ კვლევაში აღნიშნავდა, რომ „აზრი არა აქვს „თავისუფლებაზე“ ლაპარაკს, ვიდრე ადამიანებს გარანტირებული არა აქვთ ადამიანის ისეთი ელემენტარული უფლება, როგორიც არის შრომის უფლება“. ღარიბი მშრომელების მთავარი მაკონსოლიდირებელი და მაორგანიზებელი პლატფორმა შეიძლება იყოს მათი სოციალური, შრომითი, მატერიალური და პროფესიული ინტერესების გამომხატველი და უფლებების დამცველი ერთობა – პროფკავშირი. ღარიბი მშრომელების მოძრაობის სტრატეგია უნდა გახდეს პროგრესული კოლექტიური ხელშეკრულებები, როგორც მათი სოციალური განვითარების მყარი საყრდენი. ღარიბმა მშრომელებმა საერთო ძალისხმევა უნდა მიმართონ, მათი მატერიალური და სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. ამ მიმართულებით აუცილებელია რომ მათ მიაღწიონ ქვეყანაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებისა და ევროპის სოციალური ქარტიის, ევროპის სოციალური უზრუნველყოფის ქარტიის რატიფიცირების პროცესის აღდგენას. ღარიბი მშრომელების მომავალი მათ საერთო დარაზმულობაზე არის დამოკიდებული და ამას ყველაზე ნათლად ადასტურებს თუნდაც იმ ევროპის ისტორია, რომლისკენაც საქართველოს კურსი აქვს აღებული. დავით არაბიძე