მიმდინარეობს საიტის განახლება

მუშათა კლასი საქართველოში

XIX საუკუნის 60-იან წლებში ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ საქართველოში დაიწყო ახალი კლასის – მუშათა კლასის ჩამოყალიბება. პირველი მუშები მანუფაქტურებში იყვნენ დასაქმებულები, ისინი მცირე რიცხოვანნი, დანაწევრებული და შიდა კონკურენციით დათრგუნული იყვნენ.

ინდუსტრიალიზაციის პროცესის დაწყებამ თან  სოციალური პოლარიზაცია მოიტანა და ახალ კლასს აღარ დაუტოვა საშუალება სოციალური ინფანტილიზმისთვის. ინდუსტრიალიზაციამ ფაბრიკა-ქარხნები, მაღაროები, რკინიგზა და სხვა საწარმოო-სატრანსპორტო სამუშაო ადგილები წარმოშვა. ინდუსტრიალიზაციამ განაპირობა მუშათა კლასი სოციალური პროცესის სუბიექტად გარდაიქმნა.

მუშათა კლასის წარმოშობის ყველაზე თვალნათელი დადასტურება გახდა მათ მიერ მუშათა თვითდახმარების სალაროების ჩამოყალიბება. მუშებს არსებობის პირველივე დღიდან ბრძოლით უხდებოდათ სოციალური, შრომითი, მატერიალური და პროფესიული ინტერესების დაცვა. ეს იყო მუშების კლასობრივი ბრძოლა იმპერიაში გაბატონებული სოციალურ უსამართლობასთან. მუშათა თვითდახმარების სალაროების უპირველესი დანიშნულება იყო მუშათა გაფიცვების მატერიალური უზრუნველყოფა, მუშათა იმ ოჯახების მხარდაჭერა ვისი მარჩენალიც რეპრესირებული იყო. ასეთი პირველი სალარო 1901 წელს შეიქმნა თბილისის თამბაქოს ფაბრიკების გაერთიანებაში დასაქმებული მუშების მიერ. მუშების მიერ ამვე წლის საპირველმაისო პროკლამაციაში პირდაპირ იყო აღნიშნული მათი მოთხოვნები „თავისუფლება გაფიცვის, თავისუფლება მუშათა კავშირებისა და სალაროების შედგენისა, თავისუფლება კრების, თავისუფლება სიტყვის და ბეჭვდის აი, ჩვენი ერთადერთი დროშა“.  მუშათა თვითდახმარების სალაროები გახდა ქვაკუთხედი რაზეც აიგო შემდგომში მუშათა პირველი პროფკავშირები. ხუთი წლის შემდეგ დაფუძნებული პირველი პროფესიული კავშირები მუშათა თვითორგანიზაციის ლოგიკური გაგრძელება იყო.

მუშათა კლასის ცხოვრებაში შემდგომ ბევრი რამ იყო – რევოლუციები, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა, საბჭოთა კავშირი და კვლავ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.

ანტიკონსტიტუციური გადატრიალების შემდეგ     დეინდუსტრიალიზებულ საქართველოში მუშათა კლასი მაინც შენარჩუნდა. მან მოახერხა და შეინარჩუნა საკუთარი სოციალური, შრომითი, მატერიალური და პროფესიული ინტერესების წარმომადგენელი და უფლებების დამცველი პროფესიული კავშირები, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანულ ნაწილს გახდა.

დღეს საქართველოს მუშათა კლასის პრობლემები პირდაპირ კავშირშია საქართველოს საზოგადოების სოციალურ განვითარებასთან. 1988 წლის შემდეგ საქართველოს მუშათა კლასის სოციალური პოზიციების დაკნინების მიუხედავად მუშები  დღესაც ქვეყნის განვითარების მთავარ სუბიექტს წარმოადგენენ. ამ განვითარების ხელშეწყობისთვის კი აუცილებელია, რომ მუშები ღირსეული სამუშაო ადგილებით (ისე როგორც მას განმარტავს გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია)  იყვნენ უზრუნველყოფილნი. ეს რთული ამოცანაა, რადგან დეინდუსტრიალიზაციამ, საკუთრების, წარმოებისა და გაცვლის სფეროში მომხდარმა გარდაქმნებმა საქართველოს მუშათა პროფესიებში ფუნქციური ცვლილებები გამოიწვიეს. გაქრა მთელი  დარგები და პროფესიები, რადიკალურად შეიცვალა საქართველოს მუშათა კლასის პროფესიულ-საკვალიფიკაციო,  ასაკობრივი და სქესობრივი სტრუქტურა, მუშათა კლასის დიდმა ნაწილმა წარმოების სფეროდან მომსახურების სფეროში გადაინაცვლა. ეკონომიკაში ტექნოლოგიურმა სიახლეებმა და სტრუქტურულმა ცვლილებებმა წარმოების პროცესი გაართულა და დიდი ზემოქმედება მოახდინა დასაქმებაზე, შრომის ხასიათსა და პირობებზე, პროფესიული კვალიფიკაციის დონეზე, წარმოების კულტურაზე, მუშათა მატერიალურ მდგომარეობაზე,  მათ სოციალურ ფსიქოლოგიასა და ქცევაზეც კი. ქვეყანაში დემოგრაფიული მაჩვენებლი კატასტროფულად გაუარესდა, რადგან არა მარტო მიზერული გახდა შობადობა, არამედ გიგანტური მასშტაბები შეიძინა ემიგრაციამ, მათშორის შრომითმა ემიგრაციამ. საქართველოს მუშათა კლასის სამრეწველო ბირთვი შემცირდა, თუმც საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ქვეყანაში გაჩნდა საინფორმაციო ეკონომიკა (ინფორმაციისა და ცოდნის დამზადება და რეალიზაცია). საინფორმაციო ეკონომიკასთან ერთად გაჩნდნენ საკუთარი სოციალური კავშირების მქონე, ინფორმაციაზე, ცოდნაზე, ტექნოლოგიებზე ორიენტირებული მუშაკები. საინფორმაციო ეკონომიკის განავითარებამ განაპირობა საკუთარი შრომითი პოტენციალის მქონე საინფორმაციო საზოგადოების განვითარება.

მართალია საინფორმაციო ეკონომიკის მუშაკს  მუშათა კლასის ადგილზე ეკონომიკასა და საზოგადოების სოციალურ სტრუქტურაში ტრადიციული საფაბრიკო-საქარხნო მუშათა კლასისგან განსხვავებული წარმოდგენა განუვითარდა, მაგრამ უცვლელი დარჩა მათი მიმართება ქვეყანაში მოქმედ შრომით სამართალთან, მუშათა ტრადიციულ მორალურ-ფსიქოლოგიურ და კულტურულ ღირებულებებთან. მათი ეს საერთო მიმართება ადასტურებს რომ როგორც ტრადიციულ საფაბრიკო-საქარხნო მუშები, ასევე საინფორმაციო ეკონომიკის მუშები ერთიანი მუშათა კლასია და ერთიანია მისი სოციალური განვითარების ხაზიც.

მალე თითქმის სამი ათეული წელი შესრულდება რაც მსოფლიო საინფორმაციო ველში მუშათა კლასის განვითარების ტენდენციებსა და მის განსაკუთრებულობაზე წარმოდგენები მნიშვნელოვნად შეიცვალა. მუშათა კლასი უკვე აღარ განიხილება საზოგადოების ყველაზე ორგანიზებულ და აქტიურ, ისტორიული პროცესის მთავარ მამოძრავებელ კლასად. წინ წამოიწია თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში სპონტანურად წარმოშობილი საშუალო კლასის ცნებამ.

ბოლო თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში საქართველოში განვითარებულმა დეინდუსტრიალიზაციის პროცესმა, სოციალურ მობილობამ და დინამიკამ  ხელი შეუშალა საშუალო კლასის განვითარებას. საქართველოს რეალობისთვისაც კი უაღრესად მცირე რიცხოვანმა საშუალო კლასმა, როგორც ახალმა სოციალურმა ფენომენმა ვერ შესძლო ასევე რიცხვობრივად შემცირებული მუშათა კლასის ჩანაცვლება. საშუალო კლასის განვითარება დიდად დაამუხრუჭა სახელმწიფოში არსებულმა ეკონომიკურმა (იმპორტირებული ლიბერტარიანიზმი)  და სოციალურმა სტრატეგიამ (ორიენტაცია ბიუროკრატიაზე). ამ სტრატეგიამ არ დაუშვა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი  საშუალო კლასის ფორმირება საქართველოში.

საქართველოს მუშათა კლასმა დიდი დანაკარგების მიუხედავად საკუთარი კლასობრივი სახე და პოზიცია მაინც შენარჩუნა, რადგან საქართველოში მატერიალურ წარმოება მუშების შრომაზე რჩება დამოკიდებული. მაგრამ ისიც არის აღსანიშნავი რომ საქართველოს მუშათა კლასის რიგებში სულ უფრო და უფრო იზრდება ინფორმაციისა და ცოდნის მწარმოებელი მუშაკების რიცხვი.

მსოფლიოს 800 მილიონიანი მუშათა კლასი დღეს კვლავ რჩება კაცობრიობის მთავარ მწარმოებელ ძალად. ყველაფრის მიუხედავად მუშების აქტიურ პოზიციაზეა დამოკიდებული თუ საით წავა მსოფლიოში სოციალური პროცესები – პროგრესისკენ, თუ რეგრესისკენ. ამ საუკუნეში კაცობრიობა ეკონომიკაში, სოციალურ და კულტურულ სფეროში ყველაფერს მუშათა შრომით შექმნის. ეს კი ნიშნავს რომ მუშათა კლასის სოციალური, შრომითი, მატერიალური და პროფესიული ინტერესების წარმომადგენლობა და დაცვა ჰუმანისტური პრინციპებისა და სოციალური სამართლიანობის წარმომადგენლობა და დაცვაა. საქართველოს მუშათა კლასი საერთო საკაცობრიო მუშათა კლასის ორგანული ნაწილია და დღეს მისი რიცხობრივი სიმცირის მიუხედავად კვლავ რჩება ქვეყნის ეკონომიკისა და საზოგადოების განვითარების მამოძრავებელ კლასად.

დავით  არაბიძე