მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მუშათა გაფიცვები და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი

გაფიცვები საბჭოთა კავშირში – თითქოს რა საერთო აქვთ მათ, ერთის მხრივ სოციალური პროტესტისა და წინააღმდეგობის ერთ-ერთ რადიკალურ ფორმა და მეორე მხრივ ოფიციალურად საერთო-სახალხო სახელმწიფოდ დეკლარირებულ ქვეყანა. საბჭოთა გაზეთები გაფიცვების შესახებ არაფერს ბეჭდავდნენ, ამ საკითხზე სდუმდა საბჭოთა რადიო და ტელემაუწყებლობაც, მაგრამ გაფიცვები იყო და მასში აქტიურად იყო ჩართული ამ სახელმწიფოს მთავარი მწარმოებელი კლასი – მუშათა კლასი.

მოსწრებული კალმოსნების მიერ „უძრაობად“ წოდებულ ეპოქაში ( 20-ე საუკუნის 60-იანი წლების მეორე ნახევრიდან 80-იანი წლების პირველ ნახევრამდე ) სულაც არ იყო უძრაობა. ამ პერიოდის მახასიათებელი ნიშანი სხვა მოვლენებთან ერთად იყო მუშათა გაფიცვები, რომელნიც ხან სად და ხან სად იჩენდა თავს. მართალია მათ შესახებ საბჭოთა კავშირის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არაფერს ამბობდნენ, მაგრამ ეს მოვლენები საბჭოთა სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მთავარი ორგანოს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი იყო. ამ ორგანოს საარქივო მონაცემების უაღრესად მცირე ნაწილ გასული საუკუნის 90-იან წლების პირველ  ნახევარში პრესაში გამოქვეყნდა.

ასეთი პუბლიკაცია დაიბეჭდა თავისუფალ პროფკავშირულ გამოცემა „Рабочая сила“-ში (1995 წლის ნოემბერი №8(17). ამ პუბლიკაციაში მოტანილია მასალა, რომელშიც მოცემულია საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ  საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტსთვის  წარდგენილი,  1968 წლის 6 მაისით დათარიღებულ, საიდუმლო ცნობა. ამ დოკუმენტის შედგენის დრო ფრიად მღელვარე ეპოქაა – საფრანგეთში სტუდენტთა და მუშათა გრანდიოზული მანიფესტაციებია, ჩეხოსლოვაკიაში „პრაღის გაზაფხული“, იუგოსლავიის კოსოვოს მხარეში მომიტინგეები ქუჩაში გამოდიან ლოზუნგით „ძირს წითელი ფაშები“, ჩინეთში „კულტურული რევოლუციაა“, ინდო-ჩინეთში ომი, ამერიკაში რასობრივი მღელვარებები, პარტიზანული მოძრაობები ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში,

საბჭოთა კავშირში კი ა. კოსოგინის ეკონომიკური რეფორმები. ამ ცვლილებების ეპოქაში უძრავი არაა არც მუშათა კლასი, რომელიც მიმართავს სოციალური პროტესტისა და წინააღმდეგობის ისეთ ქმედით ფორმას, როგორიც არის გაფიცვა. პოლიტიკური რეჟიმის უსაფრთხოების მთავარი ორგანოს შეფის – სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის იური ანდროპოვის ხელმოწერილ ცნობაში აღნიშნულია:  „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში არსებული მონაცემების მიხედვით 1967 წელსა და 1968 წლის დასაწყისში ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ადგილი ჰქონდა სამუშაო ადგილებზე მუშების ცალკეული ჯგუფების, ბრიგადებისა და ცვლების მიერ  კოლექტიურ გამოუცხადებლობასა და მუშაობის დაწყებაზე უარს. წინა წელს უკრაინის სსრ-ში სამუშაოზე არ გამოსვლისა და მუშაობაზე უარის თქმის 29 შემთხვევა აღინიშნა, უზბეკეთის სსრ-ში ასეთი შემთხვევა იყო 11, ესტონეთის სსრ-ში 8, ლიტვის სსრ-ში 5, ტაჯიკეთის სსრ-ში 4,  რსფსრ-ს სვერდლოვსკის ოლქში 9, კოსტრომის ოლქში 8, კარელიის ასსრ-ში 5, კრასნოიარსკის მხარეში 4 შემთხვევა. ყაზახეთის სსრ-ში ბოლო 2 წლის განმავლობაში სამუშაოზე კოლექტიური გამოუცხადებლობისა და მუშაობის დაწყებაზე უარის 49 შემთხვევა დაფიქსირდა.

40 ანალოგიურ ვითარებაში აღნიშნული მოვლენები თავიდან იქნა აცილებული. კონფლიქტები როგორც წესი სრულდება მუშების მოთხოვნების დაკმაყოფილებით.

1967 წლის სექტემბერში „სახალინრიბპრომი“-ს ბაზაზე დასაქმებული 450 მუშიდან შრომა შეწყვიტა და სახლებსი დაბრუნდა 129 სეზონური მუშა. აუცილებელი ზომების მიღების შემდეგ უმრავლესი მათგანი მეორე დღეს სამუშაოს კვლავ დაუბრუნდა. ამ შემთხვევის მიზეზი გახდა ბაზის ადმინისტრაციის შეცდომა სეზონური მუშების ხელფასის დაანგარიშებაში, მუშაკთა ყოფასა და კულტურულ მომსახურებაზე არასათანადო ზრუნვა, პოლიტიკურ-აღმზრდელობითი მუშაობის შესუსტება და ბაზის ზოგიერთი ხელმძღვანელის უღირსი საქციელი.

ალმა-ატის ბამბეულის კომბინატში, შრომის ცუდი ორგანიზაციის, ტექნოლოგიური პროცესის არასრულყოფილებისა და არასწორი ნორმირების გამო, რასაც ჯამში მოჰყვა ხელფასის შემცირება, გასული წლის დეკემბერში 2 დღის განმავლობაში არ მუშაობდა 2 ცვლის მუშები, სულ 50 ადამიანი.

1968 წლის 7 მარტს უკრაინის სსრ ქალაქ ჩერკასის აბრეშუმის კომბინატის საქსოვი საამქროს 400 მუშა არ მუშაობდა 1,5 საათის განმავლობაში, რის მიზეზიც იყო მათი ხელფასების შემცირება, მუშათა  სატარიფო განაკვეთების გეგმის   შესრულებაზე დამოკიდებულებაზე გადაყვანის გამო. მას შემდეგ რაც დაკმაყოფილდა მუშების მოთხოვნა, ისინი კვლავ შეუდგნენ მუშაობას.

1968 წლის 14-15 მარტს კურგანის მექანიკურ ქარხანაში მუშების ორმა ცვლამ – 70 ადამიანი, რომელთაგან 4 კომუნისტი და 10 კომუნისტური შრომის დამკვრელი იყო, 5 დღიანი სამუშაო კვირიდან მცოცავ გრაფიკზე გადაყვანისადმი პროტესტის ნიშნად, უარი განაცხადეს მუშაობაზე.

1968 წლის 9 აპრილს ქ. მინსკის სამშენებლო დეტალების ქარხანაში, ხელფასის მომატების მოთხოვნით, მუშაობაზე უარი განაცხადა ხის დამამუშავებელი საამქროს ცვლამ – 22 ადამიანის შემადგენლობით. მათ შრომა განაახლეს მხოლოდ 10 აპრილს 15 საათზე.

1968 წლის 10 აპრილს სარატოვის ოლქის ქალაქ ბალაშოვში ლაბადების ქსოვილების კომბინატში 19 საათიდან 24 საათამდე არ მუშაობდნენ საქსოვი წარმოების მეორე ცვლის მუშები. მეორე დღეს მუშაობაზე სრული უარი განაცხადა პირველმა ცვლამ, ხოლო მეორე ცვლა მუშაობას მხოლოდ 21 საათსა და 30 წუთზე შეუდგა. შედეგად სამუშაო დროის 19 საათის განმავლობასი არ მუშაობდა 708 ადამიანი. მუშაობაზე უარი განპირობებული იქნა ხელფასის მნიშვნელოვანი შემცირებით, რაც გამოიწვია საქსოვი წარმოების გადაყვანამ სატარიფო ანაზღაურებიდან პრემიალურ ანაზღაურებაზე. მუშები სამუშაოს დაუბრუნდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც განუცხადეს რომ მარტის თვის ხელფასს ისინ მიიღებდნენ სატარიფო განაკვეთების შესაბამისად.

საწარმოების პარტიული ორგანიზაციები და ადმინისტრაციები, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ორგანოების მონაწილეობით, იღებენ ამგვარი კონფლიქტების ლოკალიზაციისთვის აუცილებელ ზომებს, რათა ისინი არ გადაიზარდონ უფრო სერიოზულ ექსცესებში.“

საბჭოთა კავშირშიც  იფიცებოდნენ მუშები, წარმატებით ან წარუმატებლადაც, მაგრამ აქ მთავარი იყო მათი მოქალაქეობრივი ღირსება და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც არ დრკებოდა მოსალოდნელი თუ მოქმედი რეპრესიების წინაშე. ეკონომიკური მოთხოვნებით მუშათა გაფიცვები და მათზე სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის რეაგირება ის მაგალითია, რომელიც ნათლად აჩვენებს რაც არ უნდა მრისხანე ჩანდეს ძალოვანი სტრუქტურა, ერთად დარაზმულ მშრომელ ადამიანებს  შეუძლიათ კოლექტიური სოცალური პროტესტითა და წინააღმდეგობით გამოხატოს თავის მოქალაქეობრივი ღირსება და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ეკონომიკური ინტერესები. ისტორია ადასტურებს რომ მხოლოდ მათი კონცენტრირებული ძალა იცავდა, იცავს და მომავალშიც კვლავ დაიცავს ნებისმიერი ძალის წინაშე შრომის თავისუფლებას.

მშრომელთათვის ღირსეული სამუშაო, მათი კეთილდღეობა პირდაპირ არის დამოკიდებული მათ პროფკავშირად დარაზმულობაზე. სოციალური, შრომითი, მატერიალური და პროფესიული უფლებებისა და ინტერესების დაცვის წარმატება მუშაკთა კოლექტიურ მოქმედებებზეა დამოკიდებული, რომლის დროში გამოცდილი ფორმა პროფკავშირია.

დავით  არაბიძეusa