დღეს, 7 ოქტომბერს, მსოფლიო ღირსეულ შრომის დღეს აღნიშნავს. დასრულდეს კორპორატიული სიხარბე და გაუმაძღრობა” – ამ ლოზუნგით დღეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პროფკავშირები საპროტესტო ღონისძიებებს გეგმავენ და მთავრობებს კანონის უზენაესობისა და დასაქმებულთა ექსპულატაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. საქართველოს პროფკავშირებმა ღირსეული შრომის დღის ყოველწლიურად, ოქტომბრის პირველ შაბათს აღნიშვნის გადაწყვეტილება 2008 წელს მიიღო. ოდნავ მოგვიანებით, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციამ 7 ოქტომბერი “ღირსეული შრომის მსოფლიო დღედ” გამოაცხადა.
საქართველოს პროფკავშირები ღირსეულ შრომას წელს კვირეულს უძღვნიან და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას, შრომის ინსპექციისთვის ფუნქციონალური ბერკეტების მინიჭებას და ხელფასებისა და პენსიების ზრდას მოითხოვენ. ასევე, წელს ხაზს გაესვა შრომის კანონმდებლობის მანკიერ მხარეებსა და გენდერული თანასწორობის აუცილებლობას. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მოუწოდებს დასაქმებულებს, იყვნენ უფრო აქტიურები და იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის.
“მსხვილი ბიზნესი მიიჩნევს, რომ შრომა მხოლოდ საბოლოოდ მიღებული პროდუქტი და მოგებაა, დასაქმებულები და მათი უფლებების დაცვა კი ზიანის მომტანია მათი შემოსავლისთვის. მთავრობა ბიზნესს მფარველობს, მსოფლიომ კი კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. მსოფლიოს მსხვილი ბიზნესის 60% სწორედ ადამიანების ექსპულატაციასა და მათ შრომითი უფლებების დარღვევაზე დგას. შრომის კანონმდებლობა, ხელფასები, პენსიები და შრომითი უსაფრთხოება მუდმივ თავდასხმას განიცდის ძალიან ბევრ ქვეყანაში და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ გვყავს საერთო მტერი – კორპორატიული გაუმაძღრობის სახით. უარი ვთქვათ მონობაზე, ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის!” – ნათქვამია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში.