მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მსოფლიოში კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობაა

სამუშაოს ძებნის პროცესი დებორა პრიორისთვის ყოველდღიური სამსახურივითაა. 2008 წლიდან მოყოლებული მას მთელშტატიანი სტაბილური სამსახური აღარ ჰქონია.

“ხშირად ცრემლებამდე მივდივარ, ისეთი ძლიერი იმედგაცრუება მაქვს, ხოლმე“ -ამბობს ის. უკანაკნელი 3 წლის მანძილზე დებორა უნივერსიტეტში დაბრუნდა და დიპლომზე მუშაობა დაასრულა. საკუთარი საკომუნიკაციო კომპანიაც გახსნა და თავი კერძო ბიზნესშიც მოსინჯა. მაინც უფრო სტაბილური და გარანტირებული სამსახური ურჩევნია. ინტერნეტზე სამუშაოს ძებნაში ათასობით საათი აქვს დახარჯული, მაგრამ უშედეგოდ.

ყოველთვის ავტომატურ პასუხს ვიღებ, რომელიც მატყობინებს, რომ ჩემი მონაცემების პაკეტი მიიღეს. ამის შემდეგ აღარაფერი ისმის ხოლმე. თითქოს რეზიუმე სადღაც ქარბორბალას გავატანე, უსასრულობაში – ამბობს ის.

ჯეფ ჯოერესი, ამერიკაში ერთერთი ცნობილი დასაქმების ფირმის „Manpower Group” აღმასრულებელი დირექტორი  ამბობს, რომ კომპანიებში სამუშაო ადგილები ხშირად თავისუფლდება, მაგრამ ისინი ძალზე სპეციფიური კვალიფიკაციის მქონე მუშახელს ეძებენ, ძალიან ხშირად კი – ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების მთელი კომპლექსის მქონე პროფესიონალებს.

მათ დიდ ნაწილს, ვინც დღეს უმუშევარია, ხშირად ორი ან უკვე რამდენიმე წელია, რაც სამსახური არ აქვს. ამ წლების მანძილზე კომპანიების მუშაობის სპეციფიკაც ძალზე სწრაფად და დინამიურად შეიცვალა. ის უნარჩვევები და ტექნოლოგიური დონე, რაც ამ ადამიანებს ორი წლის წინ ჰქონდათ, დამსაქმებელს უკვე აღარ აინტერესებს -აცხადებს ბატონი ჯოერესი.

ამ ცვლილებებში იგულისხმება ტექნოლოგიური მოდერნიზაცია, რომელიც დღეს ძალზე სწრაფად ხდება, თუნდაც კომპიუტერული პროგრამების განახლებული ვერსიები, რაშიც უკვე დასაქმებულ ადამიანებს პერიოდულად თრეინინგები უტარდებათ და ისინი სამუშაოს უფრო სწრაფად და ეფექტურად ასრულებენ. შესაბამისად იცვლება მოთხოვნებიც, რომელიც ახალმა თანამშრომელმა უნდა დააკმაყოფილოს. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ უმუშევრობის დონე ჯერ კიდევ მაღალია, მაშინ როცა კომპანიებს კვალიფიციური მუშახელის პოვნა უჭირთ.

იმავე დამსაქმებელი კომპანიის ლოს ანჟელესის რეგიონალური ფილიალის მენეჯერი ჯენილ ეჩპარი თვლის, რომ სამსახურის ძებნის პარალელურად უმუშევრებმა მაქსიმალურად უნდა ეძებონ კვალიფიკაციის ამაღლების გზები და თრეინინგებს ერთი წუთითაც კი არ უნდა გაანებონ თავი.

მათ, ვინც განათლების მიღებას აგრძელებს და ტექნოლოგიების განვითარებას ფეხს უწყობს, მეტი შანსი აქვთ სამუშაო ადგილებზე დაბრუნების ან ახალი სამსახურის მოძებნის – ამბობს ის.

თუმცა, ამის გაკეთებას ყველა ვერ ახერხებს. კომპანიამ „Manpower Group” სპეციალური გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც 39 ქვეყნის დამსაქმებლები  მონაწილეობდნენ. მათი 35 პროცენტი აცხადებს, რომ უჭირთ კვალიფიციური მუშახელის პოვნა. ამერიკაში  კიდევ უფრო მეტი, დამსაქმებელთა 54 პროცენტი,  აფიქსირებს იგივე პრობლემას. უმაღლესი მაჩვენებელია იაპონიაში, ინდოეთში და ბრაზილიაში.

ყველაზე დიდი დეფიციტი  ტექნოლოგიების და გაყიდვების სფეროში აღინიშნება. კომპანიის „QSC Audio”  წარმომადგენელი, იათან  შაჰი ამბობს, რომ ისინი იზრდებიან და უამრავი ვაკანსია აქვთ. მაგრამ კვალიფიციური ინჟინრის და ფაბრიკის თანამშრომლების მოძებნა ძალზე ძნელია.

სამი თვიდან ერთ წლამდე ვუნდებით ზოგიერთი ვაკანსიის შევსებას. რა თქმა უნდა, გამაღიზიანებელია ის ფაქტი, რომ ასობით უმუშევარი მოგვმართავს ყველა კუთხიდან, შენ კი მაინც ვერ პოულობ ზუსტად იმ კვალიფიკაციას, რაც გჭირდება– აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.

ასეთ შემთხვევაში ისინი სამუშაო ადგილს ღიად ტოვებენ და ძებნას აგრძელებენ. ეს ყოველივე ჯაჭვურ რეაქციას იწვევს. შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ ასეთ შემთხვევაში დამსაქმებელი ფულს ზოგავს, მაგრამ საბოლოო ჯამში პირიქით ხდება, კომპანია აგებს და მისი საქმე უკან მიდის, ამბობენ სპეციალისტები.

ამერიკაში ბევრი კომპანია ადგილს და ზოგჯერ ქვეყანასაც კი, იცვლის იმის გამო, რომ უფრო კვალიფიციურ მუშახელთან თუ არა, ისეთ ადამიანებთან იყოს ახლოს, რომლებსაც სწრაფად ათვისების უნარი აქვთ. ასეთ დროს სხვაგვარ კომპრომისს აქვს ადგილი: მათ შედარებით დაბალი კვალიფიკაციის თანამშრომლები აყავთ და ახალი თანამშრომლების  წვრთნაში დებენ მეტ ინვესტიციას.

ამერიკის ხმა