საქართველოს დედაქალაქში პირველი სარელსო სატრანსპორტო საშუალება იყო ცხენის კონკა. ეს სატრანსპორტო სიახლე თბილისში ბელგიელი ბიზნესმენების მერ იქნა განხორციელებული და მან 1883-1910 წლებში იფუნქციონირა. 1900 წელს თბილისში ამოძრავდა ვიწრო ლიანდაგიანი ტრამვაი, რომელიც 1933 წელს ფართო ლიანდაგიანმა ტრამვაიმ შეცვალა. 1905 წლიდან საქართველოს დედაქალაქში ამუშავდა სამთო-საბაგირო გზა „ფუნიკულიორი“. 1908 წლიდან თბილისში რეგულარული გახდა ავტომობილების მოძრაობა, 1934 წლიდან ამოქმედდა საავტობუსო ხაზები და ტაქსი, ხოლო 1937 წელს სატროლეიბუსო ხაზები.
ამ ცვლილებების მიუხედავად დედაქალაქში სატრანსპორტო პრობლემამ დაისადგურა, საჭირო იყო მისი რადიკალური გადაწყვეტა. 1951 წელს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭომ მიიღო დადგენილება თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობის თაობაზე. 1952 წელს მშენებლობაც დაიწყო, მაგრამ 1953 წელს საბჭოთა კავშირის სახელისუფლებო ეშელონის თავში მომხდარი ფუნდამენტური ცვლილების შემდეგ მშენებლობა შეწყდა და მხოლოდ 1959 წელს განახლდა. ეს მშენებლობა თბილისელთათვის საერთო სახალხო საქმე იყო და შაბათობების სახით მიწისქვეშა რკინიგზის მშენებლობაში 100 ათასზე მეტმა თბილისელმა მიიღო მონაწილეობა. ამ გრანდიოზულ მშენებლობას ინჟინერი ვიქტორ გოცირიძე ხელმძღვანელობდა. 1965 წლის 28 ნოემბერს მემანქანე ნოე ლაცაბიძემ პირველი საცდელი შემადგენლობა გაატარა თბილისის მეტროპოლიტენის რელსებზე. 1966 წლის 10 იანვარს სადგურ „რუსთაველის მოედანზე“ გაიმართა თბილისის მეტროპოლიტენის საზეიმო გახსნა.
თბილისში მეტროპოლიტენის გახსნა დიდი მნიშვნელობის მოვლენა იყო, ეს იყო მსოფლიოს # 35-ე მიწისქვეშა რკინგზა. ამ სიახლეს მწერალი კონსტანტინე გამსახურდია ასე გამოეხმაურა: „თბილისი, ჩვენი რესპუბლიკის დედაქალაქი, უხუცეს დედაქალაქთაგანია კონსტანტინოპოლის, რომისა და პარიზის შემდეგ. რა სასიხარულოა, რომ მას ამშვენებენ არა მარტო ჩვენი ბრწყინვალე არქიტექტურა, არამედ თანამედროვე ცივილიზაციის უახლესი მიღწევები“.
1966 წლის 11 იანვარს როდესაც პირველი მგზავრები შევიდნენ თბილისი მეტროპოლიტენში, ის მხოლოდ სადგური „დიდუბე“ – სადგური „რუსთაველი“-თ შემოიფარგლებოდა ( 6 სადგური ). დღეს დედაქალაქის მეტროპოლიტენი ორი ხაზისგან შედგება: ა) სადგური „ახმეტელის თეატრი“ – სადგური „ვარკეთილი“ ( 16 სადგური ) და ბ) სადგური „სადგურის მოედანი“ – სადგური „ვაჟა-ფშაველა“ ( 6 სადგური ). მალე მათ 23-ე სადგური „უნივერსიტეტი“ შეემატება.
მეტროპოლიტენი მხოლოდ ლითონად და მარმარილოდ დარჩებოდა მას რომ მშრომელი ადამიანები არ ამუშავებდნენ. მიწისქვეშა ნაგებობები, ვენტილაცია, მიკროკლიმატი, გვირაბებსა და სადგურებში ადამიანებისა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, მიწისქვეშეთის მუდმივი ხელოვნური განათება, ელექტრო და რადიო კავშირის უზრუნველყოფა, ზოგადად მგზავრთათვის ნორმალური პირობების უზრუნველყოფა მეტროპოლიტენის მუშაკთა კომპეტენციასა და შრომის უნარიანობაზეა დამოკიდებული.
თბილისის მეტროპოლიტენში პროფკავშირი მისი გახსნის დღიდანვე მოქმედებდა, მაგრამ ახალმა დროებამ განახლება მოითხოვა. 2006 წელს დედაქალაქის მეტროპოლიტენის მუშაკთა საინიციატივო ჯგუფმა: ელექტრომექანიკოს მაია შავიშვილის, ინჟინრების ნიკო დათებაშვილისა და მზია ასკილაშვილის, ზეინკლების ნიკა რეხვიაშვილისა და შალვა ფუტკარძის და სხვათა მონაწილეობით დაიწყო მეტროპოლიტენში პროფკავშირული მოძრაობის რადიკალური გარდაქმნა. მეტროპოლიტენის პროფკავშირის წევრთა ორიმესამედისმოთხოვნით გაიმართა პროფკავშირის რიგგარეშე ყრილობა, რომელმაც სრულიად სხვა ადამიანები დააყენა მშრომელთა სოციალური, მატერიალური და შრომითი ინტერესების სადარაჯოზე. მეტროპოლიტენის პროფკავშირის ახალ თავმჯდომარედ ბესიკ ხარატიშვილი, ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი ხიტალიშვილი აირჩია, ასევე აირჩა ახალი გამგეობაც.
პროფკავშირის ახალი ხელმძღვანელობის მიერ მშრომელთა ინტერესების აქტიური დაცვის პასუხად თბილისის მეტროპოლიტენის იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ალავიძემ დესტრუქციულ ქმედებებს მიმართა. მან საკუთარი ბრძანებით აუკრძალა მეტროპოლიტენის ბუღალტერიას პროფკავშირისთვის საწევროების გადარიცხვა. პროფკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ ხელახლა მოახდინა პროფკავშირში გაწევრიანების მსურველთა განცხადებების შეკრება. მათ ამ ინიციატივას 900-ზე მეტმა მშრომელმა დაუჭირა სასწრაფოდ მხარი, პროფკავშირმა აღადგინა საწევროების აკრეფის კანონიერი პროცესი. 2007 წელს თბილისის მეტროპოლიტენის გენერალური დირექტორად ლევან კოპლატაძე დაინიშნა. პირველ ეტაპზე მეტროპოლიტენის ახალმა ხელმძღვანელმა პროფკავშირთან ურთიერთობაში არ იხელმძღვანელა სოციალური პარტნიორობის პრინცპით, მაგრამ პროფკავშირის მიერ გამოჩენილი მტკიცე პოზიციის შედეგად 2008 წლის 25 მარტს მეტროპოლიტენის ადმინისტრაციასა და განახლებულ პროფკავშირს შორის პირველად დაიდო კოლექტიური შრომითი ხელშეკრულება. ამ მნიშვნელოვანი წინსვლის შედეგ პროფკავშირმა მეტროპოლიტენის ადმინისტრაციასთან 2013 წლის 9 ივლისის #5 შეთანხმების საფუძველზე პროფკავშირის წევრებისთვის მიაღწია ბონუსებს. შეთანხმებაში აღინიშნა:
ა) მხარეები შეთანხმდენ, რომ მომავალში მათ შორის მოლაპარაკებებისა შეთანხმების საგანი იქნება ის სოციალური და საჭირბოროტო საკითხები, რომლებიც შეეხება მხოლოდ პროფკავშირის წევრებს;
ბ)პროფკავშირის წევრს დაქორწინების შემთხვევაში, მისი განცხადების, ქორწინების მოწმობის ასლისა და პროფკავშირი შუამდგომლობის საფუძველზე, ნაცვლად 250 ლარისა მიეცემათ ერთჯერადად 400 ლარი და 10 სამუშაო დღე ანაზღაურებადი შვებულება;
გ)კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების გარდა, პროფკავშირის წევრ ქალებს მათი განცხადების, პროფკავშირის შუამდგომლობისა და ბავშვის დაბადების მოწმობის ასლის წარდგენის საფუძველზე, ნაცვლად 375 ლარისა მიეცემათ 750 ლარი, ასევე დამატებით, ერთჯერადად მიეცემათ ანაზღაურება დასაქმებულის 2 (ორი) თვის საშუალო ხელფასის ოდენობით;
დ)პროფკავშირის წევრ ქალებს ვისაც ჰყავს 8 წლამდე ბავშვი მიეცემათ 1 (ერთი) საათით შემოკლებული ანაზღაურებადი სამუშაო დღე, გარდა ცვლებში მომუშავე დასაქმებულებისა;
ე)პროფკავშირის წევრებს ოჯახის წევრის (დედა, მამა, მეუღლე, შვილი, და, ძმა) გარდაცვალების შემთხვევაში პირადი განცხადების, გარდაცვალების მოწმობის ასლისა და პროფკავშირის შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 375 ლარი და დამატებით 5 სამუშაო დღე ანაზღაურებადი შვებულება;
ვ)პროფკავშირის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ოჯახის განცხადების, გარდაცვალების ცნობის ასლისა და პროფკავშირის შუამდგომლობის საფუძველზე გარდაცვლილის ოჯახს გადაეცემა 1000 ლარი;
ზ)მეტროპოლიტენის დასაქმებულებთან, გარდა სტრუქტურული ერთეულების უფროსების, მათი მოადგილეებისა და მთავარი ინჟინრების, ასევე გამოსაცდელი ვადით გაფორმებული და გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა, გაფორმდება უვადო ხელშეკრულებები;
თ)დასაქმებულის სამუშაო დროის მონაკვეთი, რომელიც აღემატება კვირაში 40 საათს, მიიჩნევა ზეგანაკვეთურად და ნაზღაურდება შედეგი წესით:
-კვირაში 40 საათს ზემოთ შრომა 44 საათის ჩათვლით ანაზღაურდება საათობრივი ტარიფის 15%-ანი დანამატით,
-კვირაში 44 საათს ზემოთ შრომა 48 საათის ჩათვლით ანაზღაურდება საათობრივი ტარიფის 20%-ანი დანამატით,
კვირაში 48 საათს ზემოთ შრომა ანაზღაურდება საათობრივი ტარიფის 25%-ანი დანამატით,
-უქმე დღეებში შრომა ანაზღაურდება ორმაგი ოდენობით.
ი) პროფკავშირის წევრის ან მისი ოჯახის წევრის (დედა, მამა, მეუღლე, შვილი) მძიმე დაავადების (ონკოლოგია, ტუბერკულოზი, ინსულტი, ინფარქტი) დროს, ფორმა #100 წარმოდგენით, პროფკავშირის წევრზე გაიცემა 150 ლარი;
კ) პროფკავშირის გამგეობის, კომიტეტის, სარევიზიო ჯგუფის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ან მათი ოჯახის წევრების (დედა, მამა, მეუღლე, შვილი) მძიმე დაავადების (ონკოლოგია, ტუბერკულოზი, ინსულტი, ინფარქტი) დროს, ფორმა #100 წარმოდგენით, პროფკავშირის ანგარისიდან გაიცემა 300 ლარი;
ლ)მეტროპოლიტენის მუშაკთა საატესტაციო კომისიის შექმნისას პროფკავშირის მიერ წარმოდგენილი კანდიდატი შეყვანილ იქნება აღნიშნულ კომისიაში;
მ)მძიმე და მავნე პირობებში მომუშავე მუშაკებს შეუნარჩუნდებათ 2 (ორი) დღე ანაზღაურებადი შვებულება და დამატებით მძიმე პირობებზე 50 ლარი, ხოლო მავნე პირობებზე 70 ლარი ლარი მიეცემათ. კანონმდებლობის შესაბამისად მათ ასევე დამატებით მიეცემათ 10 კალენდარული დღე ანაზღაურებადი შვებულება.
პროფკავშირის საქმიანობის შესახებ მისი აქტივისტები საუბრობენ:
ნიკო დათებაშვილი – თბილისის მეტროპოლიტენის პროფკავშირის გამგეობის წევრი, ელექტრომექანიკური სამსახურის პროფკომიტეტის თავმჯდომარე: „დიდი შრომა მოგვიწია მძიმე და მავნე პირობებში მშრომელთა ინტერესების დასცავად. 2008-2010 წლებში სასამართლო დავების სერიაც კი გვქონდა, მაგრამ ადმინისტრაციას მაინც მოუწია ამ საკითხზე პროფკავშირთან მორიგებაზე წასვლა“.
მაია შავიშვილი – საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტისა და თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფკავშირის გამგეობის წევრი, სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის სამსახურის პროფკომიტეტის თავმჯდომარე: „თითქოსდა მცირე საკითხია, მაგრამ ჩვენს პროფკავშირს მოუწია ისეთი საკითხის მოგვარება, როგორიც არის მეტროპოლიტენის მუშაკთათვის სამგზავრო ბარათების შენარჩუნება, არადა 2009 წელს რეალურად იყო 500-ზე მეტი მუშაკისთვის მათი დაკარგვის საფრთხე. ამჟამად ეს საფრთხე მოხსნილია. პროფკავშირის ძალისხმევით მეტროპოლიტენში ბოლო 9 წლის განმავლობაში 3-ჯერ მოხდა ხელფასების ზრდა, საშუალოდ იგი თითქმის 3-ჯერ გაიზარდა“.
ზურაბ აფციაური – თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფკავშირის გამგეობის წევრი, სალიანდაგო და გვირაბ ნაგებობათა სამსახურის პროფკომიტეტის თავმჯდომარე: „მე პროფკავშირს 2008 წლიდან შევუერთდი. მისასალმებელია რომ თბილისის მეტროპოლიტენის ახალი გენერალური დირექტორი ალექსანდრე ჯაფარიძე პროფკავშირთან სოციალური პარტნიორობის პრინციპის საფუძველზე ურთიერთობს და დადებული აქვს კოლექტიური შრომითი ხელშეკრულება. მეტროპოლიტენის მუშაკებს ყველას აქვს სამედიცინო დაზღვევა, მაგრამ ამის მიუხედავად მნიშვნელოვანია რომ აღდგეს შრომის უსაფრთხოების ინსპექცია, რათა სამუშაო ადგილებზე შრომის ღირსეული სტანდარტები დამკვიდრდეს“.
პროფკავშირელები ერთხმად აღნიშნავენ, რომ კავშირის თავმჯდომარე ბესიკ ხარატიშვილის აქტიური და ქმედით პოზიციით ბევრი საკითხი მშრომელთა სამართლიანი ინტერესების შედეგად გადაწყდა. პროფკავშირი თავისი წევრებისთვისაქტიურადმართავს მასობრივ-კულტურულ ღონისძიებებს.
2014 წლის 30 მარტს ქ. თელავში გამართულ საანგარიში-საარჩევნო ყრილობაზე მეტროპოლიტენის პროფკავშირელთა დელეგატებმა კავშირის თავმჯდომარედ კვლავ ბესიკ ხარატიშვილი, კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ კი გიორგი ხიტალიშვილი აირჩიეს, აირჩა ასევე კავშირის ახალი გამგეობა 15 წევრის შემადგენლობით. პროფკავშირულ მოძრაობას თბილისის მეტროპოლიტენში კარგი პერსპექტივა აქვს, მასში უკვე 1800-ზე მეტი მეტროპოლიტენელია გაწევრიანებული. სამომავლო გეგმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანისაკითხიამუშაკთა ნამსახურები წლების მათ ანაზღაურებაზე აისახვა, მეტროპოლიტენში შრომის ღირსეული და უსაფრთხო პირობების დამკვიდრება, სამართლიან ანაზღაურების მიღწევა ასეთ რთულ და საპასუხისმგებლო შრომისათვი. მეტროპოლიტენი ჯერ ადამიანებია და შემდეგ ლითონი და მარმარილო.