საქართველოს მიერ ევროპის კავშირთან ასოცირების რატიფიცირებამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ევროპული სტანდარტების მიმართ ჩვენი საზოგადოების ინტერესი. ამ მხრივ, ძალზედ საყურადღებოა მინიმალური ხელფასის სტანდარტი ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებში. ეს საკითხი ამ კავშირში სულ უფრო მეტ აქტუალურობას იძენს და მიმართულია ევროპის კავშირში მინიმალური ხელფასის ერთიანი გარანტირებული ნორმის დამკვიდრებისკენ.
ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს მთავრობამ განაცხადა, რომ 2015 წლის იანვრიდან მინიმალური საათობრივი ანაზღაურება გაიზრდებოდა 11%-ით.
2013 წლის ნოემბერში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა, ანგელა მერკერმა, განაცხადა, რომ ქვეყანაში დამკვიდრდებოდა საერთო ეროვნული მინიმალური ხელფასის ნორმა. ამით გერმანია დატოვებდა ევროპის კავშირი იმ სახელმწიფოების რიგს, სადაც არ არის დადგენილი მინიმალური ხელფასის ნორმა.
ამჟამად ევროპის კავშირის 28 წევრი ქვეყნიდან 21 ქვეყანაში დადგენილია მინიმალური ხელფასის საერთო ეროვნული ნორმა. ეს ქვეყნებია: სლოვენიის რესპუბლიკა, სლოვაკეთის რესპუბლიკა, ჩეხეთის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრ. ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, რუმინეთი, ნიდერლანდების სამეფო, პოლონეთი, პორტუგალიის რესპუბლიკა, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო, მალტა, ლიტვის რესპუბლიკა, ლატვიის რესპუბლიკა, ესტონეთის რესპუბლიკა, უნგრეთის რესპუბლიკა, ირლანდიის რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა, საბერძნეთის რესპუბლიკა, ხორვატიის რესპუბლიკა, ბელგიის სამეფო, ბულგარეთის რესპუბლიკა, ესპანეთის სამეფო.
ქვეყნების მიხედვით, მინიმალური ხელფასის ნორმა განსხვავებულია და მკვეთრადაც. მაგალითად, მინიმალური ყოველთვიული ხელფასი ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში არის 1874 ევრო, ბელგიის სამეფოში 1502 ევრო, ნიდერლანდების სამეფოში 1469 ევრო, ირლანდიის რესპუბლიკაში 1462 ევრო, საფრანგეთის რესპუბლიკაში 1430 ევრო,11%-იანი მატების შემდეგ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ. ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში 1403 ევროს ეკვივალენტი. ევროპის კავშირში ყველაზე მცირე მინიმალური ხელფასის ნორმა რუმინეთშია და იგი სულ რაღაც 157 ევროს შეადგენს. თუმცა გასათვალისწინებელია ყოველ კონკრეტულ ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ნორმატივები, ფასები, მოქალაქეთა მსყიდველობითი უნარი, მოთხოვნილებები და ცხოვრების ტრადიციული წესი.
ევროპის კავშირში არის შვიდი სახელმწიფო, სადაც არ არის დადგენილი ყოველთვიური მინიმალური ხელფასი. ეს ქვეყნებია: შვედეთის სამეფო, თუმცა სადაც მოქმედებს სოციალური ოქმი, რომელშიც განზოგადებულად დადგენილია ძირითადი სოციალური დებულებები, დანიის სამეფო, ფინეთის რესპუბლიკა, ავსტრიის რესპუბლიკა, იტალიის რესპუბლიკა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, რომელიც მალე დატოვებს ამ სიას და კვიპროსის რესპუბლიკა, რომელშიც მოქმედებს მინიმალური ხელფასის ნორმა. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოქმედი პროფკავშირული ზემოქმედებით დადგინდება საერთო ეროვნული მინიმალური ხელფასი და 2015 წლის იანვრიდან იგი საათში 8,5 ევრო იქნება.
შვედეთის სამეფოში, დანიის სამეფოში, ფინეთის რესპუბლიკაში, ავსტრიის რესპუბლიკასა და იტალიის რესპუბლიკაში ხელფასის მოცულობა დგინდება სოციალურ პარტნიორებს შორის კოლექტიური მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით. უმრავლეს შემთხვევაში ეს შეთანხმებები ეხება მთელ დარგებს და სხვა საკითხებთან ერთად მასში ზუსტად ფიქსირდება დარგში მინიმალური ხელფასის ყოველთვიური ნორმა. მინიმალური ხელფასის ნორმის კანონით დადგენის მიმართ განსხვავებული მიდგომა არსებობს. ლიბერტანიანიზმის მიმდევრებისთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია და ხელფასის ნორმის დადგენას მხოლოდ დამსაქმებლის უფლებამოსილებად მიიჩნევენ. მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომ ამ შემთხვევაში ე.წ არარენტაბელური მუშაკები ავტომატურად შეავსებენ უმუშევართა რიგებს. დადგენილი მინიმალური ხელფასი ეხმარება ადამიანებს დაძლიონ სიღატაკე, განსაკუთრებით მაშინ როდესაც არ მოქმედებს დარგობრივი კოლექტიური შეთანხმებების ნორმები და ისინი განწირულები არიან იყვნენ ღარიბი დასაქმებულები.
კოლექტიური ხელშეკრულებებით ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დასაქმებულები მოცული არიან სხვადასხვა მოცულობით, საფრანგეთის რესპუბლიკაში 90%, შვედეთის სამეფოში 80%, ნორვეგიის სამეფოში 75%, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 70%, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მხოლოდ 30%.
საქართველოშიც არის მინიმალური ხელფასი დადგენილი ედუარდ შევარდნაძის მიერ და იგი 20 ლარს შეადგენს, თუმც მიხეილ სააკაშვილმა საჯარო სამსახურში მინიმალური ხელფასი განსაზღვრა 115 ლარით. დღეს საქართველოს მთავრობის მხრიდან არაფერი ისმის მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით.
ევროპის კავშირის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო, ევროკავშირის კომისია კი მიიჩნევს, რომ გარანტირებული მინიმალური ხელფასი არამარტო ხელს შეუწყობს ღარიბი დასაქმებულების რიცხვის შემცირებას, გაზრდის შრომისადმი სტიმულს და ადამიანების მსყიდველობით უნარიანობას, სტიმულს მისცემს დამატებითი ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნას. ევროკავშირის კომისიას დირექტიული წესით არ შეუძლია მოსთხოვოს ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებს, რათა ყველგან დადგინდგეს გარანტირებული მინიმალური ხელფასი, მაგრამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის – ამ ფაქტობრივად ევროპის ეკონომიკური ლოკომოტივის მხრიდან გარანტირებული მინიმალური ხელფასის ნორმად დადგენა მისაბაძი მაგალითი გახდება სხვა ევროპული ქვეყნებისათვის. საქართველოშიც დროა მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმთან ახლოს მდგომი იყოს. მით უფრო თუ ჩვენი კურსი ევროპისკენ მართლაც გულწრფელია.