მინდელის შახტში შრომითი უსაფრთხოების საკითხზე დასკვნას შსო მოამზადებს
ტყიბულში მინდელის შახტში შრომითი უსაფრთხოების საკითხებზე დასკვნას შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მოამზადებს, – აღნიშნული გადაწყვეტილება სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე მიიღეს.
შეგახსენებთ ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, პროფკავშირებმა მოითხოვეს პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მოწვევა და ” მინდელის სახელობის” შახტის უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით შესწავლა.
სამმხრივი კომისიის სხდომაში პროფკავშირების გაერთიანების, დამსაქმებელთა ასოციაციის, “GIG ჯგუფის”, წარმომადგენლები და ოთხი მინისტრი მონაწილეობდა: ჯანდაცვის, ეკონომიკის, იუსტიციისა და ინფრასტრუქტურის. მიღწეულია კონკრეტული შეთანხმებები, ჩატარდება შახტის დეტალური კვლევა.
“თუ საერთაშორისო დასკვნაში აღნიშნული იქნება, რომ ნებისმიერი ინვესტიციის ან გადაიარაღების შემთხვევაში აღნიშნულ შახტებში შრომა მაინც საფრთხის შემცველია, მე დავასახელე რამდენიმე პროექტი, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ტყიბულში”, – ამის შესახებ პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
პეტრიაშვილის თქმით, მის ამ წინადადებას შეხვედრაზე დაეთანხმა ასევე ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების მინისტრი, პირველი ვიცე პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან აუდიტის ჩატარება.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აუდიტორული დასკვნის ჩასატარებლად შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართოს სამმხრივმა კომისიამ. პეტრიაშვილის თქმით, ეს კიდევ უფრო გაზრდის დასკვნის სანდოობის ხარისხს.
თუ დასკვნის მიხედვით, შახტაზე უსაფრთხო მუშაობა შესაძლებელი იქნება, დიალოგი გაგრძელდება მეშახტეებისა და მაღაროელების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების და მათთვის საპენსიო ასაკის შემცირების შესახებ 55 წლამდე, ასევე მათთვის პენსიის გაცემის თაობაზე კომპენსაციის სახით თვეში 580 ლარის ოდენობით, რათა გაუტოლდეს პარლამენტარების პენსიას.
პროფკავშირების ინიციატივით, პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დღის წესრიგში შეიტანეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 176-ე, 81 და 155-ე კონვენციების რატიფიცირების საკითხი, რომელიც ეხება შატხებში და მაღაროებში უსაფრთხოებასა და ჰიგიენას, აგრეთვე შრომის უსაფრთხოების სახელმწიფო დაზღვევა. დღესვე გაცხადდა, რომ სამთავრობო დონეზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ერთი კვირის მანძილზე შეისწავლის დაყენებულ ზემოთ აღნიშნულ საკითხებს.
როგორც შეხვედრის შემდეგ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, შეთანხმდა, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან მოწვეული იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც საწარმოს სისტემურ შეფასებას მოამზადებენ. პარალელურად, გაგრძელდება მიმდინარე გამოძიება. „მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულია რამდენიმე შეფასება, შევთანხმდით ასეთ ფორმატზე, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან მოვიწვევთ საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებთანაც ერთობლივად შევაფასებთ არა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მომხდარ კონკრეტულ უბედურ შემთხვევას, არამედ მომზადდება მთლიანად ამ საწარმოში შრომის უსაფრთხოების სისტემური შეფასება. ეს იქნება განმსაზღვრელი სავარაუდო სცენარების“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, შრომის უსაფრთხოების გარკვეული სტანდარტის უზრუნველყოფა შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ჩარევებით. მინისტრის განცხადებით, შეფასებამ რამდენიმე შედეგი შეიძლება გამოკვეთოს – შესაძლოა, იმდენად დიდი ჩარევისა და ინვესტიციების საჭიროება გამოვლინდეს, რომ წარმოებამ დაკარგოს აზრი; ასევე, შესაძლებელია შედეგი იყოს ისიც, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ინდუსტრიაში, საწარმოში პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდეს შრომის პირობების უსაფრთხოების დაცვა. სერგეენკოს განცხადებით, ეს მხოლოდ თეორიულად დასაშვები ვერსიებია. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორის, ზურაბ გელენიძის განცხადებით, უცხოელი სპეციალისტების დასკვნაზე იქნება დამოკიდებული კომპანიის საბოლოო გადაწყვეტილება, უღირს თუ არა „საქნახშირს“ ტყიბულში ოპერირება. „ჩვენ მივდივართ იმაზე, რომ სრულად და გამჭვირვალედ წარიმართოს და ასევე დასრულდეს საგამოძიებო პროცესი. ყველა შედეგისთვის მზად ვართ. ამავდროულად, წარიმართოს აუდიტი, რომელიც იტყვის საერთოდ ღირს თუ არა ამ შახტში ოპერირება და რამდენად უსაფრთხოა ნებისმიერი ღონისძიების განხორციელება. კომპანიის მოგება – ეს ჩვენი შიდა სამზარეულოა. რაც შეეხება სოციალურ ფაქტორს, ამას ძალიან განვიცდით“, – განაცხადა ზურაბ გელენიძემ.