მეგობრობამ ასაკი არ იცის. თურმე მთავარია არა ასაკი, არამედ ის სულიერი სიახლოვე, ის ღირებულებები და ფასეულობები, რაც შენთვისაა ღირებული და ფასეული და როდესაც ასეთი თვისებების მატარებელ ადამიანს ხვდები, ქრება ასაკი და რწმუნდები, რომ კიდევ ერთი ადამიანი შეიძინე, რომელიც გეთავისება, რომელიც შენი სულიერი მეგობარი ხდება და აცნობიერებ, რომ რაც უფრო მეტი ასეთი ადამიანია შენს გვერდით და შენს გარშემო, განსაკუთრებით კი შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ბევრად უფრო გიადვილდება, ისედაც ასე განაცრისფერებულ, გაძნელებულ სამყაროში ცხოვრება.
ჩვენ წლების მანძილზე ვმუშაობდით ერთად ისე, რომ ნაცნობობისა და თანამშორმლობის მეტი არაფერი გვაკავშირებდა ერთმანეთთან. პროფკავშირულ მოძრაობაში ერთი გამორჩეულად ერთგული მეგობარი მყავს, თამარ ზაზაძე, რომელიც ჩვენი საერთო მეგობარი იყო. მე თამარი რაღაც განსაკუთრებულად მიყვარს თავისი წესიერებისა და ერთგულების გამო და ამ სიყვარულს ყოველი შეხვედრის დროს ვამჟღავნებდი. ქალბატონმა ლამარამ ერთი ასეთი შეხვედრის დროს რაღაცნაირად გულისტკივილით მითხრა: „რა ვიცი, მე ვერაფრით ვერ შეგაყვარე თავი“-ო და ამ დღიდან სულ სხვა თვალით შევხედე ამ ქალბატონს და მასში სულ სხვა ლამარა დავინახე. ქალი სავსე თავისი ქალური კდემამოსილებით, სათნოებით, დედაშვილობით, დედმამიშვილობით, მეგობრობით, ერთგულებით, ზედმიწევნითი პასუხისმგებლობითა და პუნქტუალურობით, პატიოსნებით სავსე და გამორჩეულად, თავისებურად შეყვარებული პროფკავშირულ მოძრაობაზე, რასაც მთელ თავის ენერგიასა და მონდომებას აქსოვდა და ხშირ შემთხვევაში ტოლს არ უდებდა მასზედ ბევრად ახალგაზრდებსაც კი. მისთვის, როგორადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ოჯახური წარმატების ტოლფასი იყო ის პატარა წარმატებაც კი, რასაც თავისი სამსახურებრივი ვალდებულების შესრულების დროს მიაღწევდა. უნდა გენახათ, როგორი გულისყურით ჩაკირკიტებდა რაიმე დოკუმენტს და როგორ ახალისებდა მისი ინიციატივით გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულებებით მიღწეული სიკეთეები.
არ ვიცი იმის ბრალი იყო თუ არა, რომ მას ბიოლოგიური შვილი არ ჰყავდა, თუმცა ხშირად ხაზგასმით ამბობდა, რომ მას ჰყავდა 17 შვილი, შვილიშვილი და შვილთაშვილი, რომელთა სიყვარულში ის ბოლომდე იხარჯებოდა, მაინც ალბათ იმ დეფიციტის, რასაც დედობა ჰქვია, შევსებას ცდილობდა თავისი ტკბილად ნათქვამი „კი დედა“, „კი შვილო“-თი. არ ვიცი სხვას როგორ, მაგრამ დედაჩემის შემდეგ ჩემთვის ასე ტკბილად არავის მოუმართავს, როდესაც რაღაც არ მოეწონებოდა, ისევ ისე ტკბილად შემეწინააღმდეგებოდა „არა დედა“, „ასე არ შეიძლება დედა“, ასე გვემახსოვრება და დაგვაკლდება მისგან ასე ტკბილად ნათქვამი „დედა“.
ქუთაისის სამკერვალო ფაბრიკა „იმერი“-ში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ დრო დაგვრჩა და მოწამეთაში ავედით, ტაძრიდან გამოსვლისას „დედის ლოცვა“ ვიყიდე სამახსოვროდ და სასაჩუქრედ. რამდენიმე ხნის შემდეგ მითხრა, როდესაც იმ დედის ლოცვას ვკითხულობ, შენც ხარ იმ ჩემს ლოცვაშიო. დღეს ვხვდები, რომ ჩემთვის მლოცველი დედა-ქალბატონი დავკარგე, რაც ძალიან მტკივა.
ძალიან უყვარდა პოეზია და ყვავილები. ამოარჩევდა კარგ ლექსს ან კარგ სტროფს ამა თუ იმ ლექსიდან და დადიოდა და ეძებდა ისეთ ადამიანებს, ამ ლექსით რომ წარმოიდგენდა, თუ იპოვიდა იყო ბედნიერი, თუ არა და იტყოდა „ეეხ, სადღა არიან ასეთი ადამიანები“.
ერთხელ ერთი, არაცნობილი პოეტის ეთერ აბრამიშვილის ლექსი წავუკითხე, რომლის ერთი კუპლეტი ამოიჩემა და ხშირად კითხულობდა, მიისაკუთრა, სწორედ ჩემზეა დაწერილიო:
„დიდი ხანია ყვავილს არავინ მჩუქნის,
დიდი ხანია თმებში დამეწყო თოვა,
მაგრამ იმედი ვერავინ ჩაკლა გულში,
ხელში ყვავილით ვიღაც ნამდვილად მოვა“.
დიახ, ასეთი მოლოდინის შეგრძნებაა, მიუხედავად თავისი ასაკისა, ქალს მუდამ ქალად რომ აგრძნობინებს თავს. ასეთი იყო ბოლომდე, გულისხმიერი, ყურადღებიანი და სათუთი, როგორც ყვავილის ერთი ფურცელი.
სამწუხაროდ, ამ მოლოდინს ეხლა შეგივსებთ, ოღონდ ცრემლებით, ბევრ, ბევრ ყვავილებს მოგიტანთ და იმ სავალ გზას გაგილამაზებთ, რომელიც იქ მიგიყვანს, სადაც მართალნი განისვენებენ.
ეთერი მათურელი