მიმდინარეობს საიტის განახლება

მე რკინიგზელი ვარ!

ilo3სიტყვა ნეპოტიზმი ცუდ ასოციაციას ტოვებს ჩვენს რეალობაში, თუმცა რკინიგზა ალბათ ის ერთადერთი სფეროა,  სადაც  დასაქმების პროცესში რკინიგზელთა ოჯახის წევრებისთვის პრივილეგიის მინიჭების გამო, დამსაქმებელს არავინ გააკრიტიკებს.  მეტიც, ათეული წლებია  ეს პროცესი დიდ ოჯახურ ტრადიციად იქცა და  დღეს უკვე საქართველოს რკინიგზაზე თავისუფლად შეიძლება წააწყდეთ სადგურის მორიგე ბაბუას,  მემანქანე მამას და თანაშემწე შვილს.  ეს ცუდი არაა!

მეც მამა მყავს  რკინიგზელი და ზემოთთქმულიდან გამომდინარე, რა გასაკვირია უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რომ თავი ამ სფეროში ამოვყავი?!

2007 წელს ყარაულად მიმიღეს, მომავალი კარიერული წინსვლის პერსპექტივით,  სამ თვეში მორიგე ოპერატორად გავაგრძელე მუშაობა,  ერთ წელიწადში  ლოკომოტივის გასინჯვის და რემონტის ზეინკლად – სადაც ორი წელი დავყავი და დღეს უკვე ელმავლის მემანქანის თანაშემწე ვარ.

ახალი შრომის კოდექსის საყოველთაო განხილვის პერიოდში, აქტუალური იყო მძიმე, მავნე და საშიშ პირობებში მომუშავე კატეგორიის ნუსხა. ამ ნუსხაში, რომელიც 2007 წელს დამტკიცდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რკინიგზის დარგის 46 დასახელებაა შესული და მათ შორის მემანქანე–მემანქანის თანაშემწე.

დიახ მძიმეა, მავნეც და საშიშიც ელმავალზე მუშაობა.  ჩემთვის, ახალგაზრდა ბიჭისთვის კი   მსგავსი სამუშაოს შესრულება დიდი პასუხისმგებლობაა.

რკინიგზის სატვირთო გადაზიდვები, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული სფეროა. თავად სს “საქართველოს რკინიგზა“ კი, საქართველოს ბიუჯეტის ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი დონორია.  პირადად ჩემი სახელფასო სარგოდან, რომელსაც საკუთარი შრომით გამოვიმუშავებ, ბიუჯეტი ყოველთვიურად 200 ლარს (ხელფასის 20%) იღებს.  ამაზე ნახევრად ხუმრობით, ხშირად მითქვამს ბებია და ბაბუასთან – მე გარჩენთ, პენსიას მე გიხდით და არა მთავრობა – მეთქი.

მეამაყება რკინიგზელობა და მიხარია, რომ ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს ვემსახურები.

2008 წელს, მაშინ როცა ქვეყანა საომარ მდგომარეობაში იყო, მორიგე–ოპერატორად ვმუშაობდი.  პრეზიდენტის საგანგებო განცხადების შემდეგ, რომელიც რეზერვისტების საყოველთაო მობილიზებას ეხებოდა,  მე როგორც სტუდენტობის დროს რეზერვმოვლილი, სამსახურში გამოვცხადდი და ხელმძღვანელობა გავაფრთხილე, რომ ომში მივდიოდი.  მახსოვს უფროსმა მითხრა – “შენ რკინიგზაში მუშაობ და ამით უკვე ემსახურები ქვეყანას, ომის დროს ჩვენ ჩვენი მისია გვაქვს შესასრულებელიო!“. მართლაც ასე მოხდა, მემანქანე–თანაშემწეებს, იმ ავადგასახსენებელ პერიოდში,  გმირულად გადაჰქონდათ ბომბების წვიმაში  სტრატეგიული მნიშვნელობის ტვირთი ერთი პუნქტიდან მეორეში და ეს ყველაფერი  საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად!

დღეს საღამოს სამსახურში გამომიძახებენ. გამოძახება ტელეფონზე, კორპორაციულ ნომრით ხდება რომელიც ყველა მემანქანე–თანაშემწეს აქვს.  სამსახურში წასვლამდე აუცილებლად უნდა ვიყო დასვენებული, გამოძინებული, ფხიზელ მდგომარეობაში და ეს ყველაფერი  ყოველი რეისში წასვლის წინ, წინასაკომისიო შემოწმებამ, სამედიცინო პუნქტში უნდა დაადასტუროს. შემდეგ ვიღებთ მარშუტს მემანქანე და მე, ვიბარებთ ელმავალს და დეპოდან გავდივართ.

გასვლამდე გვაქვს 30 წუთი იმისთვის, რომ ელმავალი მოვამზადოთ, ჩაუტაროთ ტექნიკური დათვალიერება  და წუნის აღმოჩენის შემთხვევაში “დავბრაკოთ“.

ხაზზე გასვლის შემდეგ, ელმავლით ვუდგებით მარშუტით განკუთვნილ ტვირთს, რომლის გამართულობაზე პასუხისმგებელი მატარებლის შემადგენლები არიან. მე, მემანქანის თანაშემწე ავდივარ სადგურის მორიგესთან, ვიბარებ გაფრთხილებას რომელშიც მითითებულია კონკრეტულ უბანზე, კონკრეტულ პიკეტსა და კილომეტრში არსებული დაბრკოლების შესახებ და ამ დაბრკოლებაზე გავლისთვის დაწესებულია შეზღუდვა.

ისევე როგორც საავტომობილო ტრასაზე, სარკინიგზო მაგისტრალიც სავსეა შუქნიშნებით. ამ შემთხვევაში,  წითელი, მწვანე, თეთრი, ლურჯი  და ყვითელი ფერებია  წარმოდგენილი და  მათი მნიშვნელობები ცოტა განსხვავებულია.

ilo2შუქნიშნები დანიშნულების მიხედვით შემდეგია: შესასვლელი, გასასვლელი, სამარშუტო,  გასავლელი, მიმფარავი, გადამღობი, მაფრთხილებელი, მამეორებელი,  სალოკომოტივო, სამანევრო და გორაკის. თვითეული მათგანის ზედმიწევნით ცოდნა, ელმავლის მემანქანისა და მისი თანაშემწის უმთავრესი მოვალეობაა.

თანაშემწე ვალდებულია მემანქანეს მოძრაობის დროს რამოდენიმეჯერ გაუმეოროს თუ რა ნიშნისა და ფერის შუქია ანთებული შემხვედრ შუქნიშანზე.

ასევე მნიშვნელოვანია, უსაფრთხო მოძრაობისა და მანევრირებისთვის, ვიცოდეთ სასიგნალო ნიშნები, რომელიც ასევე მრავალფეროვანი და სპეციფიურია.

თვალსაჩინოებისთვის შემოგთავაზებთ რამოდენიმე მათგანს. თუ ლოკომოტივი სამ მოკლე სიგნალს მისცემს – ის ჩერდება.  ერთი გრძელი, გაბმული სიგნალი კი წასვლას.  სამი გრძელი სიგნალი – მატარებლის მომსახურე მუშაკებისადმი მოთხოვნა “დაამუხრუჭე!“,  სამი გრძელი და ერთი მოკლე სიგნალი კი სადგურში მატარებლის არასრული შემადგენლობით მოსვლას ნიშნავს…

საქმის თეორიული, ისევე როგორც პრაქტიკული ცოდნა, რკინიგზელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომაც ითვლება ეს პროფესია ერთ–ერთ ყველაზე საპასუხისმგებლოდ.

მეც ყოველდღე ვსწავლობ, ვიზრდები, ვითარდები და ვყალიბდები ისეთივე მუშაკად, როგორიც ჩემი სტაჟიანი, დამსახურებული და პატივსაცემი მემანქანეები არიან.  ეს არის ჩემი მიზანიც და მომავალიც!

ილია ლეჟავა