მიმდინარეობს საიტის განახლება

მეტალურგ გამზარდიას სარჩელი სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა

26 მარტს, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა კიდევ ერთი სასამართლო პროცესი მოიგო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა მეტალურგიული ქარხნის მფლობელი კომპანიის – შპს ,,მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია“-ს ყოფილი თანამშრომლის, ამირან გამზარდიას მიერ ამავე კომპანიის წინააღმდეგ წამოწყებული შრომით დავასთან დაკავშირებული სარჩელი დააკმაყოფილა და საწარმოს ადმინისტრაციას განაცდურის ანაზღაურება დააკისრა 5200 ლარის ოდენობით.

მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციამ ამირან გამზარდია გასული წლის 15 აპრილს შრომის შინაგანაწესისა და შრომის კონტრაქტის დარღვევის საფუძვლით გაანთავისუფლა სამსახურიდან. ამირან გამზარდიას მტკიცებით კი, ადმინისტრაციის ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან ცვლის უფროსის მიერ მოყვანილ ფაქტთან მას არანაირი ბრალი არ მიუძღვის.

გამზარდიას მისი სამსახურიდან განთავისუფლების მოტივად ის გარემოება მიაჩნია, რომ ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც 2013 წლის გაფიცვაში მონაწილეობდა და დღემდე შემორჩა საწარმოში.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მოპასუხის მიერ სასამართლო პროცესებზე მოყვანილ მოწმეებს მომხდარში ამირან გამზარდია პირდაპირ არ დაუდანაშაულებიათ. მიუხედავად ამისა, გამზარდიას სარჩელი რამდენიმე თვის წინ ფოთის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. გამზარდია სასამართლო პროცესზე განაცდურის ანაზღაურებასა და სამსახურში აღდგენას ითხოვდა.