ზესტაფონის სოფელ არგვეთაში მდებარე, „ჯიემთი“ ჯგუფის კუთვნილი მეტალურგიულ ქარხანაში თანამშრომელთა პროფკავშირული ნიშნით დევნა გრძელდება. ქარხნის პროფკავშირის კომიტეტის 6 წევრი, დილის 6 საათისთვის ქარხნის დირექტორთანაა დაბარებული. პროფკავშირის წევრები ვარაუდობენ, რომ ქარხნის ხელმძღანელი ავთანდილ კოჩაძე მათ ასეთი არჩევანის წინაშე დააყენებს:- ან სამსახურის შენარჩუნება ან პროფკავშირის წევრობა.
აღსანიშნავია, რომ პროფკავშირების წევრობის გამო, ქარხნის 3 თანამშრომელი პროფკომიტეტის დაფუძნებისთანავე, ჯერ კიდევ 25 ივლისს გაათავისუფლეს. 27 ივლისს კი პროფკავშირის თავმჯდომრეს- ზაზა მჭედლიძეს, ქარხნის დირექტორმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ მასზე ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობაც ჰქონდა, ინცინდენტის ბოლოს კი დაცვას ის ქარხნის ტერიტორიიდან გააძევებინა და სამსახურიდანაც დაითხოვა. დირექტორის მხრიდან დისკრიმინაციისა და ხულიგნობის ფაქტზე პროკურატურაში სარჩეი პროფკავშირმა უკვე შეიტანა. მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არიან საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები. საქართველოს პრემიერ მინისტრმა შექმნილი მდგომარეობის შესახებ საპასუხო წერილები უკვე მიიღო ინდუსტრიის მუშაკთა საერთაშორისო პროფკავშირიდან, პროფკავშირული ცენტრი „სოიუზმეტალიდან“ და თურქეთის „ევრაზიამეტალიდან“. აღნიშნულმა ორგანიზაციებმა საკუთარი პოზიცია სპეციალური მიმართვაშიც დააფიქსირეს, რომელიც ქარხნის დირექტორსაც გადმოუგზავნეს. საერთაშორისო ორგანიზციები ყურადღებას მთელი რიგი ვალდებულებების დარღვევაზე ამახვილეებენ და აცხადებენ, რომ თუ პრობლემა მალე არ მოგვარდება ამას საერთაშორისო წრეებში დიდი ხმაური მოჰყვება. მეტალურგთა საერთაშორისო გაერთიანებები პრემიერს სთხოვენ არ იზღუდებოდეს, საერთაშორისო კონვენციებით მინიჭებული ასოციაციის თავისუფლება.
საქართველოს მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირი დაინტერესებისა და საკითხში კომპეტენციის ფარგლებში ჩართვისკენ მოუწოდებს საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, მათ შორის: გერმანიის, ბრიტანეთის და ამერიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს.
მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი