მეტალურგთა პროფკავშირი განცხადებას ავრცელებს

„2016 წლის 3 დეკემბერს, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის პატარიძის სახელობის მაღაროზე, 22:30 საათზე, უბედური შემთხვევის შედეგად ელმავლის მემანქანემ პაატა ღავთაძემ სიცოცხლისთვის არათავსებადი ტრავმა მიიღო, რომელიც ქუთაისის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

პირველადი ინფორმაციის თანახმად, პაატა ღავთაძემ ცარიელი ვაგონები უბნის ,,ასაქცევში” დატოვა და თვითონ დატვირთული ვაგონების გამოსატანად შევიდა მაღაროში. უკან მადნით დატვირთული ვაგონები წამოიყვანა და ,,ასაქცევს” მიუახლოვდა, ელმავლიდან თავი გამოყო რათა დაენახა პარალელურ ლიანდაგზე მდგარი ცარიელი ვაგონები და ორ შემადგენლობას შორის არსებული მცირე მანძილის გამო თავზე მიიღო ტრავმა.

შემთხვევის ადგილზე ამჟამად შსს-ს საგამოძიებო ორგანო მუშაობს, გარდაცვლილს კი უტარდება ტექნიკური და სამედიცინო ექსპერტიზა.

გამოძიების დასრულების შემდეგ შეიქმნება ფაქტის კვლევის კომისია, რომელშიც პროფკავშირის შრომის ინსპექტორების ჩართვასთან დაკავშირებით კომპანიამ თანხმობა უკვე განაცხადა.

ამ ეტაპზე შეუძლებელია გაკეთდეს შეფასებები ბრალეულობასა და პასუხისმგებლობის შესახებ, რადგან კონკრეტული დეტალები მხოლოდ კვლევის შემდეგ იქნება ცნობილი, თუმცა იმის თქმა კი ნამდვილად შეიძლება, რომ სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე.

2007 წლიდან 2016 წლამდე სტატისტიკის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით სამუშაო ადგილებზე წელიწადში 42 ადამიანი იღუპება და 80 ადამიანი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე ტრავმებს იღებს, დინამიკა კლებადი არ არის, უფრო მეტიც, 2015 წლის 12 თვეში რამდენი სასიკვდილო შემთხვევაც იყო, 2016 წელს იმდენივე იყო 6 თვის მონაცემებით, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისა და შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის სამსახურის საქმიანობა არაეფექტურია და აუცილებელია როგორც შრომის ინსპექციის შექმნა და სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის მიღება, ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის იმ კონვენციების რატიფიცირება, რომელიც შრომის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას ეხება.

სახელმწიფო სტრუქტურებს, პროფკავშირებს, მასმედიას და არასამთავრობო სექტორს ამჟამად მხოლოდ იმის შესაძლებლობა გააჩნია, რომ მომხდარი ფაქტის შემდეგ მოახდინოს რეაგირება, შესაბამისად, აუცილებელია შრომის უსაფრთხოების მართვის იმგვარი სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საპრევენციო ხასიათის პროცესებს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს თამაზ დოლაბერიძე, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი.img_3742