საქართველოს მედიაში დასაქმებულთა პროფკავშირმა დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას სპეციალური განცხადებით მიმართა და პროფკავშირული ნიშნით გათავისუფლებული პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის,
ლაშა მესხის სამსახურში აღდგენა მოითხოვა. მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის შესასვლელში. მესხის მხარდასაჭერად ადგილზე პროფკავშირების და სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიდნენ. გთავაზობთ მიმართვის ტექსტს:
“საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა 28 თებერვალს განახორციელა პირდაპირი დისკრიმინაციისა და პროფკავშირული დევნის ფაქტი. მოამბის 13 ჟურნალისტს, შორის , რომლებსაც უკანონო 1 თვიანი კონტრაქტის ვადა ამოეწურათ, კონტაქტი მხოლოდ პროფესიული კავშირის თავმჯდომარეს ლაშა მესხს არ გაუგრძელდა.
დღეს დარტყმა განხორციელდა არა მარტო 1 პიროვნებაზე, არამედ პროფკავშირზე და ყველა იმ თანამშრომელზე ვინც არსებულ უსამართლო სისტემას ებრძოდა და ებრძვის.
ბრძოლა ლაშა მესხისა და დარგობრივი პროფესიული გაერთიანების წინააღმდეგ არ დაწყებულა დღეს, ეს გასული წლის მაისში დაიწყო, როცა მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა სოციალური პროტესტით ტელევიზიის კიბეებს მიაშურა. მაისის პროცესების შემდეგ ლაშა მესხს 2 წლიანი კონტრაქტის შემდეგ ხან 3 თვიან, ხანაც თითო თითო თვიან კონტრაქტებს უდებდნენ რათა გაჩუმებულიყო და პროფკავშირული საქმიანობა შეეწყვიტა.
საქართველოს მედიის პროფესიული ორგანიზაცია არის გაერთიანებული პროფკავშირისა და ევროპის პროფკავშირული ოჯახის განუყოფელი ნაწილი. ჩვენთვის გაუგებარია ვის ინტერესში არის ის რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში მკვეთრად ევროპული ტიპის სტრუქტურა არ არსებობდეს? ვის უნდა რომ თანამშრომლები უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ და საკუთარ პრობლემებს არ იმჩნევდნენ?
ჩვენ მედიის პროფესიული კავშირის წევრები მივმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელ საბჭოს 2 დღის ვადაში ხელახლა მოხდეს ამ საკითხის განხილვა და შეიცვალოს ეს ყოვლად უარგუმენტო და დისკრიმინაციული გადაწყვეტილება. აგრეთვე მივმართავთ სამეთვალყურეო საბჭოს, პატივცემულო ბორდის წევრებო, გთხოვთ ადექვატური შეფასება მისცეთ მაუწყებლის შიგნით მომხდარ პროფკავშირული ნიშნით დევნის ფაქტს.
2 დღის შემდეგ თუ აღნიშნული უსაფუძვლო გადაწყვეტილება არ შეიცვალა ჩვენ გამოვიყენებთ ყველანაირ სამართლებრივ თუ საპროტესტო ფორმას ლაშა მესხის დასაცავად.
ეს არ არის 1 კაცის ბრძოლა! ეს საზოგადოებრივ მაუწყებელში განსხვავებული აზრისთვის ბრძოლაა!
ვერ გაგვაჩუმებთ! ვერ შეგვაშინებთ! ვერ დაგვჩაგრავთ!”