მეტალურგიული და სამთო მრეწველობის
მუშაკთა პროფესიული კავშირის განცხადება
მიგვაჩნია, რომ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის მაღაროელთა გაფიცვას თავისი საფუძვლები გააჩნია და მაღაროელთა მოთხოვნები სავსებით სამართლიანია.
საქმე იმაშია, რომ კომპანიის ადმინისტრაციამ თითქმის არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ 2012 წლის გაფიცვის შემდეგ დასაქმებულებთან ხარისხიანი სოციალური დიალოგის პროცესი განეხორციელებინა და არსებული პრობლემატური საკითხები ეტაპობრივად მოეგვარებინა.
კომპანიის ადმინისტრაცია ასევე არ ახდენს შრომის კოდექსის 2013 წლის ახალი რედაქციის ახალი ვალდებულებების შრომით ურთიერთობებში ინპლემენტირებას.
როგორც მოგეხსენებათ, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნაც შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის“ ოპერირების ქვეშ იმყოფება და ჭიათურისგან განსხვავებით იმერეთის მეტლურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის, 2013 წლის მაისის გაფიცვის შემდეგ გაფორმდა კოლექტიური ხელშეკრულება.
გარკვეული შრომით-სამართლებრივი საკითხები კომპანიასთან სწორედ ამ კოლექტიური ხელშეკრულებით გვაქვს დარეგულირებული მაგრამ, ამავე დროს არის საკითხები, რომელთა შესრულება ადმინისტრაციის მხრიდან, მიუხედავად არაერთი კონსულტაციისა, ძალიან გაჭიანურდა. პრობლემატური საკითხები ძირითადად ეხება უქმე დღეებში შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ოდენობას, გეგმის შესრულების პროცესის ადმინისტრაციის ბრალეულობით შეფერხებას, სპეცტანსაცმლისა და სპეცფეხსაცმლის უქონლობას, ხიდური ელ-ამწეების ტექნიკურ გაუმართაობას, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს უბედური შემთხვევები. ასევე კომპანიის ადმინისტრაციის მიერ გამოცემულ ბრძანებას, რომელიც აწესებს ანაზღაურების გარეშე შვებულების კანონსაწინააღმდეგო შეზღუდვებს.
კომპანიის ადმინისტრაცია არაფრით აღიარებს ქარხანაში სასმელი წყლის უხარისხობას, მაშინ, როდესაც შრომითი კოლექტივის თითქმის სრული შემადგენლობისთვის წყალი სასმელად მიუღებელია მკვეთრად გამოხატული, სპეციფიკური უსიამოვნო სუნისა და გემოს გამო.
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მხარს ვუჭერთ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის თანამშრომელთა საგაფიცვო მოთხოვნებს და სოლიდარობის ნიშნად, მიმდინარე წლის 7 მარტს 12:00 საათზე ვმართავთ საპროტესტო აქციას შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის“ შესასვლელთან. (ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ბენზინ გასამართი სადგურ სოკარის ის მიმდებარე ტერიტორიაზე)
საკონტაქტო პირები:
კახა მაჩიტიძე – 568 15 40 40
იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე.
გოგა ბრეგვაძე – 551 777 960
იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე.