მიმდინარეობს საიტის განახლება

მაია კობახიძე: “ჩვენთვის მთავარია: დამოუკიდებლობა, წამრომადგენლობითობა და ნებაყოფლობითობა!“

maiცნობილი ამბავია, რომ ჩვენი ქვეყნის ყოფილი ხელისუფლება არ ცნობდა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ნორმებით აღიარებულ პროფკავშირების უფლებებს. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფესიული კავშირისათვის დახურული იყო სკოლის კარი და მასწავლებლებს პროფკავშირში გაწევრიანება და პროფკავშირის ღონისძიებებზე მისვლა ეკრძალებოდათ. ასევე დახურულ სივრცედ გადაიქცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. როგორც საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირის პრეზიდენტი, მაია კობახიძე ამბობს, პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მოიხსნა ზეწოლა და პროფკავშირმა ფაქტობრივად ნულიდან დაიწყო ორგანიზაციის აღდგენის პროცესი.

ხელახლა დაიწყო 100 ათას წევრიანი ორგანიზაციის შენება, რომელიც 2010 წლის ივლისი თვეში განათლების და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა ერთ დღეს დაანგრია. მისი ერთი ბრძანების შემდეგ, შეწყდა საწევრო ანარიცხების გადარიცხვა და ორგანიზაცია კრიზისმა მოიცვა.

პედაგოგთა პროფკავშირის მდგომარეობამ ფართო რეზონანსი გამოიწვია საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებში. რომ არა მათი უპრეცედენტო მხარდაჭერა და დახმარება, ორგანიზაცია ალბათ დღემდე ვერ შეძლებდა თვითმყოფადობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.

მაია კობახიძე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირის პრეზიდენტი: “ორგანიზაცია ახლა შენების პროცესშია და გვსურს, რომ შევქმნათ თვისობრივად ახალი პროფკავშირი. გვინდა გვყავდეს განსაკუთრებულად მოტივირებული წევრები. უკვე 6–7 თვეა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, გიორგი მარგველაშვილთან პირველი შეხვედრის შემდეგ,  ჩვენს ძველ წევრებთან კომუნიკაცია აღსდგა. მინისტრთან შეხვედრის დროს ჩვენ ვისაუბრეთ უკანასკნელი სამი წლის მანძილზე პედაგოგთა საზოგადოებაში დაგროვილ პრობლემებზე. უკანასკნელ წლებში მასწავლებლები ყველაზე დაჩაგრულ კატეგორიად მოგვევლინნენ და ეს ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო.

მინისტრს ჩვენ გადავეცით მომზადებული რეკომენდაციების პაკეტი, სადაც ასახული იყო თუ რა ცვლილებები უნდა შევიდეს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს პედაგოგთა შრომითი და სოციალური მდგომარეობა. ამ შეხვედრის შემდეგ უკვე დაიწყო ინტენსიური თანამშრომლობა. მე ვარ ჩართული განათლების სამინისტროს მუდმივმოქმედ კომისიებში. ჩვენთვის ეს სამინისტრო უკვე გახდა სოციალური პარტნიორი და ერთობლივი მუშაობით ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა მოიხსნა. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებელთა ანაზღაურებადი შვებულების ვადები“.

ანაზღაურებადი შვებულების ვადას არეგულირებს 959–ე ბრძანება, რომელიც არის პედაგოგსა და სკოლას შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების შესახებ ბრძანება. ბრძანებაში არსებობდა ჩანაწერი, (ბუნდოვანი რეგულაცია) რომ მასწავლებელს წელიწადში ერთხელ აქვს უფლება ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით არანაკლებ 24 სამუშაო დღისა. ზუსტად ეს ჩანაწერი იყო მიზეზი იმისა, რომ ირღვეოდა მასწავლებელების უფლებები.

პედაგოგები მაშინ როდესაც აღარ არის სასწავლო პროცესი, (ზაფხულია) ტყუილად დადიოდნენ სკოლაში. როდესაც პედაგოგი გამოთქვამდა პროტესტს ამის გამო, დირექტორების მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ დაეწერათ უხელფასო შვებულებაზე განცხადება და მხოლოდ ამ შემთხვევაში გაუშვებდნენ შვებულებაში. ეს დარღვევაა, რადგან უხელფასო შვებულებაზე დასაქმებულმა უნდა დაწეროს განცხადება თავისი სურვილით და არა დამსაქმებლის მოთხოვნით.

მასწავლებლები დადიოდნენ სკოლაში მთლიანად ივლისის თვეში (2010–29011 წლის ზაფხულში) 2012 წელს კი რაკი წინასაარჩევნო პროცესი მიმდინარეობდა და მაღალი იყო ე.წ. “პოლიტიკური დუღილი“, მასწავლებლები გაუშვეს შვებულებაში.

მაია კობახიძე: “ჩვენ შეხვედრებზე პედაგოგებს რა თქმა უნდა ვუსმენთ და გვაინტერესებს მათი პრობლემები. შეხვედრებზე ხშირად მოგვისმენია, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო ზაფხულში დასვენება, რადგან ახალ სასწავლო წელს გადაქანცულები ხვდებოდნენ. განათლების და მეცნიერების მინისტრთან შეხვედრის დროს მე კვლავ გავიმეორე ეს მოთხოვნები. მინისტრმა სასურველი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ მადლიერი ვართ, რომ მინისტრმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება მოსწავლეებისათვის სახელმძღვანელოების უფასოდ გადაცემასთან დაკავშირებით და მივესალმებით ამას. ჩვენ ასევე ვთხოვეთ, რომ იგივე შეღავათები მასწავლებლებზეც გავრცელებულიყო და მათ ჩვენი ეს თხოვნაც დააკმაყოფილეს, ამიერიდან, მოსწავლეების გარდა, პედაგოგებიც უფასოდ მიიღებენ წიგნებს, რაც მათი ოჯახის ბიუჯეტისათვის ვფიქრობთ შეღავათი იქნება.

ასევე აქტუალური პრობლემა იყო პედაგოგებისათვის დადებული შრომითი  ხელშეკრულების ვადები. ბოლო 2–3 წლის მანძილზე (ეს ტენდენცია დაიწყო 2011 წლის სექტემბრიდან) პედაგოგებთან ფორმდებოდა 1 წლიანი ხელშეკრულებები. ეს პრობლემაც მოვახსენეთ მინისტრს და იგი დაგვპირდა, რომ შრომითი ხელშეკრულების ვადა იქნება მინიმუმ სამი წელი და აღარ იქნება მასწავლებლის უფლებები ამ კუთხით დარღვეული. 1 წლიანი შრომითი კონტრაქტები პედაგოგებს უქმნიდა არასტაბილურ და სტრესულ გარემოს.

უკანასკნელი 6–7 თვის მანძილზე, ერთადერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება. განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობა არის ორიენტირებული პრობლემების აღმოფხვრაზე და პრინციპული საკითხების გადაჭრაზე. დიალოგი როგორც იქნა შედგა და პროფკავშირის არგუმენტებსა და მათ მიერ დაყენებულ საკითხებს გაგებით ეკიდებიან. აღებულია კურსი, რომ პრობლემები პედაგოგთა პროფკავშირთან აქტიური თანამშრომლობის ფონზე გადაიჭრას. ჩვენთვის უმთავრესია დამოუკიდებლობა, წარმომადგენლობითობა და ნებაყოფლობითობა. აი ამ პრინციპების დაცვით ვაშენებთ პროფკავშირს. საერთაშორისო ორგანიზაციებმა კარგად იციან ჩვენს პროფკავშირში მიმდინარე მოვლენების შესახებ და მათი თანადგომა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“.

ამჟამად განათლების პროფესიული კავშირი დღითიდღე ძლიერდება და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არსებობს ხელოვნურად შექმნილი გარკვეული ბარიერები, ორგანიზაცია უკვე 30 ათას ადამიანს აერთიანებს. განათლების პროფესიული კავშირის წარმომადგნლები დღეს უკვე 30 ათასი წევრის სახელით საუბრობენ. მაია კობახიძის თქმით, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. თუმცა, ძალიან სასიხარულოა დაფანტული და დაბნეული ადამიანების ისევ შემოკრება და მობილიზება. პედაგოგთა და მეცნიერთა პროფესიულ კავშირში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. ქალბატონი მაია კობახიძე იმედოვნებს, რომ სულ მალე მათი პროფესიული კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდება და უფრო მაღალი ხარისხით შეძლებენ პედაგოგთა უფლებების დაცვას. სასურველია, რომ ასეთი კარგი ძვრები პროფკავშირის სხვა დარგებშიც დაიწყოს. მით უმეტეს, რომ განათლების სექტორში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებები მათთვის შესანიშნავი მაგალითი იქნება!