მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

კუთხეში მიგდებული საქართველო

provinciebi2იყო დრო, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული უცხოელი ტურისტები პირველ რიგში, საქართველოს პროვინციებით ინტერესდებოდნენ. თბილისის აურზაურსა და მტვრის ყლაპვას ერჩიათ პატარა პროვინციულ ქალაქებში დაბინავებულიყვნენ და მთელი ის ღირებულება რაც კი ჩვენს ქვეყანას გააჩნია, სწორედაც რომ პროვინციებიდან შეეგრძნოთ და დაენახათ.

მაშინ დროც ისეთი იყო, როცა საქართველოს პატარ-პატარა დაბა-ქალაქებს პატრონიც ჰყავდა, მომვლელიც და მცხოვრებლებიც. დღეს კი რაიონულ ცენტრებში ჩასულთ ისეთი საშინელი სურათი დაგხვდებათ, რომ შეუძლებელია რაიმე კარგი პერსპექტივის იმედი დაგრჩეს ადამიანს.

საქართველოს, მთელი მისი ისტორიის მანძილზე მუდამ პროვინციებით ედგა სული. თუკი რაიმე ღირებული, ფასეული და ეროვნული იქმნებოდა, ისიც რეგიონებში იქმნებოდა. რომელი ერთი სფერო გამოვყოთ, რითაც საქართველოს პროვინციების გარეშე ერთსაუკუნოვანი სიცოცხლეც კი ვერ შეუნარჩუნდებოდა. ესეც არ იყოს, დღეს უზარმაზარ თავკომბალას დამსგავსებულ ჩვენს დედაქალაქს, ბევრ რამეში, ლიტერატურიდან დაწყებული, ეკონომიკით დამთავრებული, კრიზისები რომ დახვევია, განა ესეც იმის დასტური არაა, რომ ქართული რეგიონები დღეს ფაქტობრივად აღარ არსებობს?

ყველანი თბილისში ვართ. მთელი საქართველო უზარმაზარ კორპუსებში გამომწყვდეულა და საკუთარ პრობლემებს რის ვაი-ვაგლახით აგვარებენ. პროვინციები კი ხალხისგან იცლება. ბოლო წლებში, ვინც კი თუნდაც რამდენიმე საათით მოხვედრილხართ საქართველოს ნებისმიერ პატარა ქალაქში, უმალ იგრძნობთ, რომ მხოლოდ ძველი სიცოცხლის ნაშთებზე აღმოჩნდით. ყველაფერი, საგნებიც კი, მოწყვეტილია სიცოცხლისგან. ავტომობილის ფანჯრებიდან დანახული თვითოოროლა ადამიანის არსებობა გარწმუნებთ, რომ ამ ქალაქში, წესით და რიგით სულიერი არსებები უნდა ცხოვრობდნენ.

ათიოდე დღის წინ ერთბაშად რამდენიმე ასეთ პატარა დაბა-ქალაქის მონახულება მომიხდა. აქედან სამი აღმოსავლეთ საქართველოში, ორი კი – დასავლეთით მოვინახულე. ყველა ეს ქალაქი თავის დროზე ერთმანეთისგან ძირეულად იყო განსხვავებული, როგორც მცხოვრებთა ჩვევებით ისე ცხოვრების წესითაც. ამჟამად კი, ძალიან ძნელია რაიმე განსხვავება იპოვნო მათში – დღევანდელობამ ეს ქალაქები ერთმანეთს სრულიად დაამსგავსა. ძალიან უნდა მოინდომოს ადამიანმა, რომ ასეთ ქალაქებში ახალგაზრდებს მიაგნოს. ძირითადად მოხუცები არიან შემორჩენილნი, მშვიდი, პროვინციული ცხოვრებით.

ასეთ ქალაქებში ასევე ნახავთ ორიოდე კაფესა და მეტ-ნაკლებად ნორმალურ რესტორანსაც, რომლებშიც ისევ და ისევ დედაქალაქიდან ჩამოსული ამ ქალაქის ყოფილი მკვიდრნი დადიან. თეატრები და კლუბები თითქმის ყველგან დახურულია. ეს შენობები, ერთ დროს სახელოვნებო დატვირთვას რომ ატარებდნენ, ამას მხოლოდ ოდესღაც გაკრული აფიშების ნაფლეთები შეიძლება მეტყველებდეს. ხანდახან ძველ აფიშებზე ასეთ რამესაც ამოიკითხავთ: “21 მარტი, სპექტაკლი “მომავლის იმედი“, ფასი 1 მანეთი და 20 კაპიკი”. ღმერთმანი, ნიშანდობლივი რამაა…

პროვინციებში ბოლო დროს თუ რაიმემ დაიწყო ფუნქციონირება, ეს ეკლესიებია. ეკლესიები, სადაც შაბათ-კვირას შვილიშვილებზე ხელჩაკიდებული ბებია-ბაბუები დადიან. ესეც რომ არ ჰქონდეთ ალბათ მთლად გაუსაძლისი იქნებოდა ამ ადამიანების ყოფა.

პატარა ქალაქებში შედარებით ხალხმრავლობის ნახვა ვისაც გსურთ, სამ ადგილს – ბაზარს, რკინიგზის სადგურს და ავტოსადგურს უნდა ეწვიოთ. სადგურებშიც წამსვლელი ადამიანების რიცხვი მომსვლელებზე მეტია. რკინიგზის სადგურზე მატარებლის ბაქანზე ჩამოდგომის შემდეგ თითქოს ცოტა ხნით ცოცხლდება იქაურობა. ხალხის ფუსფუსი დროებით ილუზის ქმნის, რომ არც მთლად ჩამკვდარა ყველაფერი, მაგრამ მატარებლის სადგურიდან გასვლის შემდეგ გრძნობ საშინელ პროვინციულ მოწყენილობას. ამ მოწყენილობას, დარჩენილი ადამიანის მწუხარებას დავარქმევდით.

ასეთია 21 საუკუნის პატარა, პროვინციული ქართული ქალაქები. ყოველ შემთხვევაში, ერთი შეხედვით ასე ჩანს. ალბათ ძალიან კარგი იქნება, თუ ყველანი ჩვენს გულებში და ერთ დროს მშობლიურ პატარა ქალაქებში ჩავიხედავთ. ჩავიხედოთ და იქნებ მათ გადარჩენაზეც ვიფიქროთ ხანდახან..