მიმდინარეობს საიტის განახლება

“კონსტიტუცია ყველასია” პრეზიდენტი პროფკავშირებში

საქართველოს პრეზიდენტი პროფესიული კავშირების გაერთიანების  წარმომადგენლებს კამპანიის – „კონსტიტუცია ყველაშია” – ფარგლებში შეხვდა. პროფკავშირებისთვის საკუთარი პოზიციების გაცნობის ინიციატივა გიორგი მარგველაშვილმა თავად გამოთქვა. საქართველოს პრეზიდენტი პროფკავშირების დარგობრივი ორგანიზაციების 200 მდე წარმომადგენელს, პროფკავშირების კულტრუის ცენტრში შეხვდა.

შეხვედრა, რომლის მოდერატორიც საქართველოს  პროფკავშირების  გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი იყო, წუთიერი დუმილით დაიწყო. პრეზიდენტმა და შეკრებილმა საზოგადოებამ ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს ტყიბულში დაღუპულ მაღაროელთა ხსოვნას.

შეხვედრას ესწრებოდნენ დარგობრივი პროფკავშირების ლიდერები და პროფკავშირების რიგითი წევრები.

ირაკლი პეტრიაშვილმა შეხვედრის  დასაწყისში ისაუბრა აუდიტორიის მთავარ მოლოდინებსა და ინტერესებზე.

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში  დასაქმებულთა შრომით უფლებებზე, სოციალური სახელმწიფოს პირობებში შრომის უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

გიორგი მარგველაშვილმა გაოცება გამოთქვა , რომ  პროფკავშირების წარმომადგენლები, მათი სურვილის მიუხედავად, არ იყვნენ ჩართული საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში.

პრეზიდენტის განცხადებით, კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო სოციალური სახელმწიფოა და ეს ფრაზა მნიშვნელოვანი შემაერთებელი ფაქტორი გახდება ქართული საზოგადოებისათვის. რადგან ერთმანეთზე ზრუნვის, მხარდაჭერის, პრობლმების გაზიარების ტენდენცია ქართული კულტურის ნაწილია.

პრეზიდენტის განცხადებით, უნდა შევქმნათ ისეთი საზოგადოებრივი სივრცე, სადაც ინდივიდზე, მოქალაქეზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთერთი  უპირველესი ფუნქცია იქნება.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს  საჭიროა, რომ თავისუფალი შრომა ავიყვანოთ თავის რეალურ შინაარსამდე.  დასაქმებულს  ჰქონდეს თვითრეალიზების საშუალება და სახელმჭიფომ  დაიცვას  იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც ბაზარმა მკაცრი მოთხოვნების წინაშე დააყენა.

 

შეხვედრაზე პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა თითოეული მოქალაქის ჩართულობის აუცილებლობაზე სახელმწიფოს მართვაში, როგორც დემოკრატიის თანმდევ პროცესზე. მისი თქმით, „იქ სადაც გაქვს შესაძლებლობა, უფლებამოსილება მაქსიმალურად უნდა გადასცე ხალხს  და მათ მისცე თავისუფლება თავად  გადაწყვიტონ, ასევე მათ შეიძლება   შეეშალოთ კიდეც, ვინაიდან თავისუფლება თავისთავად გულისხმობს შეცდომის უფლებასაც”. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, სწორედ ამ კუთხიდან უყურებს ყველა იმ საკითხს, რომელიც კონსტიტუციას უკავშირდება და ამავე გადმოსახედიდან გასცემს პასუხს შემდგომში დასმულ ყველა შეკითხვას, მათ შორის, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რა ხდება სხვა ქვეყნებში, საქართველოში ეს უნდა გადაწყვიტოს ხალხმა.

პრეზიდენტი აგრეთვე შეეხო საპარლამენტო არჩევნების ე.წ. ბონუსურ სისტემას [გაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მიკუთვნება, და  არ სჯერა რომ ეს ქართველი ხალხისთვის მისაღებია, არ სჯერა, რომ ქართველ ხალხს მოეწონებოდა მანდატების მსგავსი მისაკუთრება ერთი პარტიის მიერ: “ყოველდღიურ აზროვნებაში, მათ არ მოეწონებათ ის, რაც გაიყო და დარჩა, მხოლოდ ერთმა ადამიანმა რომ წაიღოს.“

გიორგი მარგველაშვილმა განიხილა ასევე საქართველოს, როგორც სოციალური სახელმწიფოს განსაზღვრების ჩანაწერი კონსტიტუციაში და მისი მნიშვნელობა. მას იმედი აქვს, რომ სწორედ ეს განსაზღვრება შექმნის საზოგადოების გაერთიანების, მხარდაჭერის, ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობის ატმოსფეროს. მისი თქმით, ის რაც ქართული კულტურის ნაწილია, უნდა აისახოს კანონმდებლობაშიც.

პრეზიდენტმა ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მიიჩნია ისეთი საზოგადოებრივი სივრცის შექმნა, სადაც სახელმწიფოს ფუნქციაა თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვა, აგრეთვე აღნიშნა, რომ სახელმწიფო დგას დილემის წინაშე, ერთდროულად დაიცვას დამსაქმებლის და დასაქმებულის უფლებები. ის თვლის, კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს თანაბარი კონკურენციის პირობები დამსაქმებლებისთვის, სტანდარტები, რომელიც ყველასთვის თანაბარი იქნებდა და ამავდროულად დააფასებს ადამიანის შრომას. როგორც თავად განმარტა, ჩანაწერი კონსტიტუციაში, “შრომა თავისუფალია”, რეალურ მნიშვნელობამდე უნდა იქნას აყვანილი.

”ბაზარი არეგულირებს ამა თუ იმ პროდუქტის ფასს, ბაზარი არეგულირებს რა ღირს ქვანახშირი მსოფლიო ბაზარზე, რა ღირს რკინა. მოთხოვნისა და მიწოდების შეხვედრა არის ის წერტილი, რომელსაც ბაზარი არეგულირებს, მაგრამ შეუძლებელია განიხილო ადამიანის შრომა, ადამიანის სიცოცხლე, ადამიანის ჯანმრთელობა, ისევე, როგორც შენ შეიძლება განიხილო რკინა, ნავთობი, ქვანახშირი და ა.შ. რადგან ეს ეწინააღმდეგება ადამიანურ ბუნებას. კი, ბუღალტერიაში შეიძლება თქვა შრომის ხელფასი ამდენი… მაგრამ ბუნებას ეწინააღმდეგება. ადამიანის ლოგიკას ეწინააღმდეგება. ადამიანი განიხილო, როგორც საშუალება.  ადამიანის , როგორც საშუალებას განხილვას, კაცობრიობა მიჰყავს იმ კატასტროფებამდე, რომელიც მე-20 საუკუნეში კაცობრიობამ გაიარა. ვერასდროს იქნება სხვა ადამიანი საშუალება. აქედან გამომდინარე, ის ტენდენცია, რომ ჩვენ ერთდროულად დავიცვათ მშრომელთა უფლებები და ამავე დროს, მივცეთ შესაძლებლობა კონკურენციას, ეს არის  დილემა, რომლის  წინაშეც ვდგავართ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ჩვენ გავიარეთ პერიოდი, როდესაც, შრომის ბაზარზე შრომა აღარ ფასობდა და პერიოდი, როდესაც საერთოდ აღარავინ იცავდა მშრომელთა უფლებებს.

”ჩვენ დღეს ამ თვალსაზრისით ძალიან გამოცდილი საზოგადოება ვართ, რადგან გამოვიარეთ საბჭოთა კავშირი, სადაც ეს გადამეტებული იყო. სადაც, უფლებების დაცვა მივიდა იქამდე, რომ კარგი მუშა და ცუდი მუშა აღარ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ჩვენ გავიარეთ ეს პერიოდიც, როდესაც, შრომის ბაზარზე შრომა აღარ ფასობდა, ამის მერე გავიარეთ კიდევ უფრო რთული წლები, როდესაც საერთოდ აღარავინ იცავდა მშრომელთა უფლებებს.

 

პროფკავშირებისათვის მისაღებია კონსტიტუციაში “სოციალური სახელმწიფოს” ჩანაწერი, თუმცა შეხვედრაზე დაისვა კითხვები სოციალურ პარტნიორობასთან და კონსტიტუციაში 94-ე მუხლის არსებობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ასევე, შრომის ინსპექციის თემაზე.

 

საკუთარი გამოსვლა პრეზიდენტმა დაასრულა მოწოდებით, რომ მოქალაქეები უფრო მეტად უნდა ჩაერთონ საკუთარი კანონმდებლობის განხილვასა და მსჯელობაში: „ყველას აზრი მოსასმენია, და უნდა მივიდეთ ერთიანობამდე, რაც კიდევ ერთხელ არ გახლეჩს ჩვენს საზოგადოებას. გვეყო დაპირისპირება და გახლეჩა, დროა ვეძებოთ რაღაც საერთო შეხების წერტილები, საიდანაც გამომდინარე შეიძლება შევქმნათ უკეთესი საზოგადოება.“

შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მეშახტეთა, ქიმიკოსთა და მეტალურგთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელმა, თამაზ დოლაბერიძემ, წამოაყენა ინიციატივა განსაკუთრებული საფრთხის შემცველი პროფესიის წარმომადგენელთათვის საშეღავათო სისტემის შემოღების თაობაზე, რაც გულისხმობს საშემოსავლოსგან გათავისუფლებას, რეგრესის პენსიის შემოღებას, საპენსიო ასაკის დაწევას და სხვ.
”ბუღალტრული გათვლებით, მეშახტის და მაღაროელის შრომას ვერანაირად ვერ შეაფასებ. მათი შრომის ფასი მხოლოდ მათმა ოჯახის წევრებმა იციან. ვერასოდეს ქვანახშირის ფასი ვერ იქნება იმდენი, რამდენიც დააბალანსებს მეშახტის მიერ შესრულებულ შრომას და აანაზღაურებს. ვფიქრობთ, მათთვის უნდა შეიქმნას განსაკუთრებული საშეღავათო სისტემა. ვგულისიხმობ, საშემოსავლოსგან გათავისუფლებას, საპენსიო ასაკის დაწევას, რეგრესის პენსიის შემოღებას. ჩვენ მიგვაჩნია, თქვენი მხარდჭერის შემთხვევაში ერთობლივად შევძლებდით მათთვის ძალიან სასარგებლო საქმის გაკეთებას”, – განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.

პრეზიდენტმა პასუხში აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დაიცვას ყველას ჯანმრთელობა, “მაგრამ ანაზღაურების პრობლემას უნდა შევხედოთ სისტემურად, რადიკალური ცვლილება გამოიწვევს ტენდენციის დამკვიდრებას სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი პროფესიების წარმომადგენლებში”. მისი თქმით, საუკეთესო გამოსავალია, პროფკავშირების როლის გაზრდა კანონმდებლობით, მან ისაუბრა სატარიფო შეთანხმების შემოღებაზე. პრეზიდენტმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა სახელმწიფოსა და პროფკავშირების ჯანსაღ თანამშრომლობას. მან ყურადღება გაამახვილა პროფესიულ განათლებაში თანხის ინვესტირებაზე, სხვადასხვა საკვალიფიკაციო კურსის შემოღებაზე, რაც მისი აზრით, გაზრდის მათზე მოთხოვნას და სხვა დიდ პროექტში ქართველების ჩართვას.

”მოდით, ამ თემას შევხედოთ სისტემურად და არა მარტო მაღაროელების პრობლემიდან გამომდინარე, არამედ ზოგადად შევხედოთ ამ საკითხს ქვეყნის დასაქმების პრობლემატიკიდან გამომდინარე. ჩვენ თუ ცალკე გამოვყოფთ რომელიღაცა დარგს, ალბათ გასაგებია, რომ სხვა დარგებშიც რომლებიც ძალიან მძიმეა და ჯანმრთელობისთვისაც პრობლემატურია, გაჩნდება ანალოგიური ტენდენცია, სადაც ჩვენ უნდა წავიდეთ ამ მიმართულებით”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, ჯანდაცვის პრობლემატიკა ცალკე უნდა დარეგულირდეს. რაც შეეხება ანაზღაურების თემას, გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებით, ბევრად უფრო ადეკვატური იქნება იმაზე ფიქრი და მუშაობა, რომ პროფკავშირები, კანონით იყვნენ უფლებამისილნი დამსაქმებელთან საბოლოო მოლაპარაკება აწარმოონ.

საქართველოს თვითდასაქმებულთა პროფკავშირების თავმჯდომარემ მირანდა მანდარიამ ისაუბრა შრომითი სასამართლოების შექმნის მნიშვნელობაზე, რომელიც მოკლე ვადებში განიხილავდა შრომით დავებს და ადამიანებს აღარ მოუწევდათ ხშირად 3 და 4 წლის ლოდინი თუ როდის გადაწყვეტს საკითხს სასამართლო.

საქართველოს მშენებლობის და ტყის მერნეობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარენ მარინა კურტანიძემ ევროპის კავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანეს პრობლემად  რეალურად ქმედითი შრომის ინსპექცია და შრომის უსაფრთხოებისა და ზედამხედველობის მექანიზმის ქვეყნის კონსტიტუციაში ასახვე დაასახელა.

საქართველოს პროფკავშირების აპარატის უფროსმა ლაშა ბლიაძემ  პრეზიდენტის შეახსენა რომ უკვე 20 წელია რაც საქართველოში კერძოს სექტორში მოქმედებს 20 ლარიანი მინიმალური ხელფასი, რაც ყოველი თვალსაზრისით სრული  ანაქრონიზმია. არსებული ვითარება კი იმითა არის განპირობებული რომ ეს ნორმა 1997 წელის პრეზიდენტის ბრძანებულებით არის დადგენილი და პრეზიდენტის ინსტიტუტის ყურადღება ამ პრობლემისადმი საკითხის სწრაფი და ოპტიმალური გადაწყვეტის წინაპირობაა.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურისტმა რაისა ლიპარტელიანმა კონსტიტუციაში აღიარებული სოციალური სახელმწიფოს განხორციელების ხელის შემშლელ ბარიერად  94-ე მუხლზე მიუთითა და მისი გაუქმება მიიჩნია საქართველოს კონსტიტუციაში შრომითი უფლებების სტანდარტის ამაღლების ხელისშემწყობ ფაქტორად.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ გიგა ბექაურმა ქვეყანაში ახალგაზრდების დასაქმების ადეკვატური პოლიტიკის აუცილებლობაზე ისაუბრა და პრეზიდენტს მიმართა წინადადებით მკვეთრად გამოეხატა საკუთარი პოზიცია ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში მიმდინარე შრომით დავების დროს.

საქართვლოს პროფკავშირების გაერთიანების ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი დიასამიძემ პრეზიდენტის წინაშე დასვა საკითხი, რომ არა ერთი მაღალი თანამდებობის პირი პროფკავშირელთა ნებისმიერ აქტივობას ადამიანის უფლებების დასაცავად კომუნისტობას უწოდებს. განსაკუთრებულ პრობლემად კი გამოყო არსებულ ვითარებაში დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის დასაქმებულთა საზიანოდ დარღვეული ბალანსის გამოსწორების საკითხი.

საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა  პროფკავშირების თავმჯდომარემ ნუგზარ ჭინჭარაულმა პრეზიდენტის ყურადღება მიაპყრო თვითმმართველი ქალქების შემცირების საკითხს, რაც სრულიად გაუმჭირვალე პროცესია, რაც საბოლოო ჯამში შეიძლება დასრულდეს საჯარო სექტორში დასაქმებული კიდევ 2 000 ადამიანის უმუშევრად დარჩენით. განა შეიძლება ვიფიქროთ რომ უმუშევართა რიცხვის ზრდით რომელიმე რეფორმის სიკარგე შეიძლება დაიჯეროს საზოგადოებამ.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტამ მაია კობახიძემ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მისი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე მუშაობისა გამოჩენილი სოციალური პარტნიორობის პრინციპისადმი გამოჩენილი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა რომ ქართველი პროფკავშირელები ყოველმხრივ ზრუნავენ ამ პრინციპის ცხოვრებასი მაქსიმალურად ფართოდ განხორციელებაზე.

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილემ ილია ლეჟავამ პრეზიდენტს მიმართა წინადადებით საქართველოს კონსტიტუციაში აისახოს ასოცირების თავისუფლების პრინციპი იმ ფორმულირებით, რომ რეალურად შეუძლებელი გახდეს დასაქმებულთა დევნა პროფკავშირული აქტივობისთვის და აღარ არსებობდეს ხელისშემშლელი ბარიერები სამუშაო ადგილებზე პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების ჩამოყალიბებისას.

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას ქართველმა პროფკავშირელებმა ყველა უმნიშვნელოვანეს სოციალურ, ეკონომიკურ, პროფესიულ და შრომით პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება, რაც ასე რიგად აწუხებთ მშრომელებს. მთავარი რაც ამ შეხვედაზე მოხდა იყო ის რომ სახელმწიფოს მეთაურს ესმოდა უბრალო მშრომელი ადამიანების ხმა, რომელთა შრომაზეც ყოველთვის იდგა, დგას და იდგება ყველა სახელმწიფო. დრო ულმობელი რამ არის, შეიძლება ითქვას რომ კითხვები კიდევ შეიძლება დასმულიყო, მაგრამ საქართველოს პროფკავშირები ყველა აქტუალურ სოციალურ-შრომით საკითხზე, როგორც წარსულში, ასევე დღეს ხმამაღლა საუბრობდა და და პრინციპულად აყენებდა სახელმწიფოს წინაშე. ასე იქნება შემდგომშიც.

 

 

 

18672872_10154866079023073_1054315261798703249_o