მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი განცხადებას ავრცელებს დაბა კაზრეთში კომპანია “RMG”-ის დანაშაულებრივი ქმედებებისა და იმ სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურული ვითარების შესახებ, რაც დასახლებაში სწორედ კომპანიის საქმიანობის შედეგადაა გაბატონებული. შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს, მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა თავმჯდომარე, თამაზ დოლაბერიძე, სტუდენტურ მოძრაობასთან “თვითორგანიზების ქსელთან” ერთად კაზრეთის მოსახლეობას უნდა შეხვედროდა, თუმცა “RMG”-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის ჩაშლა სცადეს. საბოლოოდ, კაზრეთის იუსტიციის სახლის “საზოგადოებრივ ცენტრში” შეხვედრა მაინც ჩატარდა, თუმცა მან კომპანიის ადმინისტრაციის თანამშრომლების ხმაურის ფონზე ჩაიარა. გთავაზობთ თამაზ დოლაბერიძის განცხადებას აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით.
კომპანია RMG შრომითი უფლებებისა და მოქალაქეობრივი ღირსების წინააღმდეგ
კომპანია RMG-ის ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში განხორციელებული დისკრიმინაციული ქმედებების შესახებ ითქვა და დაიწერა, მაგრამ კაზრეთელი მშრომელების მხარდასაჭერად აუცილებელია კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას რას წარმოადგენს საქართველოსა და მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობისადმი განსაკუთრებული ვანდალიზმით (აფეთქებული საყდრისი) გამორჩეული კომპანია, რომელიც უკვე წლებია ქართული ოქროს მოპოვების ლიცენზიას ფლობს.
ქვეყანა და ერი შეიძლება გაძარცვო ძალისმიერი მეთოდებით, ომით, ოკუპაციით, ანექსიით, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ყველა პატრიოტისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია და საქართველოს საზოგადოებას სრულ აპათიაში აგდებს, როდესაც ეს ხდება კანონის ინტერპრეტირების, ხელისუფლების ფარული მხარდაჭერითა და ტოტალური ძალაუფლების დემონსტრირებით.
რა მოპარა კომპანია RMG-იმ საქართველოს საზოგადოებას?
– შრომის თავისუფლება;
– გაფიცვის უფლება;
– კოლექტიური მოლაპარაკებების უფლება;
– პროფკავშირის წევრობის უფლება;
– ასოციაციის თავისუფლება;
– უსაფრთხო შრომის უფლება;
– კულტურული მემკვიდრეობა;
კომპანია უპატივცემულოდ მოეპყრო ცივილიზებულ და დემოკრატიულ საზოგადოებებში დამკვიდრებულ სოციალური დიალოგისა და სოციალური პარტნიორობის პროცესს და ამით არ გაითვალისწინა არც ქვეყნის კონსტიტუცია, არც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციები და არც საქართველოს შრომის კოდექსი.
პროფკავშირის წევრობაზე უარის არ თქმის შემთხვევაში ინდივიდუალურად განხორციელებული მუქარებითა და რეპრესიებით, კომპანიამ ერთის მხრივ დააღვია სისხლის სამართლის კოდექსი, ხოლო მეორეს მხრივ მოქალაქეობრივი ღირსება შეულახა მშრომელებს და გააღვივა მათში შიში, რითაც კაზრეთში წარმოიშვა ღრმა შეგრძნება იმისა, რომ ,,ამ ქვეყანას არაფერი ეშველება“, რომ ,,ყველაფერი მაინც ზემოთ წყდება და რატომ გავეჩხიროთ ყელში ურჩხულს“, რომ ,,ჩვენი პატრონი არც არასოდეს ყოფილა ვინმე და ეხლაც ასე გაგრძელდება“. ექსპლოატაციითა და რეპრესიებით კაზრეთელებში დაისადგურა უდიდესმა პესიმიზმმა და პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივობების მიმართ სოციალურად ინერტულმა განწყობამ.
სოციალური დისკრიმინაციის ამ ფონზე საქართველოს პროკურატურამ ბოლომდე არ მიიყვანა არც ერთი საქმის კვლევა, რომელიც კომპანია RMG-ის ბოროტმოქმედებებს ეხებოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატმა სრული ინერტულობა გამოიჩინა და არ გააკონტროლა კომპანია RMG-ის მიერ გაფიცულ მშრომელებთან მედიაციის შედეგად დადებული შეთანხმების შესრულება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ვერ უზრუნველყო კონფლიქტის დამოუკიდებელი რეგულაცია, ხოლო საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანომ – სოციალური პარტნიორობის სამმხრივმა კომისიამ არ მოახდინა ამ კომპანიის მიერ სოციალურ და შრომით ურთიერთობებში ჩადენილი ბოროტმოქმედებების შეფასება.
ისმის კითხვა: რასთან გვაქვს საქმე? კომპანია მართავს მთავრობას თუ მთავრობა ლობირებს კომპანიას? თუ ეს ორივე სინამდვილეში ერთია? ნებისმიერ შემთხვევაში ანტისახელმწიფოებრივ, უაღრესად საშიშ ვითარებას ვიღებთ. მაგრამ ,,ყველა ადამიანი იბადება თავისუფა
ლი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით“ და შესაბამისად კომპანია RMG-საც მოუწევს ამასთან შეგუება. მშრომელები და საქართველოს საზოგადოება ამ პრინციპის დასაცავდ საკუთარ მტკიცე სიტყვას იტყვის და ენერგიულადაც იმოქმედებს.
კომპანია RMG-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლემა სოციალურ მანევრს მიმართეს და პროფკავშირის როგორც იდეოლოგიურად და ასევე ფაქტობრივად გასაკოტრებლად, დაიწყეს მომსყიდავი დაპირებების გაცემა, მაგრამ მოვიდა დრო, რომ მათი ეს დაპირებები სრუ
ლად შესრულდეს. სრულდება? – არა!
კაზრეთელო მშრომელებო, თქვენი ლეგიტიმური უფლებაა, რომ კომპანია RMG-მ განახორციელოს თქვენი ხელფასების ზრდა, რატომ? რადგან გენერალურ დირექტორს სერგეი ეგანოვს გაფიცულ მშრომელებთან 2013 წლის ნოემბრის შეთანხმების შესაბამისად ეს ჯერ კიდევ 2014 წლის იანვარში უნდა გაეკეთებინა. რატომ? რადგან კომპანია RMG-ის საწარმოო სიმძლავრეები სრულად აღდგენილია. კიდევ რატომ? რადგან ლარის კურსი ეცემა და სამომხმარებლო პროდუქტებზე კი ფასები იზრდება, შედეგი? მშრომელის ხელფასის მსყიდველობითი უნარი კატასტროფულად დაქვეითდა.
არავის დაავიწყდეს, რომ ჩვენი მშრომელების მიერ დიდი ჯაფით მოპოვებული და გადამუშავებული სპილენძი და ოქრო ექსპორტზე გადის და უცხოურ ვალუტაში იყიდება.
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი აცხადებს: თავისუფლება, თანასწორობა, ღირსება და უფლებები, სოლიდარობა, სოციალური სამართლიანობა უდიდესი მნიშვნელობის უფლებები და ღირებულებებია.
მშრომელებო, საქართველოს საზოგადოებავ, ერთად ვიმოქმედოთ, ვიღვაწოთ და ვიბრძოლოთ კიდეც, რომ ეს უფლებები და ღირებულებები ჩვენი ცხოვრებისა და შრომის საფუძველი გახდეს.
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირი
2 ოქტომბერი, 2015