კომპანია RMG – ის ოპერირების ქვეშ მოქმედ, ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში მდებარე ოქროსა და სპილენძის მომპოვებელ საწარმოებში ფუნქციონირებს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრი ორგანიზაციაა.
2014 წლის თებერვალ-მარტის თვეებში აღნიშნულ საწარმოებში დასაქმებულთა მასშტაბურ გაფიცვას ქონდა ადგილი, რომელიც 2014 წლის 25 მარტს, კომპანიასა და დასაქმებულთა ჯგუფს შორის დადებული შეთანხმებებით დასრულდა.
კაზრეთის გაფიცვა ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო, შესაბამისად მოლაპარაკებები ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების, კერძოდ კი პრემიერ-მინისტრის აპარატის წარმომადგენლის, ბექა ნაცვლიშვილის მეთვალყურეობითა და უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა.
მოლაპარაკებების სამედიაციო, იურიდიულ, სამართლებრივ და საკონსულტაციო მიმართულებებს კი პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური ბრძანებით დანიშნული მედიატორი, იურისტი ბატონი ირაკლი ყანდაშვილი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალური ექსპერტი ბატონი როჯერ ლეკური უზრუნველყოფდნენ.
მოლაპარაკებები მხარეებს შორის რამდენიმე შეხვედრას მოიცავდა და დაიდო სამი შეთანხმება 2014 წლის 14 მარტს, 21 მარტს და 23 მარტს. იმავე წლის 25 მარტს კი, როგორც შეთანხმებით იყო გათვალისწინებული გაფიცვა შეწყდა და საწარმოო ციკლი კომპანიის ყველა ობიექტზე დასაქმებულთა მხრიდან აღდგენილი იქნა.
კომპანიამ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების იგნორირება პირველივე კვირიდან დაიწყო – შეთანხმებით დადგენილ ვადებში არ შეიქმნა შრომითი დავების მომწესრიგებელი პარიტეტული კომისია, კომპანიის მხრიდან არ იქნა განხილული კოლექტიური ხელშეკრულების პროექტი, სახელფასო ბადეებში არსებული უთანასწორობები არ იქნა აღმოფხვრილი, შრომის ანაზღაურების მატების მიზნით არ მომხდარა საკითხის განხილვა, არ მოხდა დასაქმებულთა სპეცტანსაცმლით, სპეცფეხსაცმლით, დამცავი და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა.
2015 წლის 3 თებერვალს კომპანიის გენერალურ დირექტორს, ბატონ სერგეი ეგანოვს წერილის საშუალებით შევახსენეთ შეთანხმების არსებობისა და ვალდებულებების შესრულების აუცილებლობის შესახებ.
ზემოთაღნიშნული წერილის კომპანიის კანცელარიაში ჩაბარების მომენტიდან, კომპანიაში მოქმედი პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების ჩვენი წარმომადგენლები ინტენსიურად გვაწვდიან წერილობით და ზეპირ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მიდიან დასაქმებულებთან სამუშაო ადგილებზე, ხელში უჭირავთ წინასწარ გამზადებული განცხადების ბლანკები და სამსახურიდან განთავისუფლებისა და ,,სხვადასხვა პრობლემების შექმნის“ მუქარით აიძულებენ ხელი მოაწერონ პროფესიული კავშირის რიგებიდან გასვლის განცხადებებზე.
კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლების დისკრიმინაციული და დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, მობილური ტელეფონის საშუალებით პირადად ვესაუბრე კომპანიის ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს, მე მათ ავუხსენი, რომ მათი კოლეგების ქმედებებით იზღუდება დასაქმებულთა კონსტიტუციური უფლებები, რაც აკრძალულია საერთაშორისო კანონმდებლობით და დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით, იმავდროულად ვთხოვე, რომ უზრუნველეყოთ ამ პროცესის შეჩერება და ისიც ვუთხარი, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავდი პროკურატურას.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ უკვე იძულებისა და მუქარის ქვეშ ხელმოწერილი განცხადების ბლანკები ორგანიზებულად იქნა ჩაბარებული კომპანიის კანცელარიაში რამდენიმე ეტაპად. ალბათ დამეთანხმებით, გონივრულ ეჭვს იწვევს, როდესაც ინდივიდუალური ტიპის განცხადების რამდენიმე ათეული ბლანკის შესვლა ერთი პირის მიერ ერთ დღეს ფიქსირდება კანცელარიაში, ანუ კანცელარიაში განცხადების ბლანკები არც განცხადების დამწერს მიაქვს და არც ადრესატს, არამედ ვიღაც მე-3 პირს, რომელიც სავარაუდოდ კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლების დისკრიმინაციულ-დანაშაულებრივი ქმედებების მიზანმიმართული ან უნებლიე მონაწილე იყო.
პროფკავშირის არც ერთ წევრს, რომელიც კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლების დისკრიმინაციულ-დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად დისკრიმინაციის ქვეშ მოყვა და რომელთა ხელმოწერილი, პროფკავშირიდან გასვლის შესახებ წინასწარ მომზადებული განცხადების ბლანკები კომპანიის კანცელარიაში მოხვდა, ჩვენთვის არც ტელეფონით და არც პირადად არ უცნობებია, რომ პროფკავშირის წევრები აღარ არიან, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ პროფკავშირის რიგების დატოვების შესახებ მათი ნება არ გამოვლენილა და მათ ეს გადაწყვეტილება მუქარისა და იძულების მეთოდების გამოყენებით მიაღებინეს, ამავე დროს, უკვე მიმდინარე წლის 11 და 12 თებერვალს რამდენიმე მათგანმა ჩვენს წარმომადგენლებთან განაცხადეს, რომ როდესაც ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განცხადებაზე ხელის მოწერა აიძულეს, შეეშინდათ და სიტუაციიდან სასწრაფოდ თავის დაღწევის მიზნით მოაწერეს ხელი და მზად არიან ხელახლა დაწერონ პროფკავშირში გაწევრიანების განცხადება.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროფესიული კავშირის რიგებიდან გასვლის შესახებ განცხადების ის ბლანკები, რომელზეც პროფკავშირის წევრებს მუქარისა და იძულების მეთოდების გამოყენებით აწერინებენ, სრულებით არ ემთხვევა განცხადების ბლანკების ჩვენს მიერ შემუშავებულ ნიმუშს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლების გარკვეული ჯგუფის მიზანმიმართულობას და ასევე იმას, რომ ბლანკების დაბეჭდვა მათი მხრიდან წინასწარ და ორგანიზებულად მოხდა.
კომპანიის ადმინისტრაციამ პროფკავშირის წევრებზე ზეწოლის ფორმად იძულებითი მოცდენა გამოიყენა, ანუ მათ სამუშაოს არ აძლევს, მაგალითად ბელაზის მძღოლები, რომლებმაც თავიდან არ დაწერეს პროფკავშირიდან გასვლის შესახებ განცხადებები, მათ არ მისცეს სამუშაო და გააჩერეს მადნის გადაზიდვა, მათი ხელფასი კი გამომუშავებაზეა და ყოველი მოცდენილი საათი ხელფასის რაოდენობაზე უარყოფითად აისახება.
2015 წლის 18 თებერვლის მონაცემებით, 1000 წევრიდან აღარ არის დარჩენილი არც ერთი. ბოლო მომენტში ისეთი მასშტაბის დევნა და იძულება განახორციელეს დღეს, 18 თებერვალს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კომიტეტის წევრებმაც კი პროფკავშირიდან გასვლის განცხადებები დაწერეს.
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი თვლის, რომ სს ,,RMG Copper“-ისა და შპს ,,RMG Gold“-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ქმედებებში აშკარად იკვეთება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის, ევროპის სოციალური ქარტიის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 87-ე და 98-ე კონვენციების, საქართველოს შრომის კოდექსის მუხლი 402-ის დარღვევები და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, დასაქმებულებზე პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციისა და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის კუთხით.
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის სახელით დღეს მოხდება საქართველოს პროკურატურაში, საქართველოს პრემიერ მინისტრის აპარატში, შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროში, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში განცხადების შეტანა… საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილს უკვე დაეგზავნა ინფორმაცია მომხდარის შესახებ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას (ILO), პროფესიულ კავშირთა საერთაშორისო კონფედერაციას (ITUC) და პროფესიულ კავშირთა ევროპის კონფედერაციას (ETUC) ინფორმაცია გაეგზავნებათ დღეს.