გასული ორი კვირა დაძაბული იყო შპს ,,რუსთავის აზოტის“ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციისთვის. გაიმართა სამეტაპიანი მოლაპარაკებები პროფკავშირსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის. მოლაპარაკებების მთავარი მიზანი ციან-მარილების წარმოების რამდენიმეთვიანი იძულებითი მოცდენით გამოწვეული 200-მდე დასაქმებულის სოციალურ-ეკონომიკური შედეგების სიმძიმის შემსუბუქებისათვის გამოსავლის ძიება გახლდათ.
პროფკავშირის წარმომადგენლების – გელა ბიჭიაშვილის, გელა ჯობავას და მაია შუბითიძის შეთავაზებით, მოლაპარაკებების დროს ადმინისტრაციის მიერ განხილული იქნა ციან-მარილების წარმოების იძულებითი მოცდენის პროცესში დასაქმებულთა მდგომარეობის რამდენიმე ვარიანტი, რომელთაგანაც, შერჩეული იქნა ყველა ოპტიმალური ვარიანტი, კერძოდ: კომპანიის ადმინისტრაცია 50-მდე თანამშრომელს ციან-მარილების საწარმოშივე დაიტოვებს და მონაცვლეობით ამუშავებს, 30-მდე მუშაკს სამეურნეო საამქროში დროებით გადასვლას შესთავაზებს, ხოლო 120 ადამიანი გავა იძულებითი მოცდენის ეგრედწოდებულ ,,ტარიფულ“ შვებულებაში და მიიღებს შრომის ანაზღაურების 70%-ს, ნაცვლად 60%-ისა. ,,ტარიფული“ შვებულების ანაზღაურების 10%-იანი მატების შესახებ შეთანხმების მიღწევაც ზემოთაღნიშნული მოლაპარაკებების შედეგია.
კომპანიის ადმინისტრაციის და პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლები თვლიან, რომ პროცესი მძიმეა და ციან-მარილების წარმოების გარკვეული დროით იძულებით მოცდენაზე დაყენება ზარალის მომტანია კომპანიისთვისაც და მუშაკებისთვისაც, თუმცა აქვე თანხმდებიან იმაზეც, რომ გამოსავალიც ყველაზე ოპტიმალური იქნა შერჩეული, რაც ხანგრძლივი და დაძაბული მოლაპარაკებების შედეგია.
ამავე მოლაპარაკებებზე გაირკვა, რომ მუშაობა დაასრულა კომისიამ, რომელიც იხილავდა პროფკავშირის მიერ დაახლოვებით ნახევარი წლის უკან ინიცირებულს საკითხს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხაზე დასამატებელი პროფესიების შესახებ.
კომისიის მუშაობის შედეგად გენერალურ დირექტორს წარედგინა 26-კაციანი სია, რომლებიც ძირითად საამქროებში დასაქმებული ხარატები და დამლაგებლები არიან. პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გელა ბიჭიაშვილი ვარაუდობს, რომ დირექტორი პროექტს ხელს მოაწერს და გამოიცემა ბრძანება, რომლის შემდეგაც ეს ადამიანები მიიღებენ კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მავნეობის ფულად კომპენსაციას, ასევე კოლექტიური ხელშეკრულებით გათალისწინებულ რძეს ყოველ სამუშაო დღეზე და შრომის კოდექსით გათვალისწინებულ კუთვნილ შვებულებაზე დანამატს 10 კალენდარული დღის ოდენობით.