მიმდინარეობს საიტის განახლება

კოლექტიური ხელშეკრულებები – ბერკეტი დასაქმებულთა უფლებების დაცვისათვის

კოლექტიური ხელშეკრულება დასაქმებულთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტია. იგი არეგულირებს შრომის ნორმალურ პირობებს, სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და სამართლებრივ ურთიერთობებს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. შესაბამისად, მხარეები – პროფკავშირები და დამსაქმებლები, მოლაპარაკებების დროს მათ ხანგრძლივად და საფუძვლიანად განიხილავენ.

კოლექტიური ხელშეკრულება მოიცავს დასაქმების, სამუშაო დროის, ხელფასების, შრომის დაცვის, დამატებითი სოციალური გარანტიების, აგრეთვე სადაო საკითხების განხილვის, მხარეთა შორის კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პასუხსმგებლობის ამაღლების მექანიზმებს, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს საწარმოს წარმატებულ ფუნქციონირებას, დასაქმებულთა შრომითი უფლებებისა და სოციალური ინტერესების დაცვის სტანდარტებს. შრომითი კონტრაქტები აქ ერთი წლით განისაზღვრა. არა ნაკლებ სამი წლის განმავლობაში დასამებულებს კი მუდმივი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ.

კოლექტიური ხელშეკრულებების დადების შემდეგ, ხშირად ღამის ცვლაში და 24-საათიანი გრაფიკით მომუშავენი უზრუნველყოფილნი არიან უფასო ერთჯერადი კვებით, ღამისა და ზეგანაკვეთურ საათებში მუშაობა ნაზღაურდება ტარიფზე 40%-ის დამატებით, ხოლო უქმე დღეებში მუშაობა – ორმაგი ოდენობით. საწარმოს პერსონალი უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დაზღვევის პოლისით, გათვალისწინებულია სხვა სოციალური შეღავათები და მატერიალური წახალისების ფორმები.

ძველი, დისკრიმინაციული შრომის კოდექსის მიღების შემდგომ პერიოდში, წევრი ორგანიზაციებისა და პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების გარკვეულმა ნაწილმა შეძლო რთულ სამართლებრი გარემოსთან ერთგვარი ადაპტაცია, საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კოლექტიური ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ხარისხის გაუმჯობესებას.

დღეს კი გარკვეული წარმატებებია მიღწეული ხელფასების, განსაკუთრებით შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობების ზრდაში. წევრი ორგანიზაციების მთელ რიგ საწარმოებში მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმის 1,5-2,5 ოდენობისაა.

სოციალური დიალოგის საშუალებით, პროგრესი შეინიშნება მძიმე, მავნე და ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში მომუშავეთა, აგრეთვე ზეგანაკვეთური და ღამის საათებში მომუშავეთა შრომის ანაზღაურებაში, დასაქმებულთა სამუშაოდან გათავისუფლებისას, შრომის კოდექსით გათვალისწინებულზე გაცილებით მაღალი კომპენსაციების დადგენაში. ყველაფერი ეს შრომის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებისათვის ბრძოლის შემადგენელი ნაწილია.

თუმცა, ხარვეზები კვლავ ბევრია და თვალშისაცემი. დამსაქმებლების ერთი ნაწილი არ ასრულებს კოლექტიური ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, ზოგიერთები კი საერთოდ შრომის კოდექსსაც კი უგულველყოფენ. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არსებული პრობლემების დასაძლევად დღესაც იბრძვის და ამ ბრძოლას ყოველთვის გააგრძელებს! shrom