ადამიანმა თავის საბინადრო გარემოში ბევრი რამ შეცვალა. ამ ცვლილებას შეიძლება ადამიანის ბუნებასთან კონფლიქტი ვუწოდოთ. გარემოზე მავნე ზემოქმედება უკვე გლობალური მასშტაბებით გამოიხატება: კლიმატის ცვლილება, ოზონის შრის გამოფიტვა, მჟავე წვიმები, ბიოლოგიური სახეობების გადაშენება, გაკაფული ტყეები, ბუნებრივი რესურსების კრიზისი…
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა წყალთან დაკავშირებით. სუფთა წყალი დღეს დედამიწის მოსახლეობის 60 %-ს არ გააჩნია. წყურვილის მოსაკლავად ჩვენი პლანეტა ტბებს, მდინარეებსა და გრუნტის წყლებს იყენებს. მტკნარი წყლის აუზები კი ინდუსტრიული, სასოფლო-სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ჩანადენებითაა გადატვირთული. მდინარეები და ტბები კატასტროფულად ბინძურდება და იწამლება, რის გამოც სასმელი წყლის დეფიციტი სულ უფრო მწვავე ხასიათს იღებს.
ეს გლობალური მოვლენები საქართველოზეც აისახება. დღეისათვის ნახევრად არიდულ რეგიონებში ერთ მილიარდზე მეტი ადამიანი, მათ შორის, საქართველოს მოსახლეობის ნაწილიც ცხოვრობს. კლიმატის სიმშრალე ცოცხალი ორგანიზმისთვის აუცილებელი სითხის უკმარისობაში გამოიხატება.
უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში მოსულ რეკორდული რაოდენობის ნალექებს წინ სამწლიანი გვალვები უძღვოდა. 2011 წლის ზაფხულში კახეთში უნალექობისა და გადაჭარბებულად მაღალი ტემპერატურის გამო დიდი ფართობები გადაიწვა და ზარალმა 50 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოს მდინარეებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მდინარე მაშავერაში წლების განმავლობაში ბაყაყიც არ ყიყინებს, ცხენისწყალში დარიშხანის წარმოების ნარჩენები დაუბრკოლებლად ჩადის, ყვირილა შავი მოდის, მტკვარი კი _ ყვითელი.
კლიმატის შექმნის, რეგულირების თუ სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მიუხედავად, ჩვენს პლანეტაზე ტყიანი ფართობების შემცირება კატასტროფულ და შეუქცევად ხასიათს ატარებს: ყოველწლიურად დაახლოვებით 60 მილიონი ჰექტარი ტყე იჩეხება.
ევრაზიის შემაერთებელ ყელზე კლიმატს საქართველოს მთისა და კოლხეთის დაბლობის ტყეები არეგულირებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჭალის ტყეები. უახლოეს ისტორიულ წარსულში მტკვრისა და არაზის ნაპირებს ტუგაის ტყეები ფართო კლაკნილ ზოლად ეკვროდა და კასპიის ზღვამდე აღწევდა, დღეს კი პატარა კუნძულებად შემორჩა, რომელთა საერთო ფართობი 20 000 ჰექტარსაც არ აღემატება. დარჩენილი ნაწილიც გამოხშირულია და თანდათან ხმება. დიდი ხანია, რაც მტკვარმა ნიადაგისთვის სასიცოცხლო ლამით კვების ფუნქცია დაკარგა და მის შემოგარენში მცენარეული საფარი უკვე ბუნებრივად ქრება.
შეფასებითი მონაცემების მიხედვით, გასულ წლებში არალეგალური ჭრა ლეგალურს 5-ჯერ აღემატებოდა და ხე-ტყის წლიური ექსპორტი 2-2,5 მილიონ კუბურ მეტრს აღწევდა. მდგრადი მეტყევეობის განვითარების პირობებში ეს ციფრი კატასტროფული სულაც არ არის. საქართველოს წელიწადში 1,5 მილიონი კუბური მეტრი ხე-ტყის დამზადების რესურსი ნამდვილად გააჩნია. მით უმეტეს, რომ ჩვენში ძირითად სამრეწველო სახეობას წიფლის კავკასიური ძვირადღირებული ჯიში წარმოადგენს, რომელსაც ევროპის ბაზარზე დიდი გასავალი აქვს.
ტყის ჩეხვის თვალსაზრისით, კავკასიაში პირველი ადგილი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და კოლხეთის დაბლობს ეკავა. ტყით სარგებლობა დანაშაულის ყველა ტიპს მოიცავდა: ხე-ტყის ჭრა დაცული ტერიტორიების აკრძალულ ზონებში, ჭრა გამოყოფილი ტყეკაფის გარეშე, იშვიათი სახეობების ჭრა, ვადებისა და ნორმების დარღვევა, გაუწმინდაობა, მაღალჯირკიანობა თუ გამოტანის წესების დაუცველობა.
ეკოლოგიური კატასტროფები ზოგიერთ სახელმწიფოს უკვე ეროვნულ უბედურებად მოევლინა. ეს შეიძლება ითქვას ჩილეზე, რომლის თავზე გაჩენილმა მტვრის მასამ მოსახლეობა კანის კიბოთი დააავადა. ამის გამო 2009 წლის ტურისტული მარშრუტებიდან ჩილეს კურორტები მთელი ევროპის მასშტაბით ამოიღეს. ამ ქვეყანაში ჩასვლა უკვე სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ტოლფასია.