საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების
განცხადება
სააქციო საზოგადოება ”თბილსრესში“ 2016 წლის 29 ივნისს
მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით
სახელმწიფოს პასუხისმგებლობის
შესახებ2016 წლის 29 ივნისს გარდაბნის რაიონში, სააქციო საზოგადოება ”თბილსრესის“ სათბობ-სატრანსპორტო საამქროს (სამაზუთო მეურნეობა) ტერიტორიაზე მოხდა ტრაგიკული საწარმოო შემთხვევა. შემთხვევის შედეგად საწარმოში დასაქმებული ორი მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ერთი – ძლიერად მოიწამლა.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ორი დასაქმებული მამაკაცი მაზუთით სავსე, დაახლოებით 20-მეტრიან ავზში ჩავიდა საქაჩი მოწყობილობის (ტუმბოს) მონტაჟის მიზნით. ამ ავზში ჩასვლის შედეგად ორივე დასაქმებულმა მაზუთისგან გამოყოფილი მომწამლავი აირით მიიღო ინტოქსიკაცია, რაც გახდა მათი დაღუპვის ძირითადი მიზეზი. მათ დასახმარებლად ავზში ჩასულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მიიღო ინტოქსიკაცია და იგი მოწამვლის ნიშნებით გადაიყვანეს საავადმყოფოში.
წინასწარი მონაცემებით, 29 ივნისს სათბობ-სატრანსპორტო საამქროს (სამაზუთო მეურნეობა) ტერიტორიაზე აღნიშნული სამუშაოს წარმოებისას, სავარაუდოდ, არ იყო დაცული საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილებით „ელექტროსადგურებისა და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ: ამ სამუშაოს შესასრულებლად ადმინისტრაციის მიერ არ იყო გაცემული „განწეს-დაშვება“. მუშები არ იყვნენ აღჭურვილნი შესაფერისი აირწინაღებით და სხვა ინდივიდაულური დაცვის საშუალებებით.
ამ ტრაგიკულ და სხვა მრავალ საწარმოო უბედურ შემთხვევას კონკრეტული მიზეზები აქვს. სამწუხაროდ, საქართველში გრძელდება მკვლელი სამუშაო ადგილების არსებობის მიმართ წაყრუებისა და გარკვეულწილად, წახალისების პოლიტიკა. ამ პოლიტიკის ნაწილია ის ფაქტი, რომ 2006-2015 წლებში საქართველოში საერთოდ არ არსებობდა შრომის სახელმწიფო ინსპექცია, ხოლო 2015 წელს შექმნილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, შექმნის დღიდანვე ფაქტობრივად პარალიზებულია. უბედური შემთხვევების არსებული სავალალო სტატისტიკა და სხვა მრავალი ინდიკატორი ნათლად აჩვენებს, რომ თავად ფაქტი შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის არსებობისა, არაფერს ცვლის პოზიტიურობისკენ. სააქციო საზოგადოება ”თბილსრესში“ მომხდარი უბედურების თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს ბიზნეს საზოგადოება სერიოზულ ორგანოდ რომ აღიქვამდეს. უფლებამოსილების მრავალ დეფექტთან ერთად, აღნიშნულ დეპარტამენტს საწარმოებში/ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების ნორმების არათუ მოულოდნელი შემოწმების, არამედ გეგმიური ინსპექტირების უფლებაც კი არა აქვს.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას
1. დაუყოვნებლივ განახორციელოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები შრომის კოდექსში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებით სრულად აღჭურვილი შრომის სახელმწიფო ინსპექციის შესაქმნელად.
2. მიიღოს კანონი სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, რომელიც შრომის სახელმწიფო ინსპექციას, სხვა აუცილებელ ფუნქციებთან ერთად, მიანიჭებს შემდეგ უფლებებს:
ა) დამსაქმებლის წინასწარი ნებართვის გარეშე, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, განახორციელოს სახელმწიფო და კერძო საწარმოს/ორგანიზაციის როგორც გეგმიური, ასევე, არაგეგმიური ინსპექტირება.
ბ) საჭიროების შემთხვევაში, რეაგირების სხვა მექანიზმებთან ერთად, გამოიყენოს ფინანსური და ადმინისტრაციული სანქციები.
3. მიიღოს კანონი საწარმოო უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული დასაქმებულის ჯანმრთელობაზე და უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მშრომელის ოჯახისთვის მიყენებული ზიანის/ზარალის ავტომატურად (გარკვეული გამონაკლისების გათვალისწინებით) ანაზღაურების შესახებ.
4. ადეკვატურად გაზარდოს შრომის ინსპექტორების რაოდენობა, ჩამოაყალიბოს რეგიონული და საქალაქო/რაიონული ინსპექციები.
5. შექმნას შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის, საწარმოო უბედური შემთხვევების, პროფესიული დაავადებების და მათი გამომწვევი რისკ-ფაქტორების შესწავლის და ანალიზის ეროვნული ცენტრი.
6. შრომის სახელმწიფო ინსპექციის ეფექტურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით პოტენციური უარყოფითი რისკების პრევენციისა და მისი გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად, ამ ორგანოს მართვის კოორდინაცია და საქმიანობის მონიტორინგი განხორციელდეს სოციალური დიალოგის სამმხრივ ფორმატში მთავრობის, პროფესიული კავშირებისა და დამსაქმებელთა ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.