ყველა დაწესებულება თუ ორგანიზაცია, რომელშიც სრულ განაკვეთზე სულ ცოტა 25 ადამიანი მუშაობს, ვალდებულია დაასაქმოს ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რაოდენობა არ უნდა იყოს მთლიანად ორგანიზაციაში დასაქმებული პირების 4%-ზე ნაკლები
კერძო სექტორს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმება კანონით დაევალება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონსა და „საგადასახადო კოდექსში” შედის. ცვლილებები “მეწარმეთა შესახებ” კანონშიც შევა.
საკანონმდებლო ინიციატივა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ვალდებულებას და დამსაქმებელთა დამატებითი ვალდებულებების დაკისრებასა და საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფზე საგადასახადო შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს.
უფრო კონკრეტულად კი ყველა დაწესებულება, ორგანიზაცია, საწარმო, მისი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, რომელშიც სრულ განაკვეთზე დასაქმებულია სულ ცოტა 25 პირი, ვალდებულია ასევე დაასაქმოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.
დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რაოდენობა არ უნდა იყოს მთლიანად ორგანიზაციაში დასაქმებული პირების 4%-ზე ნაკლები. ვალდებულება ვრცელდება როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებზე.
დამსაქმებელი, რომელიც არ შეასრულებს კანონპროექტის მოთხოვნას, ვალდებულია, ყოველთვიურად გადაიხადოს დაწესებულებაში არსებული საშუალო ხელფასის საკომპენსაციო თანხა დასაქმებისა და რეაბილიტაციის ფონდში, რომელიც ასევე ამ კანონპროექტით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების მხარდაჭერის მიზნით იქმნება- საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დასაქმებისა და რეაბილიტაციის ფონდი.