27 აგვისტოს საქართველოს არქიტექტურის, მშენებლობისა და საშენმასალათა მრეწველობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა შპს “ჰაიდელბერგის“ კასპის ცემენტის ქარხანაში პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია დააფუძნა. ახალ პროფესიულ კავშირში 350 დასაქმებული გაწევრიანდა.
ორგანიზაციის პირველმა კრებამ საინტერესო და ემოციურ ვითარებაში ჩაიარა. წამოყენებული იყო მრავალი საინტერესო წინადადება. კასპის ცემენტის ქარხანაში დასაქმებულთა ძირითადი მოთხოვნებია: ხელფასების გაზრდა და შრომის პირობების გაუმჯობესება. გამოიკვეთა ორი საინიციატივო ჯგუფი, დასახელდა ორგანიზაციის თავმჯდომარის ორი კანდიდატურა და ფარული კენჭისყრის შედეგად, დასაქმებულებმა ადგილობრივი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარედ, რამაზ გიგილაშვილი აირჩიეს. ასევე აირჩიეს საკონტროლო–სარევიზიო კომისიის წევრები.
“ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ვმუშაობდით ამ საწარმოში პროფკავშირის დაარსებაზე და საბოლოო ჯამში სასიხარულოა, რომ ჩვენმა მცდელობებმა შედეგი მაინც გამოიღო. პროფკავშირში ჩემი მოსვლის პირველივე დღიდანვე აქცენტი ცემენტის ქარხნებზე გავაკეთეთ. მშენებლობაში ძირითადად კერძო კომპანიები ქმნიან ამინდს და ჭირს დასაქმებულებთან სათანადო კომუნიკაცია. თუმცა, უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ეს კომუნიკაციები თანდათან შედგა და კასპის ცემენტის ქარხანაში პროფესიული კავშირის შექმნა ამის ნათელი დასტურია“ – აცხადებს საქართველოს არქიტექტურის, მშენებლობისა და საშენმასალათა მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, მანანა კურტანიძე.
[fsg_gallery id=”6″]