საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ისტორია 1903 წლიდან იღებს საწყისს. თავისი ისტორია ამ პროფკავშირმა უაღრესად აქტიურად დაიწყო, როდესაც უთანასწორო ბრძოლაში ჩაება სამხედრო-ფეოდალურ იმპერიასთან , რათა დაეცვა მისი წნეხისაგან ფოსტის, სატელეფონო და სატელეგრაფო სამსახურების მუშაკები. საბჭოთა პერიოდში კავშირგაბმულობის სისტემას რადიო და სხვა ელექტრონული კაშირგაბმულობის საშუალებები დაემატა. მე-20 საუკუნის 80-იანი წლების მიწურულისთვის საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფკავშირის რიგები 35 ათას წევრამდე გაზარდა. პროფკავშირის წევრები 300-ზე მეტი პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის მეშვეობით კავშირგაბმულობის მთელ სისტემაში აქტიურად მოქმედებდნენ მშრომელთა ინტერესების დასაცავად.
დღეს საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფესიული კავშირი 1800-ზე მეტ წევრს, 2 გაერთიანებულ პროფკომიტეტსა და 68 პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას აერთიანებს. 2013 წლის 27 აგვისტოს ბორჯომის რაიონის დაბა ახალდაბაში საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფკავშირის მე-12 ყრილობაზე მორიგი ვადით კავშირის თავმჯდომარედ აირჩა სულიკო მაშია, კავშირის თავმჯდომარის მოადგილედნატო ხულორდავა და კავშირის გამგეობა- 11 წევრის შემადგენლობით.
1991 წელს საქართველოს სახელწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დატრიალებულმა ყოვლის მომცველმა კატაკლიზმებმა თავისი ნეგატიური გავლენა კავშირგაბმულობის სფეროსაც დაატყო. ნაჩქარევმა და მოუმზადებელმა პრივატიზაციამ, კავშირგაბმულობის სფეროს მყისიერმა განკერძოებამ სწრაფად მოშალა მუშაკთა სოციალური დაცვის მექანიზმები და გააქარო ამ სფეროში რამდენიმე ათეული ათასი სამუშაო ადგილი.
ახალმა ვითარებამ პროფკავშირებს მოქმედების ახალი საშუალებების ძებნა დაავალდებულა. ახალი ეკონომიკური სისტემის პირობებში საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფკავშირის მთავარი სამუშაო ინსტრუმენტი გახდა დამსაქმებლებთან კოლექტიური შრომითი მოლაპარაკებები. ამ ინსტრუმენტის მეშვეობით პროფკავშირი ცდილობდა მაქასიმალურად დაეცვა დასაქამებულთა შრომითი, მატერიალური და სოცილაური ინტერესები. დასაქმებულთათვის ხელსაყრელი კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების მიღწევა პროფკავშირის ყურადღების ცენტრში მოექცა. პროფკავშირის აქტივობის შედეგად მე-20 საუკუნის 90-იან წლებში კოლექტიური შრომითი მოლაპარეკებების შედეგად კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებები დაიდო შემდეგ ეკონომიკურ სუბიექტებთან : სააქაციო საზოგადოება „გაერთიანებული ტელეკომი“ (ყოფილი „საქართველოს ელექტროკავშირი“), სააქციო საზოგადოება „ საქართველოს ტელეფონმშენი“, სააქციო საზოგადოება – ტრესტი „საქართველოს კავშირმშენი“ , სააქციო საზოგადოება „მაცნე“, შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ფოსტა“, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ საქართველოს ტელე-რადიოცენტრი“.
დრო შეუჩერებელია და მას ახალი რეალობა მოაქვს. 21-ე საუკუნის დამდეგს კავშირგაბმულობის ბევრი საწარმო გამსხვილდა, ბევრი მათგანის გასხვისებაც მოხდა, შედეგად ამ სფეროში კვლავ შემცირდა სამუშაო ადგილები. შექმნილ რთულ ვითარებაში საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფკავშირის აქტივობა არ შეჩერებულა. პროფკავშირმა კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებები გაფორმა სააქციო საზოგადოება „ სილქნეტ“ -თან ( ყოფილი სააქციო საზოგადოება „გაერთიანებული ტელეკომი“) და შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ტელე-რადიოცენტრ“-თან.
საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფკავშირის თავჯდომარე სულიკო მაშია აღნიშნავს : „ამ კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება იოლი არ ყოფილა. დაგვჭირდა რამდენიმე საპროტესტო აქციის გამართვა და ხანგრძლინი კოლექტიური შრომითი მოლაპარაკებები. გაწეულმა შრომამ კონკრეტული შედეგები გამოიღო, დასაქმებულებმა მიიღიეს დამსაქმებლის მიერ დაფინანსებული სამედიცინო დაზღვევა, გათვალისწინებულ იქნა ხელფასებისა და ბონუსების პერიოდული ზრდა, პროფკავშირის თანამონაწილეობით ფუნქციონირება დაიწყო სოციალური დახმარების ორმხრივმა კომისიებმა. ამ კომისიებში პროფკავშირის წარდგენით პროფკავშირის წევრებზე გაიცემა მატერიალური დახმარებები : ბავშვის შეძენისას ან შვილად აყვანისას – 500 ლარი, დასაქმებულის ან მისი ოჯახის წევრის გარდაცვალებისას – 300 ლარი, ასაკთან ან სამუშაო სტაჟთან დაკავშირებულ საიუბილეო თარიღზე – 100-50 ლარი. მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების შესაბამისად დამსაქმებლები ამ მიზნით გამოყოფენ არანაკლებ 100 000 ლარს.
პროფკავშირის წარდგინებით მუშაკს დამსაქმებელი უფინანსებს იმ დაავადებების მკურნალობის ხარჯებს, რომელსაც არ ფარავს სამედიცინო დაზღვევის პოლისი. პროფკავშირის ძალისხმევით სააქციო საზოგადოება „სილქნეტი“-ს მიერ კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა მშრომელი ქალებისთვის განსაკუთრებული სამუშაო პირობები. იმ ქალბატონებს ვისაც ორი და მეტი 10 წლამდე ასაკის შვილი ჰყავთ, სრული ხელფასისი შენარჩუნებით სამუშაო დღე შეუმცირდათ 1 საათით. მათ შვებულება მიეცემათ პირადი მოთხოვნილების შესაბამისად.“ პროფკავშირის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ჯერ კიდევ საქართველოს შრომის კოდექსში პროგრესული ცვლილებების განხორცილებამდე, საააქციო საზოგადოება „სილქნეტ“-ში და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ფოსტა“-ში პროფკავშირის ყველა იმ წევრისთვისვისი შრომითი სტაჟი ამ საწარმოში ერთ წელს აღემატებოდა, შრომითი ხელშეკრულებების უვადოდ გაფორმება.
მართალია დღეს ვითარება შეცვლილია, მაგრამ პროფკავშირმა მაინც მიაღწია, რომ სააქციო საზოგადოება „სილქნეტ“-ში პროფკავშირის წევრი დასაქმებულის შრომითი ხელშეკრულების ვადა 2 წელია, მაშინ როცა არა წევრი დასაქმებულებისა 1 წელი. ხოლო მძიმე და მავნე პირობებში მომუშავეებს დამატებით ეძლევათ 10 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ტელე-რადიოცენტრში“ მძიმე და მავნე პრიობებში დასაქმებულებს, პროფკავშირის ძალისხმევით ხელფასზე 10-12 % -იანი დანამატი ეძლევათ. პროფკავშირის მოთხოვნით ზეგანაკვეთურ სამუშაო საათებზე მუშაკები ანაზაღაურებას იღებენ ტარიფის 1,1-1,5 ოდენობით.
ეს ფაქტები მეტყველებენ რომ პროფკავშირი კოლექტიური შრომითი მოლაპარაკებებით რეალურად ახდენს ცვლილებებს მშრომელთა სასარგებლოდ.პროფკავშირიგულწრფელია სოციალურ დიალოგში და სოციალური პარტნიორობის პრინციპით მოქმედებს.
მიუხედავად ამისა პროფკავშირის კეთილი ნებას ყოველთვის სოცილაური პარტნიორობით არ პასუხობენ, ეს კი პრობლემებს ქმნის.
საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის სულიკო მაშიას განცხადებით: „ სრულიად მოულოდნელი იყო, როდესაც ახალი მთავრობის პირობებში დანიშნულმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ „საქართველოს ფოსტის“ ყველა, 2600-ზე მეტი მუშაკი, რომელთაც კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად უვადო შრომითი ხელშეკრულება გააჩნდათ, კალმის ერთი მოსმით 1 თვიან შრომით ხელშეკრულებაზე გადაიყვანა. ნათელი იყო, რომ ახალ გენერალურ დირექტორს სურდა მუშაკების სამსახურიდან მისთვის უპრობლემოდ გაშვება და თანაც ისე რომ მათთვის არ მიეცა ის მცირედი ფულადი კონპენსაცია ( 1თვის ხელფასის მოცულობით), რომელიც დაწესებული იყო საქართველოს შრომის ძველი კოდექსით.
ამ მოქმედებით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ფოსტა“-დან 150-ზე მეტი მუშაკი სწრაფად იქნა განთავისუფლებული, მათი სამუშაო ადგილები კი ახალი მენეჯმენტის ახლობლებმა დაიკავეს. პროფკავშირმა ეს უსამართლობა გააპროტესტა. 2013 წელს მან ორჯერ მიმართა საქართველოს იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, 2014 წელს ასევე ორჯერ მიმართა საქართველოსამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, მიმართვები ასევე გაეგზავნათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, როგორც „საქართველოს ფოსტის“ უშუალო ზემდგომს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს, საქართველოს სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს. ბევრის მეტყველია რომ სამთავრობო წრეებიდან პროფკავშირის ამ მიმართვებს არანაირი პასუხი არ გაეცა. პროფკავშირმა ორჯერ საპროტესტო აქციაც გამართადა, შემდგომ მისივე ინიციატივით სასმართლოებში 47 სარჩელი შევიდა. ამ სარჩელების მოთხოვნა იყო: კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, უკანონოდ დათხოვნილი მუშაკების სამუშაოზე აღდგენა და მათთვის იძულებით განაცდურის ანაზღაურება, ახალი კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.“
პროფკავშირის მიერ სამართლებრივი მეთოდებით მუშაკთა კანონიერი ინტერესების დაცვას კონკრეტული შედეგი მოჰყვა. სადღეისოდ სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა 9 სარჩელი – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ფოსტა“-ს დაევალა ამ მუშაკების სამსახურში აღდგენა და მათთვის იძულებით განაცდურის ანაზღაურება, რაც ჯამში 100 ათას ლარს აღემატება. სხვა სარჩელები ასევე განიხილება სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში.
პროფკავშირის თავმჯდომარე სულიკო მაშია სინანულით აღნიშნავს: „პროფკავშირის კეთილ ნებას და სოციალური პარტნიორობისთვის მზადყოფნას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ფოსტა“-ს დირექტორატმა „ყვითელი“ პროფკავშირების შექმნით უპასუხა, სადაც „კეთილი რჩევით“ „საქართველოს ფოსტა“-ში დასაქმებულთა აბსოლიტური უმრავლესობა „გააწევრიანეს“. დირექტორატი დასრულებული კოლექტიური შრომითი მოლაპარაკების ფონზე უარს ამბობს ხელი მოაწეროს საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფკავშირთან სამართლიან კოლექტიურ შრომით ხელსეკრულებას. ასეთი წინააღმდეგობების მიუხედავად პროფკავშირმა მაინც მიაღწია „საქართველოს ფოსტა“-ს მუშაკებისთვის გრძელვადიან შრომით ხელშეკრულებებს“.
საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე სულიკო მაშია ოპტიმისტურად არის განწყობილი. იგი აცხადებს: „ჩვენი პროფკავშირი კვლავაც გააგრძელებს თავისი წევრებისა და საქართველოს კავშირგაბმულობის სფეროში დასაქმებული მშრომელების შრომითი, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივ უფლებებისა და ინტერესების წარმომადგენლობას. ჩვენ მუდამ კავშირზე ვიქნებით სამართლიანობის დასაცავად, მშრომელთა იმედების გასამართლებლად. წარმატებები იქნება თუ ჩვენ ყველა ერთად სოციალური პარტნიორობის პრინციპითვიხელმძღვანელებთ ჩვენს ყოველდღიურ მუშაობაში“. თქმა არ უნდა რომ პროფკავშირის მიერ ორგანიზებულ და აქტიურად მოქმედ, საერთო სტრატეგიითა და ტაქტიკით შეკრულ, კოორდინირებულ მშრომელებს მართლაც შეუძლიათ დასახული მიზნების განხორციელება.
დავით არაბიძე