მხოლოდ 12% აცხადებს, რომ შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების დადებითი შედეგები იგრძნო
commersant.ge–ს გამოკითხვაში მონაწილეთა უმრავლესობის შეფასებით, შრომის კოდექსში შესული ცვლილებების მიუხედავად, მათი შრომითი უფლებები კვლავ დაუცველია. ისინი კი, ვინც ამ მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესებას ამჩნევს, უმცირესობაში. არიან.
მიმდინარე სამუშაო კვირის განმავლობაში, commersant.ge–მ მკითხველებს დაუსვა შეკითხვა: „შრომის კოდექსში ცვლილებების შესვლის შემდეგ, გაუმჯობესდა თუ არა თქვენი შრომითი უფლებები?“ მკითხველების პოზიციები ასე გადანაწილდა:
გაუმჯობესდა–12%
გაუარესდა–15%
არ შეცვლილა, ჩემი შრომითი უფლებები აქამდეც დაცული იყო – 20%
არ შეცვლილა, ჩემი შრომითი უფლებები კვლავ დაუცველია – 53%.
გამოკითხულთა უმრავლესობის პოზიციაზეა პროფკავშირები. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომ არის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, როდესაც სახელმწიფოს არ აქვს განცდა და სურვილი, კანონმდებლობა სრულდებოდეს და ამისთვის შესაბამისი დაწესებულებები ჰქონდეს, ბუნებრივია დამსაქმებელი მითუმეტეს არ შეასრულებს შრომის კოდექსს და თუ საშუალება ექნება, სიამოვნებით აარიდებს თავს ამ კანონის შესრულებას.
მისივე განცხადებით, შრომის კოდექსში შესული ცვლილებები ამ კანონს ხდის უფრო ცივილიზებულს და არ არღვევს დასაქმებულის უფლებებს. რეალობაში კი გვრჩება ის სიტუაცია, რაც გვქონდა ძველი შრომის კოდექსის მოქმედების პირობებში. “ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა ამბიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თავის მიერვე მიღებული ცვლილებები დასულიყო მოქალაქეებამდე. კვლავ პრობლემად რჩება ზეგანაკვეთური შრომა, კონტრაქტების საკითხები და ასე შემდეგ“ – აცხადებს პეტრიაშვილი.
შეგახსენებთ, შრომის კოდექსში ცვლილებები დაახლოებით ერთი წელია შევიდა.